ეგვიპტეში, წითელ ზღვაში 27 მარტს დატრიალებულმა ტრაგედიამ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ტურისტების უსაფრთხოების საკითხი კიდევ ერთხელ წამოჭრა. როგორც ცნობილია, ზღვაში, ბატისკაფის (ოკეანოგრაფიული და სხვა გამოკვლევებისათვის განკუთვნილი ღრმა წყლის ავტონომიური (თვითმავალი) აპარატი - რედ.) კატასტროფის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი ბავშვია. ასევე, არიან დაკარგულებიც, რომელთა კვალს ჯერჯერობით ვერ მიაკვლიეს. წყალქვეშა ექსკურსიის დროს ბორტზე სულ 45 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა.
ცნობილია, რომ ჩაძირულ ბატისკაფზე სამაშველო ჟილეტების ნაწილი დაზიანდა, ტურისტებს არანაირი მითითება არ მიეცათ და, სავარაუდოდ, არც ავარიული გასასვლელი არსებობდა.
გემი სახელად "სინდბადი" 25 მეტრამდე სიღრმეში ჩაეშვა და დიდი ალბათობით, რიფს შეეჯახა. მოგვიანებით, იმ ჯგუფის წევრებმა, რომლებიც წინა დღეს მსგავსი გასეირნების შემდეგ უვნებლები დაბრუნდნენ, თქვეს, რომ ბატისკაფი საშინელ მდგომარეობაში იყო. ზოგიერთი მინა დაზიანებული და გაცვეთილი იყო, რაც ხილვადობას აძნელებდა და ამიტომ, ვერც თევზების დანახვა შეძლეს კარგად.
ამჯერად, როგორც ცნობილია, შეცდომა პილოტს მოუვიდა, ის რიფს შეეჯახა და ჩაიძირა. შიგნით მყოფებმა არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. ასევე, როგორც ცნობილია, არც ტურისტების სიები იყო მოწესრიგებული, შესაბამისად, ყველა მგზავრის სახელი და გვარი არ იციან.
როგორც ექსპერტები ამბობენ, გარდა იმისა, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო, ტურისტებს გამგზავრებამდე მსგავს შემთხვევაში მოქცევის წესები არ აუხსნეს, ამიტომაც სიტუაცია პანიკამ მოიცვა და ზოგიერთი ადამიანი დაიღუპა. სპეციალისტების თქმით, ასეთ შემთხვევაში, პანიკა სიკვდილის ტოლფასია. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ტურისტები კარგად ინფორმირებულები რომ ყოფილიყვნენ, უსაფრთხოდ გამოსვლას შეძლებდნენ, რადგანაც ის სიღრმე, რომელშიც გემი ჩაიძირა, სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. როგორც ცნობილია, ამ დროის მონაცემებით, ერთი ბავშვი დაიღუპა. გარდაცვლილია ექიმების ოჯახი რუსეთიდან. კრისტინა 38 წლის იყო და პედიატრად მუშაობდა. მისი ქმარი რავილი 40 წლის იყო და ანესთეზიოლოგი იყო. ოჯახი ეგვიპტეში დასასვენებლად 21 მარტს ჩავიდა და სასტუმრო Mirage Bay-ში დაბინავდა. მშობლებთან ერთად ბორტზე ორი ქალიშვილი 10 და 15 წლის ბავშვები იმყოფებოდა; გოგონები გადარჩნენ და ახლა საავადმყოფოში არიან.
ამ ეტაპზე კი გამოძიება მიმდინარეობს და ცდილობენ, დაადგინონ, რა მოხდა სინამდვილეში.