კანიე უესტმა კვლავ აღაშფოთა საზოგადოება სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებებით. ამჯერად ეს ბიონსეს და ჯეი-ზის შვილებს ეხებოდა. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში 47 წლის რეპერმა ისინი "განუვითარებლებად" მოიხსენია და განაცხადა, რომ წყვილს ხელოვნური განაყოფიერების მეთოდი უნდა გამოეყენებინა.
"ვინმეს ოდესმე უნახავს ჯეი-ზის და ბიონსეს უმცროსი შვილები? ისინი სიტყვასიტყვით განუვითარებლები არიან. აი რატომ არის ხელოვნური განაყოფიერება მისწრება. ასეთი შვილების გაჩენა არჩევანია", - დაწერა უესტმა, გულისხმობდა წყვილის ტყუპ შვილს, რუმის და სერს. მოგვიანებით მან წაშალა პოსტი, თუმცა განმარტა, რომ კი არ ნანობდა ნათქვამს, არამედ ანგარიშის დაბლოკვის შეეშინდა.
კანიეს მორიგი სკანდალური განცხადება მისი ყოფილი მეუღლის, კიმ კარდაშიანის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. Page Six-ის ინფორმაციით, კიმთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, ის "შეძრული" და "შოკირებული" იყო უესტის სიტყვებით. "კიმს ყველაფერი მობეზრდა და შეწყვიტა კანიესთან გონივრული ურთიერთობის მცდელობა", - აცხადებს ინსაიდერი, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კარდაშიანის აზრით, უთანხმოების მიუხედავად, ბავშვები არ უნდა იქცნენ საჯარო თავდასხმის ობიექტად.
უესტს ჯეი-ზისთან ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც რეპერის მენტორი იყო მისი კარიერის დასაწყისში. ისინი პირველად 2000 წელს შეხვდნენ, როდესაც კანიემ ტრეკების პროდიუსირება დაიწყო იმ კომპანიისთვის, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ჯეი-ზი იყო. 2007 წელს კანიე უესტმა გამოუშვა ტრეკი Big Brother, რომელიც მათ მეგობრობას ეძღვნებოდა. თუმცა, ხელოვანებს შორის ურთიერთობა გაფუჭდა მას შემდეგ, რაც ჯეი-ზი და ბეიონსე უესტისა და კიმ კარდაშიანის ქორწილს 2014 წელს არ დაესწრნენ. მოგვიანებით, GQ-სთან ინტერვიუში უესტმა აღიარა, რომ ამან მას ტკივილი მიაყენა, ხოლო 2018 წელს ინტერვიუშუ აღნიშნა: "ნაწყენი ვიყავი, რომ არ მოვიდნენ. მესმის, რომ მათ თავიანთი პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ თუ ეს ოჯახია, ქორწილის გამოტოვება არ შეიძლება".
გარდა ამისა, კიმსა და კანიეს შორის უთანხმოება რეპერის ახალი სიმღერის ანონსის შემდეგ გაძლიერდა, რომელშიც მათი 11 წლის ქალიშვილი მღერის პი დიდისთან ერთად. ამ უკანასკნელს კი გაუპატიურებასა და სექს-ტრეფიკინგში ედება ბრალი. როგორც Daily Mail იტყობინება, კარდაშიანი აპირებს ამ ტრეკის ოფიციალური გაშვების აკრძალვას და სასამართლოში მიმართვას, რათა ის სოციალური ქსელებიდანაც წაიშალოს.