"მე უბრალოდ მინდოდა ეს გამეკეთებინა", - უთხრა საკუთარ მამას სატელეფონო საუბრისას 25 წლის უეიდ უილსონმა მას შემდეგ, რაც მანქანით გადაუარა დაიანა რუიზს. 43 წლის ფლორიდელი ქალი მამაკაცის მეორე მსხვერპლი გახდა მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში: რამდენიმე საათით ადრე მან კრისტინ მელტონი გაგუდა, რომელიც ბარში წინა დღეს გაიცნო. ამ მკვლელობების გამოძიებას თითქმის ხუთი წელი დასჭირდა - მხოლოდ 2024 წლის ივნისში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მკვლელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
კეიპ-კორალი ფლორიდის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ ცხოვრობდნენ 35 წლის კრისტინ მელტონი და 43 წლის დაიანა რუიზი - და მიუხედავად იმისა, რომ ქალები ერთმანეთს არ იცნობდნენ, 2019 წლის ოქტომბერში უეიდ უილსონთან შეხვედრა ორივესთვის საბედისწერო აღმოჩნდა, ხოლო შემდგომი მოვლენების დეტალები ამერიკული მედიის ყურადღების ობიექტი გახდა მრავალი თვის განმავლობაში.
კეიპ-კორალში მელტონი დუპლექსში ცხოვრობდა - პატარა სახლში, რომელიც ორ ნაწილად იყო გაყოფილი. გამომუშავებულ ფულს ქალი არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მეზობლად მცხოვრები ხანდაზმული დედის დასახმარებლადაც ხარჯავდა.
თავისუფალ დროს კრისტინ მელტონი მეგობართან სტეფანი სეილორსთან ერთად ატარებდა - ასევე იყო 2019 წლის 6 ოქტომბრის საღამოსაც, როდესაც მეგობრებმა ერთ-ერთ ბარში წასვლა გადაწყვიტეს. ის კეიპ-კორალიდან მხოლოდ 20 წუთის სავალზე მდებარეობდა. ღამით, სეილორსის მოგონებების თანახმად, ისინი ზედა სართულზე მდებარე ბარში ადიოდნენ, როდესაც მათ წინ "მოულოდნელად" უეიდ უილსონი გამოჩნდა. ის პირველი გაეცნო გოგონებს. როგორც სტეფანიმ მოგვიანებით გაიგო, სხვისი სახელით წარდგა - მელტონის მეგობარი, უკვე სასამართლოში, გაიხსენებს, რომ მამაკაცი მაშინ "მეგობრული და მომხიბვლელი" ეჩვენა.
"ყველა მხიარული და მთვრალი იყო. არაფერი საშიში არ ხდებოდა", - თქვა სეილორსმა ჩვენების მიცემისას, აღნიშნარა, რომ არაფერი საგანგაშო არც მას და არც მელტონს იმ საღამოს არ შეუმჩნევია, ხოლო თავად უილსონს იმ მომენტში სახეზე ტატუები ჯერ არ ჰქონდა.
ბარის დახურვის შემდეგ გოგონები უილსონთან ერთად იმ ბიჭის სახლში წავიდნენ, რომელიც იმავე საღამოს გაიცნეს. იქ რამდენიმე საათი ერთად გაატარეს, დილით კი სამივემ დატოვა ახალი მეგობრის სახლი. სეილორსი მეგობარს დაემშვიდობა, პირობა დადეს, რომ "მეორე დღეს" შეხვდებოდნენ. თუმცა, ეს აღარასოდეს მომხდარა.
იმის შესახებ, რომ მელტონს რაიმე საშინელება შეიძლება შემთხვეოდა, იმ დღეს სამსახურში გასულ სტეფანის აზრადაც არ მოსვლია: ქალი დარწმუნებული იყო, რომ კრისტინს, რომელსაც 7 ოქტომბერს დასვენების დღე ჰქონდა, უბრალოდ "ეძინა" წვეულების შემდეგ, ამიტომაც არ პასუხობდა მის შეტყობინებებს და ზარებს. იმავე დღეს პოლიციამ მელტონის სხეული მის საკუთარ სახლში იპოვა: უცნობმა ის გაგუდა, შემდეგ კი ხალიჩაში გაახვია.
