"გარდატეხის ასაკი" 2025 წლის ყველაზე განხილვად და რეიტინგულ სერიალად უკვე დაასახელეს. მშობლებისა და მოზარდების მძიმე ხვედრი და ბრძოლა გადარჩენისთვის, თანამედროვე სამყაროს გამოწვევებში, განათლების სისტემის ხარვეზები, სოცმედიისა და ტელევიზიის მიერ თავსმოხვეული სტერეოტიპები და მათი მსხვერპლი ბავშვები, არასრულწლოვანთა დამნაშავეობა... - ეს და კიდევ ბევრი აქტუალური და მწვავე თემაა განხილული მინი-სერიალში, მწვავედ და დამაჯერებლად, ორიგინალური ხერხებით, რითაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ფილმის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად კი უდაოდ იქცა 14 წლის მსახიობი ოუენ კუპერი, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში ზრდასრული და გამოცდილი მსახიობის ოსტატობით თამაშობს და მას უკვე უწინასწარმეტყველებენ დიდ მომავალს.
ნეტფლიქსის ახალი სერიალის მთავარი როლისთვის პატარა მსახიობს მთელ ბრიტანეთში ეძებდნენ. კასტინგზე მოდიოდნენ მოზარდები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ გამოცდილება კინოსა და ტელევიზიაში, თუმცა ოუენს გაუმართლა, რომელსაც აქამდე არსად არ უთამაშია. როგორც რეჟისორი ფილიპ ბარანტინი ამბობს, ოუენმა გამოავლინა ისეთი თვისებები და შესაძლებლობები, რაც მას ზრდასრულ მსახიობებშიც კი იშვიათად უნახავს. "ზოგი წლობით სწავლობს, მაგრამ ამ სიმაღლეებს ვერ აღწევს", - აღნიშნა რეჟისორმა.
როგორც ოუენი ამბობს, მსახიობობაზე წლების წინ დაფიქრდა. თუმცა ადრეული ბავშვობიდან უფრო ფეხბურთელობაზე ოცნებობდა. "არ ვიცი, უცებ მსახიობობა რატომ მომინდა. მერე სწავლა დავიწყე და უფრო და უფრო მომეწონა. პატარა სააგენტოში მოვხვდი და ჩანაწერი გავგზავნე "გარდატეხის ასაკის" კასტინგზე. ასე დაიწყო ყველაფერი", - ყვება ოუენი.
კუპერი უკვე შენიშნეს ჰოლივუდში და რეჟისორებისგან უამრავი წინადადება მიიღო. უკვე დაამტკიცეს "ქარიშხლიანი უღელტეხილის" ახალ ეკრანიზაციაზე და კიდევ რამდენიმე ფილმზე.