შარშან ამ ამბავზე მსოფლიო მედია წერდა. ქალის ფოტოებმა, რომელსაც ჩემოდნით მოკლული შვილის ცხედარი გადაჰქონდა, სოციალური ქსელები მოიარა. სასამართლო კი ახლა დასრულდა და 35 წლის ირინა შატოვას 18 წელი მიუსაჯეს...
შემთხვევა შარშან ზაფხულში რუსეთში მოხდა. ძიებით დადგინდა, მან 9 წლის ვაჟი თოკით დაახრჩო, შემდეგ კი ჩემოდანში მოათავსა. როგორც ქალის ადვოკატები ამბობენ, ისინი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. თავად შატოვა სასამართლოს დარბაზში არ ტიროდა, ამბობდა, რომ დანაშაულს ინანიებს, თუმცა მონანიება სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ გამხდარა.
ირინამ ჩემოდანი ნაგვის ურნასთან დატოვა. უსახლკარო მამაკაცმა იმ იმედით, რომ ჩემოდანში რაიმეს მისთვის სასარგებლოს იპოვიდა, გახსნა და ბიჭის ცხედარი ნახა. ადგილზე მალევე სამართალდამცავები გამოჩნდნენ და მტკიცებულებების ძებნა დაიწყეს.
ქუჩის კამერების დახმარებით, მოკლული ბავშვის დედის კვალს მალევე მიაკვლიეს. როდესაც პოლიციელები ირინა შატოვას სახლში მივიდნენ, ის ადგილზე არ დახვდათ. რამდენიმე საათის შემდეგ, სასტუმროს სახურავზე აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, ქალი თვითმკვლელობას ცდილობდა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი დაკავება მოახერხეს.
თავდაპირველად, ქალმა თქვა, რომ მისი ვაჟი მევალეებმა მოკლეს, რადგანაც მათთვის ფულის გადახდას ვერ ახერხებდა. ამ ინფორმაციამ საზოგადოება შეძრა. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ შატოვა იტყუებოდა.
როგორც ცნობილია, ირინა ვაჭრობდა, თუმცა ძალიან ბევრი ვალი დაუგროვდა. მისი მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ქალს დახმარებოდნენ. რამდენიმე ბინაც კი გაყიდეს და ფული ირინას გადაურიცხეს. მაგრამ, ქალმა კვლავ წარუმატებელი ინვესტიცია განახორციელა.
როდესაც სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა, ქალმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა. მაგრამ, როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ირინას შვილი განსაკუთრებით უყვარდა და მისი მარტო დატოვება არ სურდა. ამიტომ, ჯერ ბავშვი მოკლა, შემდეგ კი თავად სცადა თვითმკვლელობა, მაგრამ პოლიციამ მისი აყვანა შეძლო.
პროკურატურა მისთვის 19-წლიან პატიმრობას ითხოვდა. სასამართლო პროცესი ერთი თვე გრძელდებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ირინას მამა სასამართლო დარბაზში იყო, კაცი შვილს არ ამართლებდა, თუმცა მომხდარს მაინც ვერ იჯერებდა. მამაკაცმა გაიხსენა, რომ მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ირინა შვილთან ერთად მათ აგარაკზე იყო და ნავით სეირნობდა...
საბოლოოდ, ქალს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
დაკავებულია ირინას ყოფილი მეუღლე, სერგეი. როგორც ცნობილია, ის ცდილობდა, ცოლს ვალების გადახდაში დახმარებოდა. ამ მიზნით, კაცი ამერიკაში გაემგზავრა. თუმცა, დააპატიმრეს და სასჯელს მექსიკის ციხეში იხდის.