სტეფანი სეილორსის მსგავსად, 7 ოქტომბერს დილით სამსახურში გაემართა დაიანა რუიზიც - ბარი, სადაც ის მუშაობდა, მისი სახლიდან ნახევარი მილის დაშორებით მდებარეობდა. ბოლოს ის მისმა უმცროსმა ვაჟმა ზეინმა ნახა. კოლეგები აღნიშნავდნენ, რომ რუიზს ბარში ხუთი წლის მუშაობის განმავლობაში არცერთი ცვლა არ გაუცდენია - ამიტომ მისი ძალიან უცნაურად მოეჩვენათ, რომ სამსახურში არ გამოცხადდა. გაირკვა, რომ ქალი სახლში არც დაბრუნებულა, რის შემდეგაც განგაში ატეხეს და პოლიციაში განაცხადი შეიტანეს. რუიზის ცხედარი მხოლოდ სამი დღის შემდეგ იპოვეს - მისი სხეული გაგუდვის კვალით და გადატეხილი კისრით ერთ-ერთი ადგილობრივი ბარის უკან მდებარე მინდორზე აღმოაჩინეს.
როგორც მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, 7 ოქტომბერს, სამსახურში მიმავალი დაიანა უეიდ უილსონმა გააჩერა - მამაკაცმა უთხრა, რომ თითქოს დაიკარგა და რუიზს სთხოვა მისთვის გზის ჩვენება. ქალი, დახმარების სურვილით, მანქანაში ჩაუჯდა. უილსონმა ის გაგუდა. შემდეგ სხეული მანქანიდან გადმოათრია, მაგრამ დაინახა, რომ დაიანა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, კვლავ დაჯდა საჭესთან და მანქანით გადაუარა თითქმის 20-ჯერ. შემდეგ გადაათრია სხეული ახლომდებარე ბუჩქებში და გაიქცა. ამ და სხვა დანაშაულის დეტალების გაგების შემდეგ, რუიზის საქმრო, სკოტ ჰენონი, სასამართლოში განაცხადებს: "ეს ურჩხული იყო ბოლო, ვინც მასთან ისაუბრა. ყველაფერი, რის თქმაც შემიძლია მისთვის - იმედი მაქვს, ჯოჯოხეთში დალპები".
ორივე მკვლელობის დეტალების შეგროვება პოლიციას ნაწილ-ნაწილ მოუხდა - თუმცა, მათი პოვნა არც ისე რთული აღმოჩნდა, რადგან უეიდმა უამრავი სამხილი დატოვა, დაწყებული საკუთარ მამასთან სატელეფონო ზარებით და დამთავრებული საგზაო კამერების ობიექტივში მოხვედრით. მისი ზოგიერთი საქციელი აბსურდულად შეიძლება ჩაითვალოს - და სწორედ ისინი იქნა გამოყენებული ადვოკატების მიერ უილსონის დასაცავი ხაზის შესაქმნელად.
მამაკაცი 2019 წლის 8 ოქტომბერს დააკავეს - კრისტინ მელტონის ცხედრის აღმოჩენიდან მეორე დღეს. იმ დროისთვის უილსონი უკვე ოჰაიოში იმყოფებოდა: იქ ის ადგილობრივი ხანდაზმული წყვილის სახლში შეიჭრა, ხოლო მანამდე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დაინახეს, როგორ "სისხლიანი და უმაისურო" დაეხეტებოდა ქუჩებში. პოლიციის ანგარიშის თანახმად, დაკავების დროს უილსონი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
უეიდ უილსონის მკვლელობებში ბრალეულობის ყველაზე სერიოზული მტკიცებულება გახდა მამამისის, სტივენ ტესტასეკის ჩვენება. სწორედ მას დაურეკა ახალგაზრდა კაცმა 7 ოქტომბერს, აღიარა რა ჩადენილი დანაშაული. "მან თქვა: "მე მკვლელი ვარ", - გადმოსცა საუბრის შინაარსი სტივენმა სასამართლო პროცესზე, თავდაპირველად ეგონა, რომ მისი შვილი უბრალოდ რაღაცას იგონებდა. შვილის სიტყვები რომ სიმართლე იყო, სტივენმა ამის გაცნობიერება მხოლოდ მეორე ზარის შემდეგ შეძლო, როცა უილსონმა იმავე დღეს, მოგვიანებით განახორციელა.
