"ფიფქიას" ახალი ვერსიის გადასაღებად 270 მილიონი დოლარი დაიხარჯა. თუმცა, ფილმმა ძალიან ცუდი შეფასებები მიიღო და მთავარი ვარსკვლავი, მსახიობი რეიჩელ ზეგლერიც უამრავმა მაყურებელმა გააკრიტიკა:
23 წლის რეიჩელისთვის Disney-ის ლეგენდარული მულტფილმის კინოადაპტაციაში მთავარი როლის მინიჭებამ დიდი პროტესტი გამოიწვია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფილმთან და მსახიობთან დაკავშირებით სკანდალი ახლა არ დაწყებულა და მას უფრო დიდი ისტორია აქვს.
ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა ვერსია, რომ "ფიფქიას" ახალი ვერსიის გადაღებას გეგმავდნენ. თუმცა, საზოგადოება თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი. Disney-ს ბევრი გულშემატკივარი მოუწოდებდა, რომ აქცენტი ახალ პროექტებზე გაეკეთებინა და ნაკლებად საინტერესო რიმეიკების შექმნისაგან თავი შეეკავებინა. თუმცა, პროექტი 2019 წელს საბოლოოდ დამტკიცდა და რეჟისორმა მარკ უებმა გადაწყვიტა, საინტერესო ეკრანული ადაპტაცია შეექმნა.
2021 წელს ფიფქიას როლზე რეიჩელ ზეგლერი დაამტკიცეს. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ მეტი ხმაური გამოიწვია. მაყურებელს ფიფქიას როლზე თეთრი, ქერა გოგონა წარმოედგინა. რეჟისორმა კი კოლუმბიელი, ფერადკანიანი მსახიობი აირჩია. რეიჩელი კრიტიკას მაშინაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ახალი სიუჟეტის მიხედვით, მისი პერსონაჟი ბავშვობაში თოვლიან ქარბუქს გადაურჩა და ეს სახელიც ამიტომ მიიღო და არა კანის ფერის გამო.
მალევე ცნობილი გახდა, რომ ბოროტი დედინაცვლის როლს გალ გადოტი შეასრულებდა. ამის შემდეგ სკანდალი კვლავ გაგრძელდა. მაყურებელი ზეგლერს ისევ დაუპირისპირდა. ხალხი წერდა, რომ გალ გადოტი რეიჩელზე ბევრად ლამაზი იყო და მას ბოროტი დედინაცვლის როლი არ უხდებოდა.
გადაღებების პარალელურად, სოციალურ ქსელში რეიჩელს განსაკუთრებით აკრიტიკებდნენ და ის ასევე არაერთი სახუმარო მიმის გმირიც გახდა. ამ სკანდალის შემდეგი ეტაპი მაშინ დაიწყო, როდესაც კომპანიამ ფილმის თიზერი გამოაქვეყნა. ერთ დღეში ვიდეომ 120 მილიონი ნახვა დააგროვა, მაგრამ მოწონებაზე 15-ჯერ მეტი დისლაიქი დაიმსახურა. რეიჩელმა ეს ფაქტორი უგულებელყო და სოციალურ ქსელში მაყურებელს დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა. პოსტის ბოლოში კი მსახიობი პალესტინის თემას გამოეხმაურა და დაწერა, რომ პალესტინას მალე გათავისუფლებას უსურვებს...
ამრიგად, "ფიფქია" არა მხოლოდ მარკეტინგულ, არამედ პოლიტიკურ სკანდალშიც გაეხვა, რაც Disney-სთვის სრული კატასტროფა აღმოჩნდა. მეტიც, გალ გადოტი ისრაელიდანაა, ის ისრაელს ყოველთვის მხარდაჭერას უცხადებს და ფილმის ორი მთავარი მსახიობი პოლიტიკური ნიშნითაც დაუპირისპირდა ერთმანეთს. გალ გადოტს კოლეგის განცხადების გამო, სიკვდილითაც დაემუქრნენ. ამიტომ, Disney იძულებული გახდა, მსახიობის უსაფრთხოებაზე გაძლიერებულად ეზრუნა, რაც კიდევ დამატებითი ხარჯი იყო. ამას დაემატა ისიც, რომ გადასაღებ მოედანზე გალ გადოტსა და რეიჩელ ზეგლერს შორის დაძაბული ატმოსფერო იყო.
