მსახიობი ნათია წიწილაშვილი ახალგაზრდული სერიალიდან "ჩიფსების თაობიდან" გაიცნო საზოგადოებამ. შემდეგ იყო ფილმი "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს". ეკრანული წყვილი რეალობაშიც წყვილი გახდა - ის და გიორგი კალანდაძე დაქორწინდნენ და ქალიშვილიც შეეძინათ.
თუმცა მათმა ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა.
მეორედ ნათიამ არქიტექტორ მიშო ლეჟავასთან იქორწინა, რომელთანაც ასევე ქალიშვილი - ლევი ეყოლა. წყვილი ერთად ზრდის ქალიშვილებს, ბევრს მოგზაურობს და მეგობრული ურთიერთობითაც გამოირჩევიან.
მეორედ დაქორწინებისა და შვილის გაჩენის პერიოდში ნათია ძირითადად შინ იყო და ბავშვების აღზრდას უთმობდა დროს. ეკრანზე დიდი შესვენება გამოუვიდა. თუმცა ახლა სერიალში "სიყვარულს მიღმა", საფინალო სეზონში გამოჩნდა და უკვე მიიქცია მაყურებლის ყურადღება.
რას ამბობს სერიალზე და შესვენების პერიოდზე, მისი ცოტა ხნის წინანდელი ინტერვიუდან შევიტყობთ:
- როგორც ხდება ხოლმე, კასტინგის მენეჯერმა დამირეკა და როლი შემომთავაზა. სერიალის - "სიყვარულს მიღმა" მეხუთე, საფინალო სეზონია. შესაბამისად, სერიალი დასრულდება. ცოტათი გული კი დამწყდა, რომ საფინალო სეზონში ვმონაწილეობ, მაგრამ არა უშავს... რა თქმა უნდა, ამ პროექტში მონაწილეობას სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ყოველთვის ძალიან მომწონდა.
- როგორ პერსონაჟს თამაშობ?
- ჩემი პერსონაჟი სერიალს მერვე სერიიდან უერთდება. კარგი ადამიანია, მაგრამ როგორც მივხვდი, ურთიერთობებში ცოტათი გამოუცდელია და შეიძლება, რაღაც სისულელეებიც ჩაიდინოს.- სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს, რადგან როგორც იცი, დიდი ხანია, ეკრანზე არ გამოვჩენილვარ. სიმართლე გითხრა, ამის მიზეზი არ ვიცი. რატომღაც, მიიჩნიეს, რომ გარკვეული პერიოდი განსაკუთრებულად დავუთმე ოჯახს, ბავშვის აღზრდას... ჩემს პერსონაჟთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მაყურებლებზე პირველი შთაბეჭდილება უკვე მოვახდინე სოციალურ ქსელში "სთორებით", "პოსტებით"... როგორც მივხვდი, ეკრანზე ჩემი გამოჩენა ძალიან გაუხარდათ, მაგრამ ხომ იცი, ყველანაირი ხალხი არსებობს, არა? ამიტომ შესაძლოა, ჩემი პერსონაჟის შესახებ ვინმემ ნეგატიური კომენტარიც დაწეროს. ისეთი ადამიანებიც არსებობენ, ვინც პერსონაჟს მსახიობთან აიგივებს... მოკლედ, დაველოდოთ, რა მოხდება, მაგრამ მგონია, რომ დადებითი შეფასება და კარგი კომენტარები იქნება, რადგან დიდი ხანია, ეკრანზე არ გამოვჩენილვარ....
- კონკრეტულად, კარიერაში პაუზამ რა შეგძინა? კარიერასთან დაკავშირებული შეხედულებები, მიზნები, პრიორიტეტები თუ შეგიცვალა?
იყო პერიოდი, როცა ამ პროფესიაზე დამოკიდებული გახლდით - ფინანსურად, ფსიქოლოგიურად... ვნერვიულობდი, პროექტი იქნებოდა თუ არა... დღეს ჩემი პროფესია ჰობივითაა. ძალიან მინდა, ყოველთვის პროექტზე ვმუშაობდე, მაგრამ - ჰობის დონეზე. ვერ გეტყვი, რომ შემოთავაზებას ველოდები. კასტინგის მენეჯერებს თავს არ ვახსენებ, თუმცა ძალიან მიხარია, როცა გარკვეული წინადადებით მიკავშირდებიან.
- უკვე მეორე შვილის დედა ხარ. ეს განსხვავებული გამოცდილებაა, არა?
- დიახ. ისევ და ისევ ასაკიდან გამომდინარე, უფრო გააზრებულად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ყველაფერს სხვანაირად ვაკვირდები, სხვაგვარად ვუყურებ. მაგალითად, როცა უფროსი შვილი - ნასტია გავაჩინე, მაშინ მეც ძალიან პატარა ვიყავი. ის შეგრძნებები თითქმის არ მახსოვს, რაც ახლა ლივისთან დაკავშირებით მაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე უფრო მეტად მიყვარს. უბრალოდ, ახლა დედობაც მეტად გააზრებული მაქვს და საერთოდ, ყველაფერს სხვაგვარად აღვიქვამ.
- გოგონებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა აქვთ?
- ლივია 3 წლისაა. ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 10 წელია. რა თქმა უნდა, კარგი ურთიერთობა აქვთ. ლივი ნასტიაზე გიჟდება, ისე უყვარს! ნასტიასაც უყვარს ლივი, მაგრამ ლივის - განსაკუთრებულად: სულ მასთან ყოფნა და თამაში უნდა, რასაც ნასტია მეტ-ნაკლებად ახერხებს, რადგან სკოლაში დადის, ასევე - სხვადასხვა წრეზე. სახლშიც არ არის ხოლმე, რომ ლივის სათანადო ყურადღება დაუთმოს. ისე, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. იყო პერიოდი, როცა ნასტია ეჭვიანობდა კიდეც, მაგრამ ისიც გაიზარდა და შესაბამისად, ამან გაუარა - მიხვდა, რომ საეჭვიანო არაფერი აქვს.