წლების წინ მონრეალის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დატრიალებულმა უბედურებამ მთელი მსოფლიო შეჩრა. ტექნიკუმში შეიარაღებული პირი შეიჭრა, სტუდენტებს შორის გოგონები გამოარჩია და ცეცხლი გაუხსნა მათ.
სროლის დროს 14 სტუდენტი გოგონა დაიღუპა. თავდამსხმელი, 25 წლის მარკ ლეპინი, მიზანმიმართულად ესროდა ქალ სტუდენტებს, რადგან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფემინიზმს ადანაშაულებდა საკუთარ ცხოვრებისეულ წარუმატებლობებში, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ქალების არსებობა კი მამაკაცების ადგილის მითვისებად მიაჩნდა.
ეს ტრაგედია ცნობილია როგორც „მონრეალის მასობრივი მკვლელობა“ (Montreal Massacre) და მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა კანადაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიაში. 6 დეკემბერი კანადაში ოფიციალურად აღინიშნება როგორც „ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ეროვნული დღე“.
მარკ ლეპინი 1964 წლის 26 ოქტომბერს ფრანგ-კანადელი დედისა და ალჟირელი მამის ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში მამის გარეშე დარჩა და მარტოხელა დედამ აღზარდა. ბიჭი ბავშვობიდან ჩაკეტილი, არაკომუნიკაბელური ბუნების იყო. ლეპინი სამხედრო სამსახურისგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლებული იყო. ძალიან უყვარდა საშინელებათა ფილმები.
სკოლაში ლეპინი კარგად სწავლობდა და მომავალში მონრეალის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტზე ჩაბარებას აპირებდა. საბოლოოდ, სწორედ ამ ფაკულტეტზე ჩაიდინა მან მასობრივი მკვლელობა.
დანაშაულის მიზეზები
დანაშაულის მიზეზებზე სხვადასხვა ვერსიები არსებობდა. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ლეპინი ფემინიზმის მოძულე გახლდათ. ამას ნაწილობრივ 1989 წლის 6 დეკემბერს განვითარებული მოვლენები ადასტურებს. მკვლელობის იარაღად გამოყენებული იყო შაშხანა, რომელიც ლეპინმა 1989 წლის 21 ნოემბერს შეიძინა. გამყიდველს უთხრა, რომ სანადიროდ უნდოდა. შემდგომი შვიდი დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით ვაზნები და სანადირო დანაც მოიმარაგა. ლეპინმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კურსებიც გაიარა.
მომხდარის მიზეზებზე ბევრი კამათია, განსაკუთრებით ეს საკითხი 2006 წლის სექტემბერში გამწვავდა, როცა დოუსონის კოლეჯში 25 წლის კიმვირ ჯილიმ სროლა მოაწყო. ინციდენტის შემდეგ ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მიზეზი რეალობის შეგრძნების დაკარგვა იყო საშინელებათა ფილმების ხშირი ყურების გამო, ასევე სოციალური ცვლილებები, რომელთა გამოც მან სამსახური დაკარგა, რასაც პიროვნების დეგრადაცია მოჰყვა.
2006 წლის 13 სექტემბრის შემდეგ ანალიტიკოსებმა ივარაუდეს, რომ ლეპინმა, ისევე როგორც ჯილმა, დაკარგა ცხოვრებისადმი ინტერესი, თავს მარტოსულად და სრულიად უსარგებლოდ გრძნობდა. სძულდა სამყარო იმის გამო, რომ იმიგრანტების შვილი.
უკანასკნელი დღეები და თვითმკვლელობის წერილი
მოგვიანებით ლეპინის ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა, განაცხადა: "იმ დილას მარკი თავის თავს არ ჰგავდა; იდგა და უყურებდა ცარიელ მაცივარს და ვერც კი შემამჩნია, როცა შევედი. მოგვიანებით, როცა დავბრუნდი, ვნახე, რომ მან მთელი ჭურჭელი დარეცხა და საწოლი გაასწორა. მაგიდაზე ვნახე მისი წერილი, მაგრამ უკვე გვიანი იყო". თვითმკვლელობის წერილში ლეპინი წერდა:
"მაპატიეთ შეცდომები, მხოლოდ 15 წუთი მქონდა ამის დასაწერად.
თუ დღეს თავს მოვიკლავ, გთხოვთ, დაწერეთ, რომ ეს არ გამიკეთებია ეკონომიკური მიზეზებით, არამედ პოლიტიკური მიზეზებით, რადგან გადავწყვიტე შემოქმედთან გამეგზავნა ფემინისტები, რომლებიც ყოველთვის მიწამლავდნენ ცხოვრებას. შვიდი წლის ასაკიდან ჩემს ცხოვრებაში არაფერი კარგი არ მომხდარა. როდესაც საბოლოოდ დავკარგე მის მიმართ ინტერესი, გადავწყვიტე გამენადგურებინა ეს ფურიები...
ახალგაზრდობაში მსურდა შეიარაღებულ ძალებში მემსახურა და არსენალზე წვდომა მიმეღო. მაგრამ არ მიმიღეს ასოციალურობის მიზეზით... აი, რატომ ველოდი ამდენ ხანს ჩანაფიქრის განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ მედია მომაკერებს იარლიყს "შეშლილი მკვლელი", მე თავს ვთვლი გონიერ ადამიანად, რომელიც უკიდურეს ზომებამდე მიიყვანეს. რისთვის ვათრევთ ჯიუტად საცოდავ არსებობას - მთავრობის სასიამოვნოდ? ფემინისტები ყოველთვის აღმაშფოთებდნენ. მათ სურთ შეინარჩუნონ ქალების უპირატესობები (მაგალითად, უფრო იაფი დაზღვევა, ხანგრძლივი დეკრეტული შვებულება) და ამავე დროს მიითვისონ მამაკაცების უფლებებიც."
