მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ 16 წლის მარიამ კოხრეიძის ისტორია გაიგო, გოგონას უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა და მან თურქეთში, ხალხის დახმარებითა და დავით ოქროპილაშვილის განსაკუთრებული მონდომებით, მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაიტარა. მარიამს არაერთი ადამიანი უჭერს მხარს და მისი გამოჯანმრთელების პროცესსაც სწორედ დავით ოქროპილაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოებითა და ფოტოებით ადევნებს თვალყურს.
თუმცა, მარიამი არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც დავით ოქროპილაშვილი, მეტსახელად დანტესი დაეხმარა, საზოგადოება გააერთიანა და ყოველდღიურობა შეცვალა. წლების განმავლობაში, დავითი არაერთ ოჯახში მივიდა, დაეხმარა ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ, ბავშვებს ოცნებები აუხდინა, საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესა და ბედნიერი დღეები აჩუქა. სოციალურ ქსელში მას საკმაოდ დიდი პლატფორმა აქვს, სადაც კონკრეტული ადამიანების შესახებ გვიყვება, შემდეგ საზოგადოება ერთიანდება, თანხის მობილიზებას იწყებს და ასე იცვლება იმ ხალხის ყოველდღიურობა, რომლებსაც სხვადასხვა პრობლემა აქვთ. არაერთხელ ყოფილა მოხუცთა თავშესაფარში, ასევე მისი მეშვეობით გაიცნო საზოგადოებამ გიო, რომელმაც ყულაბაში შეგროვილი თანხა ხანდაზმულებს აჩუქა, მერე კი დავითის სოციალურ ქსელში მობილიზებული ხალხის დახმარებით, თავად არაერთი საჩუქარი მიიღო საახალწლოდ.
მას შემდეგ, რაც მარიამმა თურქეთში ოპერაცია ჩაიტარა და როგორც აღვნიშნეთ, მისი ისტორია საზოგადოებას, სწორედ დავით ოქროპილაშვილმა გააცნო, მის მიმართ ინტერესი კიდევ მეტად გაიზარდა. დავითის შესახებ ბევრმა ადამიანმა იცის, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც მის შესახებ ახლა შეიტყვეს.
ქუთაისელი ფოტოგრაფი, დავით ოქროპილაშვილი, იგივე დანტესი, 10 წელზე მეტია, ადამიანებს იღებს. საინტერესო კადრების პარალელურად, ფოტოგრაფმა კამერაზე, როგორც აღვნიშნეთ, არაერთი ადამიანის გასაჭირი ასახა და მათთვის მნიშვნელოვან იმედად გადაიქცა.
იქამდე, ვიდრე დავითი ძირითად საქმიანობასთან ერთად, ადამიანებს ქველმოქმედებისთვის გააერთიანებდა, უფრო მეტ ყურადღებას ფოტოგრაფიას უთმობდა, ქუჩაში ადამიანებს უღებდა და საინტერესო კადრებით აბედნიერებდა. სწორედ იმ პერიოდში მასზე სიუჟეტი გადაცემამ "დილა მშვიდობისა საქართველო" მოამზადა და სიუჟეტიდან რამდენიმე საინტერესო დეტალს გაგიზიარებთ, რომ უკეთ გაიცნოთ:
"ერთი ის ვიცი, რომ კადრი, რომელსაც დღეს გადავიღებ, იმ წამიდან ისტორიულია. ის წამი პაუზდება, რომელიც აღარასდროს განმეორდება. ადამიანების გადაღებისას ჩარჩოები არასდროს მაქვს. განსაკუთრებით აქცენტი მოხუცებზე მაქვს იმიტომ, რომ საინტერესო პერსონები არიან. თითოეული გამოცდილება, თითოეული წელი, ტკივილი, სიხარული, სახეზე აქვთ. ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, ადამიანები და პიროვნებები ეპოქას ქმნიან. მათი სახეები, თვალები, ემოციები ქმნის იმ ისტორიას, რომელიც ფოტოებით მაქვს გადმოცემული. სწორედ ამიტომაა, რომ ჩემს ობიექტივში ადამიანები უფრო ხშირად ხვდებიან, ვიდრე ბუნება, შენობები, არქიტექტურა და ასე შემდეგ. ყველაზე მთავარი არის ის, რომ დადგმული არაფერია. ადამიანთან მივდივარ, ვესალმები, ვუღებ და ყველაფერი ბუნებრივად მიდის. მიხარია, რომ ჩემს ფოტოალბომში საკმაოდ დიდი ფოტოისტორია ინახება. "ქუთაისის ფოტო-მემუარები“ - ასე შევარქვი ჩემს დიდ არქივს. მასში ბევრი საინტერესო პიროვნებაა თავმოყრილი.“ - ამბობს დავით ოქროპილაშვილი.
მას შემდეგ მან საზოგადოებას არა მხოლოდ საკუთარი ნამუშევრები, არამედ უამრავი ისეთი ადამიანი გააცნო, რომელთა ცხოვრებაც სწორედ მისი კადრების დახმარებით შეიცვალა.
დავით ოქროპილაშვილს ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და მისგან სასიამოვნო სიახლეებს საზოგადოება განსაკუთრებით ელოდება.