2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყო და 2 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. სწორედ ამ პერიოდში აბიტურიენტები საგანთა ჩამონათვალს, საგამოცდო ქალაქს ირჩევენ, პირად ინფორმაციას ავსებენ და ამავდროულად, მიუთითებენ, აქვთ თუ არა სპეციალური საჭიროება. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი, რომელთა შესახებაც აბიტურიენტებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ სურვილის შემთხვევაში, ცვლილებები განახორციელონ:
თუ თქვენ დარეგისტრირდით და საგანთა ჩამონათვალი აირჩიეთ, მაგრამ რომელიმე საგნის, პირობითად, ისტორიის მათემატიკით ჩანაცვლება, ან ჩამონათვალში სხვა საგნის დამატება გსურთ, ან კიდევ საგამოცდო ქალაქად თბილისი მიუთითეთ და სხვა ქალაქში გინდათ ჩაბარება, 3 აპრილიდან 10 აპრილის 18:00 საათამდე აბიტურიენტს საგანთა ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა და საგამოცდო ქალაქის შეცვლა შეუძლია.
გარდა ამისა, წელს საგამოცდო ვადებთან დაკავშირებით სიახლეა - თუ თანხა 2 აპრილის 18:00 საათამდე გადაიხადეთ, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ დარეგისტრირდით, რეგისტრაციის გავლა 10 აპრილის 18:00 საათამდე შეგეძლებათ.
დაიმახსოვრეთ, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ სარეგისტრაციო განაცხადში მხოლოდ პროგრამების დამატებას ან წაშლას შეძლებთ. ჩასაბარებელ საგნებს, საგამოცდო ცენტრსა და სხვა დეტალებს ვეღარ შეცვლით.
10 აპრილის 18:00 საათიდან აბიტურიენტებს მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის შეცვლა, პროგრამების არჩევის, წაშლის, გადანაცვლების საშუალება ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საგამოცდო ცენტები გაიხსნება: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, თბილისში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. ინფორმაციას ვრცლად შეგიძლიათ, აბიტურიენტთა ცნობარში გაეცნოთ.
თამარ იაკობაშვილი