1989 წლის 6 დეკემბრის მოვლენები
იმ დღეს, 16:00 საათის შემდეგ მალევე შეიარაღებული მარკ ლეპინი მონრეალის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტის შენობაში შევიდა. ის დიდხანს დადიოდა დერეფანში.
მარკ ლეპინი შენობაში ადვილად შევიდა, რადგან მონრეალის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მაშინ კონტროლის მკაცრი ზომები არ არსებობდა. იმ პერიოდში, უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში უსაფრთხოების სისტემები გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე დღეს. შენობაში შესვლისას არ გაუვლია არანაირი შემოწმება. ეცვა ჩვეულებრივი ტანსაცმელი და ჩანთით მოჰქონდა იარაღი და ტყვიები. თავდაპირველად არავის შეუმჩნევია მისი საეჭვო ქცევა.
მეორე სართულზე, დაახლოებით 17:00 საათზე ავიდა. პირველად ესროლა სტუდენტ გოგონას, მაგრამ ააცილა და გოგონამ გაქცევა მოახერხა. 5 წუთის შემდეგ აუდიტორიაში შეიჭრა, სადაც საინჟინრო მექანიკის ლექცია მიმდინარეობდა და დაახლოებით 60 კაცი ესწრებოდა. მან განაცხადა: "ქალები მჭირდება!".
შემდეგ ლეპინმა უბრძანა სტუდენტებს, რომ დაყოფილიყვნენ ბიჭებად და გოგონებად. რატომღაც სტუდენტებმა ლეპინის ქმედება ხუმრობად ჩათვალეს. თუმცა მარკმა ჭერში გაისროლა და აჩვენა, რომ ნამდვილად არ ხუმრობდა.
მას შემდეგ, რაც ცხრა გოგონა გამოეყო დანარჩენებს, ლეპინმა უბრძანა ყველა ბიჭს დაეტოვებინა აუდიტორია, რაც შესრულდა კიდეც. ამის შემდეგ მან ჰკითხა დარჩენილ სტუდენტ გოგონებს: "იცით, რატომ ვარ აქ?". მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა გოგონამ უარყოფითად უპასუხა, ლეპინმა თქვა: "მე მოვედი ფემინიზმის დასასრულებლად!".
სხვა სტუდენტმა გოგონამ, ნატალი კროტომ, შეპასუხება სცადა და თქვა: "მაგრამ ჩვენ არ ვართ ფემინისტები, ჩვენ მხოლოდ ქალები ვართ, რომლებიც ვსწავლობთ საინჟინრო მექანიკას, რათა მომავალში კარგი სამსახური მივიღოთ და ნორმალურად ვიცხოვროთ!", მაგრამ ლეპინმა გაბრაზებით დაიყვირა: "თქვენ ყველანი ფემინისტების ჯოგი ხართ!" და მაშინვე გაუხსნა ცეცხლი გოგონებს. მან ექვსი ადამიანი მოკლა, მათ შორის პროფესორი და სამი გოგონა დაჭრა, მათ შორის კროტო. შემდეგ დაწერა დაფაზე სიტყვა "ნაგავი" და აუდიტორია დატოვა.
ამის შემდეგ ლეპინმა სროლა მეორე სართულზე დაიწყო და სამი სტუდენტი გოგონა დაჭრა. შემდეგ შევიდა სხვა აუდიტორიაში, სადაც ცდილობდა სტუდენტი გოგონებისთვის ესროლა, მაგრამ კარაბინი მეორე გასროლისას გაიჭედა. სანამ ლეპინი ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობდა, ყველა სტუდენტმა დატოვა ოთახი.
კარაბინის გადატენვის შემდეგ მსროლელმა დერეფანში კიდევ ერთი სტუდენტი გოგონა მოკლა და რამდენიმე დაჭრა.
შემდეგ ლეპინი საგანგებო კიბით ჩავიდა პირველ სართულზე, სადაც სასადილოში შეიჭრა და კიდევ ერთი სტუდენტი გოგონა მოკლა. ერთი, რომელიც მაგიდის ქვეშ იმალებოდა, დაჭრა. შემდეგ დამნაშავემ მის სხეულს გადააბიჯადა სამზარეულოს ზონაში გადავიდა, სადაც დამალული ორი სტუდენტი გოგონა მოკლა.
შემდეგ თავდამსხმელი მესამე სართულზე ავიდა, სადაც დერეფანში ორი სტუდენტი ბიჭი და ერთი გოგონა დაჭრა. დაახლოებით 17:25 საათზე ერთ-ერთ აუდიტორიაში შევიდა, სადაც ასევე უბრძანა ბიჭებს, დაეტოვებინა აუდიტორია. ამის შემდეგ ისევ გახსნა ცეცხლი და კიდევ რამდენიმე გოგონა მოკლა. ამის შემდეგ ავიდა აუდიტორიის ბოლო რიგში, მოიხადა ქუდი და თავი მოიკლა.
დანაშაულის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა აღმოაჩინეს ლეპინის ჯიბეში ჩანაწერი შემდეგი ტექსტით: "ფემინისტებმა დაანგრიეს ჩემი ცხოვრება. მე შური ვიძიე". ასევე მასთან აღმოჩენილი იყო დაახლოებით 60 გამოუყენებელი ვაზნა, სიგარეტის კოლოფი და სანადირო დანა.