დანაშაული ირიბად თავად უეიდ უილსონმაც აღიარა.ყველა ეს მტკიცებულება საკმარისი აღმოჩნდა უეიდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გახსნისთვის. თუმცა, მის საქმეზე გამოძიება რამდენიმე წელი გაგრძელდა: დაკავების და ბრალდებების წარდგენის შემდეგ მალევე დაიწყო პანდემია, შემდეგ - #BlackLivesMatter-ის პროტესტები, რის გამოც სასამართლო სხდომები და ექსპერტიზები მუდმივად ჭიანურდებოდა.
საპატიმროში მოხვედრის შემდეგ, უეიდ უილსონმა რადიკალურად შეიცვალა გარეგნობა - მან სახეზე რამდენიმე ტატუ გაიკეთა, მათ შორის სვასტიკის გამოსახულება.
სასამართლო პროცესის დროს გამოვლინდა ორი ქალის მკვლელობის ახალი დეტალებიც. ასე, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ უილსონი მელტონს თავს დაესხა, როდესაც მას ეძინა. უეიდის ქმედებებმა ქალი გააღვიძა: კრისტინი ცდილობდა ფიზიკურად წინააღმდეგობის გაწევას და თავს იცავდა - ამაზე მიუთითებს დამტვრეული ფრჩხილები, სხეულზე სილურჯეები და თავის ტვინის შეშუპება. რაც შეეხება რუიზს, უილსონმა ჰკითხა, როგორ მისულიყო სკოლამდე - რატომ გადაწყვიტა ქალმა დაჯდომა უცნობის მანქანაში, ექსპერტებმა და სასამართლომ ვერ გაარკვიეს.
უილსონის ადვოკატები ბოლომდე ცდილობდნენ დაცვის ქვეშ მყოფისთვის რაც შეიძლება მსუბუქი განაჩენის მიღწევას - მაგალითად, მსაჯულების ყურადღებას ამახვილებდნენ სასამართლო ექსპერტის სიტყვებზე, რომ შეუძლებელია სიზუსტით თქმა, იყვნენ თუ არა მსხვერპლნი "გონზე გაგუდვის მომენტში". სასამართლომ უარყო ეს არგუმენტები, დაჟინებით ამტკიცებდა, რომ კვალი მსხვერპლთა სხეულებზე მკაფიოდ მიუთითებს, რომ ქალები არა მხოლოდ გააზრებულად ხვდებოდნენ, რა ხდებოდა მათ თავს, არამედ ცდილობდნენ თავის დაცვას თავდამსხმელისგან.
სასამართლოში გამომსვლელთა შორის იყო ფსიქიატრიც - ის რამდენჯერმე გაესაუბრა როგორც თავად უეიდს, ასევე მის ახლობლებს, რათა ჩადენილი დანაშაულის მიზეზები გაერკვია. ექსპერტის თქმით, ბავშვობაში უილსონი არ ავლენდა დევიანტური ქცევისკენ მიდრეკილებას. ცვლილებები მის ხასიათში მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიჭს13 წელი შეუსრულდა - ახლობლების თქმით, ის უფრო "გაღიზიანებული, ჩაკეტილი, პარანოიდული გახდა". ფსიქიატრმა მაგალითად მოიყვანა ისტორია, რომელიც დამნაშავის დედამ უამბო: როდესაც 15-16 წლის იყო, ის გამუდმებით კეტავდა და ფარდებით ფარავდა სახლის ფანჯრებს, ამის მიზეზად კი ასახელებდა, "ადამიანებს ქუჩაში, რომლებსაც ოჯახის დაზიანება სურდათ".
