ბიანკა ცენზორი და კანიე უესტი უკვე 2 წელია, დაქორწინებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში მათი დაშორების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, წყვილს პერიოდულად ერთად მაინც აფიქსირებენ. როდესაც მათი რომანის შესახებ გახდა ცნობილი, ბევრი წერდა, რომ ერთად მაქსიმუმ 2 თვე იქნებოდნენ და შემდეგ დაშორდებოდნენ. პროგნოზები მცდარი აღმოჩნდა... ქორწინება იმაზე ხანგრძლივი და მყარი გამოდგა, ვიდრე ვარაუდობდნენ. თუმცა, ბოლო დროს განქორწინებასთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდება. უფრო მეტიც, წყვილთან დაახლოებული წყაროები ირწმუნებიან, რომ ბიანკა ცენზორი კანიე უესტისგან რეალურ საფრთხეს გრძნობს და შეშინებულია.
Page Six-ის ცნობით, ბიანკას ქმრის ძალიან ეშინია და ცდილობს, მას რაც შეიძლება მალე დააღწიოს თავი.
"ვფიქრობ, ბიანკას დაშორება უნდა, მაგრამ ეს ადვილი არ არის. კანიე მისი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს აკონტროლებს.“ - თქვა წყვილთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ. მაგრამ, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, რადგან უესტი ახლა იაპონიაშია, ხოლო ცენზორი ლოს-ანჯელესში რჩება.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს ისინი ერთად საზოგადოებაში თებერვალში ნახეს. წყარო ამბობს, რომ ბიანკა რეპერისგან გაქცევას ცდილობს, მაგრამ უესტი არ უშვებს და ყოველ ჯერზე უკან აბრუნებს.
ცნობილია ისიც, რომ როგორც კი უესტმა ამერიკის შეერთებული შტატები დატოვა, ცენზორი მისი სახლიდან წავიდა და სასტუმროში გადავიდა.
ოჯახში არსებულ პრობლემებზე საუბარი გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. იმ დროს წყვილი იაპონიაში ცხოვრობდა და ერთად იშვიათად აფიქსირებდნენ. მაშინაც გაჩნდა ჭორები, რომ ბიანკა კანიეს დაშორდა, მაგრამ ვარაუდები არც ერთხელ გამართლდა. ყოველი ჭორის შემდეგ ცენზორი და უესტი საზოგადოებაში ერთად ჩნდებოდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ.
თუმცა, წელს გაცილებით მეტი წყარო იუწყება, რომ წყვილს ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები აქვს. გარდამტეხი მომენტი „გრემის“ დაჯილდოება იყო, სადაც ცენზორი, ფაქტობრივად, შიშველი გამოჩნდა. ფაქტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაშინ სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი წერდა, რომ ბიანკა ცენზორს კანიე უესტმა აიძულა, საზოგადოების წინაშე მსგავსი ფორმით გამოჩენილიყო. ცენზორი იქამდეც, სრულიად უცნაური, ნახევრად შიშველი ჩნდებოდა. დაჯილდოების შემდეგ უესტმა ებრაელებისა და ჭარბწონიანი ქალების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა. გარდა ამისა, ღიად გამოხატა პი დიდისადმი მხარდაჭერა და რეპერის გათავისუფლება მოითხოვა. ამიტომ, ბიანკას სურს ქმარი მიატოვოს და ბულინგს თავი დააღწიოს, თუმცა როგორც წყაროები ამბობენ, გათავისუფლებას ვერ ახერხებს.