22 წლის მომღერალი, მარიამ შენგელია, რომელიც საქართველოს წელს "ევროვიზიაზე" წარადგენს, გადაცემაში "ნოესთან" საკუთარი თავისა და იმ სირთულეების შესახებ საუბრობს, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში გაიარა:
- 22 წლის ასაკში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საკუთარი თავი ვიპოვე. არ მეგონა, რომ ამ ასაკში ამდენი რაღაცის გადატანა მომიწევდა და ასე გავუმკლავდებოდი... არ მინდა, დაჩაგრულის პოზიციიდან ვილაპარაკო. ძალიან ემოციური ადამიანი ვიყავი. თუნდაც ერთ ნეგატიურ კომენტარზე ძალიან მძაფრი ემოცია მქონდა. მეგონა, რომ ყველას ვუყვარდი, ყველა მიყვარდა, ყველას ვენდობოდი, ყველა მენდობოდა და ასე შემდეგ. მაგრამ, როცა ამ დღემდე მოვედი, მივხვდი, რომ ჩემიანი არავინაა, საკუთარი თავის გარდა. საკუთარი თავი ისე გავაძლიერე და ისე შევიყვარე ისეთი, როგორიც ვარ, მართლა არ მეგონა... მიუხედავად დეზინფორმაციისა, სწორი ინფორმაციისა, არავისთან არაფერი მილაპარაკია. პასუხი არ გამიცია იმიტომ, რომ საკუთარ თავთან მართალი ვიყავი. შესაბამისად, ის ძალა ვიპოვე ჩემს თავში, რომ არავისთვის არაფერი უნდა დამემტკიცებინა. მივხვდი, რომ ძალიან გავძლიერდი. უცებ გავიზარდე. ძალიან გულწრფელი ადამიანი ვარ. უკვე ძლიერი მარიამი... ზუსტად ვიცი, რა მინდა და რა უნდა ვაკეთო ცხოვრებაში და იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, ყველაფერს მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვუდგები და ყველა საქმე ბოლომდე მიმყავს.