დროდადრო რეიჩელის უხეში განცხადებები პრესის პირველ გვერდებზე ხვდებოდა. ფიფქიას გადაღებისას ის 1937 წელს გადაღებულ მულტფილმს სასტიკად აკრიტიკებდა. მან პრინცს "სტალკერი" უწოდა და თავად უოლტ დისნეის შემოქმედებას კი - მოძველებული. ზეგლერმა ასევე გააკრიტიკა მულტფილმი იმის გამო, რომ მასში ქალები სრულიად ბუნდოვან გმირებად არიან წარმოდგენილი, რამაც ინტერნეტის ბევრი მომხმარებელი აღაშფოთა და მსახიობს დროისა და კონტექსტის უკეთ გაცნობა ურჩიეს.
რეიჩელ ზეგლერმა ასევე უარყოფითად ისაუბრა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებზე. ტრამპს მხარს საკმაოდ ბევრი ადამიანი უჭერდა და ფილმისა და რეიჩელის მიმართ კრიტიკა უფრო მეტად გაიზარდა. ამის შემდეგ დისნეის ურჩიეს მსახიობისთვის სპეციალური ანტიკრიზისული მენეჯერი დაექირავებინათ და ხმაურიანი განცხადებების გაკეთებამდე, სიფრთხილისკენ მოეწოდებინათ. თუმცა, უკვე გვიანი იყო. ჰოლივუდში სკანდალის გამო ფილმის სოციალური პრემიერა გაუქმდა, რასაც ასევე სერიოზული ფინანსური ზარალი მოჰყვა.
ჯამში ფილმზე 270 მილიონი დოლარი დაიხარჯა, ამ დროისთვის კი მხოლოდ 80 მილიონი დოლარია შემოსავალი. რეიჩელს ბოიკოტს უამრავი ადამიანი უცხადებს, სოციალურ ქსელებში კი არაერთ ნეგატიურ კომენტარს უწერენ. მეტიც, ფილმის წარუმატებლობაში მხოლოდ მას ადანაშაულებენ. გოგონა, რომელმაც Disney-ს რეპუტაცია შელახა და მთელი ჰოლივუდი მის წინააღმდეგ განაწყო - ასე აფასებენ ახალგაზრდა მსახიობს. რეიჩელს უწინასწარმეტყველებენ, რომ მისი სამსახიობო კარიერა დაღმასვლისკენ წავა, რადგანაც რეჟისორები ასეთი რეპუტაციის მსახიობთან თანამშრომლობას სამომავლოდ მოერიდებიან...
რეიჩელ ზეგლერი 2001 წლის 3 მაისს ნიუ-ჯერსის პატარა ქალაქ ჰეკენსაკში დაიბადა. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. გოგონა ვოკალურ სტუდიაში შეიყვანეს. რეიჩელი შესანიშნავად მღეროდა. დროთა განმავლობაში, გოგონამ ინტერნეტში ცნობილი სიმღერების ქავერების გამოქვეყნება დაიწყო და მაყურებელმაც გაიცნო. 2016 წელს სტივენ სპილბერგმა მისი ერთ-ერთი ვიდეო ნახა და ფილმში "ვესტსაიდის ისტორია" სათამაშოდ მიიწვია.
ფილმში მარიას როლისთვის ახალგაზრდა მსახიობმა "ოქროს გლობუსი" მიიღო. მაშინ ყველა თვლიდა, რომ მას დიდი წარმატება და აღიარება ელოდებოდა. თუმცა, ახლა მსახიობს უამრავი ადამიანი აკრიტიკებს და ბოიკოტს უცხადებს.