ახლახან გაირკვა, რომ მოხუცთა თავშესაფარში გარდაცვლილი მარტოხელა მოხუცი, რომელიც სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა, მილიონერი იყო. ქალი მთელი ცხოვრება მდივნად მუშაოობ და, დედასთან ცხოვრობდა და სიბერე სიღარიბესა და მარტოობაში გაატარა.
98 წლის ჰილდა ლევი 2022 წელს გარდაიცვალა და ოთხ საქველმოქმედო ორგანიზაციას 1.4 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუტოვა. ეს ამბავი დიდ ბრიტანეთში 2025 წლის მარტში გახდა ცნობილი.
ლევი კენტის საგრაფოში ცხოვრობდა, თუმცა მეზობლები მის შესახებ ბევრს ვერაფერს იხსენებდნენ. ის იშვიათად ჩნდებოდა საკუთარ სახლში, რომელიც 1970-იან წლებში შეიძინა. 1980 წლამდე დედასთან ერთად ცხოვრობდა, შემდეგ კი მარტო დარჩა, თუმცა დროის უმეტეს ნაწილს ლონდონში ატარებდა.
ადგილობრივმა მცხოვრებმა ჯული ჰანტმა გადაწყვიტა გაერკვია, ვინ იყო ეს იდუმალი ქალბატონი. აღმოჩნდა, რომ ლევი ნაცისტური გერმანიიდან ლტოლვილი გახლდათ. ის ებრაელი ექიმების ოჯახში დაიბადა. მშობლებმა მოახერხეს და 1930-იანი წლების ბოლოს შვილი გერმანიიდან გაუშვეს, სავარაუდოდ "კინდერტრანსპორტის" ოპერაციის ფარგლებში, რომლის დროსაც ბრიტანეთმა ომის დაწყებამდე10 ათასი ებრაელი ბავშვი მიიღო.
ლევის მშობლები გერმანიაში დარჩნენ და 1942 წელს საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ.
ბრიტანეთში ლევი შვილად აიყვანა ელენ ჯეფერიმ კენტის საგრაფოდან. ქალიშვილმა მდივნის პროფესია შეისწავლა და მრავალი წლის განმავლობაში ამ პროფესიით მუშაობდა. შემდეგ პრინც ფილიპის (ელისაბედ II-ის მეუღლის) მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდში გადავიდა, რომელიც სწავლასა და მეცნიერებაში განსაკუთრებულ წარმატებამიღწეულ ახალგაზრდებს გრანტებსა და პრემიებს აძლევდა.
არავინ იცის, საიდან ჰქონდა ლევის ამდენი ფული. არსებობს ვერსია, რომ მას ამერიკაში მდიდარი ბიძა ჰყავდა - ჰერმან ჰექტი, წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც 1951 წელს გარდაიცვალა და თავისი დროისთვის უზარმაზარი ქონება დატოვა.
ჰილდა ლევი არასდროს ყოფილა გათხოვილი. ცხოვრების უმეტესი დრო ლონდონში გაატარა, ხოლო მისი ცხოვრების ბოლო წლები მოხუცთა თავშესაფარში გავიდა. იგი მისი დედობილის გვერდით, უისტაბლის სასაფლაოზე, უსახელო საფლავში დაკრძალეს.