იურისტები თამარ კერძაია და ტარიელ კაკაბაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" სამშენებლო ბიზნესში დაზარალებული ადამიანების უფლებების შესახებ საუბრობენ და აღნიშნავენ, რა ბერკეტები აქვთ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ბინა დროულად არ გადაეცათ ან უხარისხოდ შესრულებული სარემონტო სამუშაოების გამო დაზარალდნენ:
თამარ კერძაია: - სამწუხაროდ, ვერაშენებული კორპუსები, უხარისხოდ აშენებული და გარემონტებული ბინები სამშენებლო ბიზნესში კვლავ უმწვავეს პრობლემად რჩება. ეს ეხება ისეთ სამშენებლო კომპანიებსაც, რომლებზეც შესაძლოა, ვერც წარმოვიდგინოთ. ამხელა პროექტს აკეთებენ და როგორ შეიძლება, რომ არაპროფესიონალები იყვნენ და ბინა ვერ ჩაგვაბარონ?!
მაგალითად, ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა სამშენებლო კომპანიამ 4 წელია, ბინა მომხმარებელს ვერ ჩააბარა, როცა 2020 წელს უნდა ჩაბარებოდათ. ასეთ შემთხვევაში, ბინის მყიდველს, მომხმარებელს, აქვს არა მხოლოდ იმის უფლება, რომ პროექტის დროულად დასრულება მოითხოვოს, არამედ მას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც შეუძლია. თუ მომხმარებელი ბინის გაქირავებას აპირებდა, იმ წუთიდან, როცა მას ბინა უნდა ჩაბარებოდა, ანაზღაურების მოთხოვნა შეუძლია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მყიდველმა უნდა იზრუნოს, რომ შესაბამისი დასაბუთება წარადგინოს, რომ გაქირავებას აპირებდა. ის ზიანი, რაც მას მიადგა, აუცილებლად მთლიანად უნდა ანაზღაურდეს.
რაც შეეხება ხარისხს, ასეთ შემთხვევაში, კომპანიამ არა მხოლოდ ზიანი უნდა აანაზღაუროს ანუ დააბრუნოს ის თანხა, არამედ თუ უხარისხო პროდუქტმა გამოიწვია რაიმეს დაზიანება, ან წყლის გაჟონვა ან სხვა ზიანი, რომელიც მესაკუთრეს ან მეზობლებს მიადგა, ნებისმიერი ზიანი, რაც უხარისხო პროდუქციით იყო გამოწვეული, სარემონტო კომპანიამ უნდა აანაზღაუროს.
ტარიელ კაკაბაძე: - იმისათვის, რომ საზოგადოება კარგად ინფორმირებული იყოს, მინდა განვმარტო: არსებობს ასეთი მუხლი - მომხმარებლის მოტყუება. შეიძლება ადამიანმა 500 ლარის ღირებულების, მაღალი ხარისხის ნივთი იყიდოს და 50-ლარიანი ნივთი გაუგზავნონ. პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის, რომ ეს დასჯადი ქმედებაა. მნიშვნელოვანია, ადამიანებს ავუხსნათ, რომ აღნიშნული ქმედება შეიძლება, სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლით დაკვალიფიცირდეს და დამამძიმებელი გარემოების შემთხვევაში, ეს მუხლი შესაძლოა, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდეს. აქედან გამომდინარე, ყველა, ვინც მსგავს დანაშაულებრივ საქმეებს ჩადის, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგანაც თუ დაზარალებული ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს, ამ ყველაფერმა შეიძლება, დანაშაულის ჩამდენი პირის თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს.
მშენებლობებთან დაკავშირებით არაერთი შემთხვევაა. კვირა არ გავა, რომ ადამიანი არ მიეცეს პასუხისგებაში აღნიშნული მუხლით. მინდა, კონკრეტული მაგალითი გითხრათ. მაგალითად, გვაქვს შეთანხმება, რომ კომპანიამ კერძო სახლი უნდა ამიშენოს. შეთანხმებით, 100 ათასი დოლარი უნდა გადავცეთ, აქედან 70 ათასი დოლარით უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები უნდა შეიძინოს, ხოლო 30 ათასი დოლარი მომსახურების საფასური იქნება. ადგა ეს კომპანია და 70 ათასი დოლარით კი არ შეიძინა სამშენებლო მასალები, არამედ 20 ათასი დოლარით ძალიან მდარე ხარისხის მასალები იყიდა. დანარჩენი თანხა, 50 ათასი დოლარი, კომპანიის დირექტორმა საკუთარ ანგარიშზე ჩაირიცხა. რა თქმა უნდა, ეს უკვე მითვისება, სისხლის სამართლის დანაშაულია, დამამძიმებელი გარემოებები აქვს - ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის თანხის მითვისება, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.