სპეციალისტის თქმით, უეიდის ქცევაში ასეთი მკვეთრი ცვლილება, სავარაუდოდ, ფსიქიკური აშლილობის არსებობაზე მიუთითებს (საუბარი შეიძლება იყოს როგორც შიზოფრენიაზე, ასევე ბიპოლარულ პიროვნულ აშლილობაზე), რომელიც დროულად არ იქნა დიაგნოსტირებული. მკურნალობის არარსებობამ, ექიმებთან მეთვალყურეობაზე და მედიკამენტების მიღებაზე უარის თქმამ სავარაუდოდ, დაავადების გამწვავება, პარანოიის განვითარება, ჰალუცინაციების გაჩენა და სიბრაზისა და აგრესიის უკონტროლო აფეთქებები გამოიწვია უკვე ზრდასრულ ასაკში. თუმცა ცალსახა და ზუსტი დიაგნოზისთვის ფსიქიატრმა გამოკვლევებისთვის მეტი დრო ითხოვა.
ასე იყო თუ ისე, ამ დანაშაულის სისასტიკის და იმის გამო, რომ უილსონი შეგნებულად იღებდა სიამოვნებას მკვლელობით, ნაფიცმა მსაჯულებმა სასჯელის ყველაზე მკაცრი ფორმა, სიკვდილით დასჯა აირჩიეს. თუმცა საბოლოო განაჩენი ბოლო სხდომაზე მოსამართლეს უნდა გამოეტანა.
ფლორიდაში სიკვდილით დასჯის აღსრულება ჩვეულებრივ ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში რეიფორდში ხდება. ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელია სიკვდილით დასჯის ჩატარებაზე — ის შეიძლება იყოს "კერძო შემსრულებელი" — უხდიან ჰონორარს 150$ ოდენობით, ხოლო მისი ვინაობა ანონიმური რჩება.
სიკვდილით დასჯის ფორმატს, როგორც სავარაუდოა, თავად მსჯავრდებული ორი ვარიანტიდან ირჩევს: სასიკვდილო ინექცია და ელექტროსკამი. ამ ზომების გარდა, ამერიკაში სიკვდილით დასჯა ასევე შესაძლებელია ჩამოხრჩობით, დახვრეტით ან აზოტის ჰიპოქსიით, რომელიც შედარებით ახლახან გამოჩნდა.
სიკვდილით დასჯის მოლოდინის ვადა შეიძლება გაგრძელდეს ათი ან თუნდაც ოცი წლის განმავლობაში: მაგალითად, სიკვდილით დასჯაზე მსჯავრდებულთა ნახევარზე მეტი, იურისტების გამოთვლებით, უკვე 18 წელია ელოდება განაჩენის აღსრულებას. ასეთი ხანგრძლივი პროცესი განპირობებულია ადვოკატების მცდელობებით აპელაციების მეშვეობით მიაღწიონ განაჩენის შემსუბუქებას ბრალდებულებისთვის.
აგვისტოს ბოლოს სასამართლომ უეიდ უილსონს ორი სიკვდილით დასჯა მიუსაჯა — თითო ყოველი ჩადენილი მკვლელობისთვის. მოსამართლე ნიკოლას ტომპსონმა, გადაწყვეტილების გამოცხადებისას, აღნიშნა, რომ "მტკიცებულებები აჩვენებს, რომ მკვლელობები იყო საშინელი, ველური და სასტიკი", ხოლო დაიან რუიზის მიმართ ძალადობა იყო "ცივი, გათვლილი და წინასწარგანზრახული". ახლა უეიდ უილსონი — შტატის 279 დამნაშავეთაგან ერთ-ერთია, რომლებიც ელოდებიან სიკვდილით დასჯას. ბოლო ფოტოების მიხედვით, რომლებიც გავრცელდა, საკმაოდ მოიმატა წონაში და გარეგნულად ძალიან შეცვლილია.