მშობლებმა არ უნდა დააჩქარონ პროცესი, ნაადრევად არ უნდა დაჯდეს და დადიოდეს პატარა ხერხემლის გამრუდება, ანუ სქოლიოზი მსოფლიოში 80%-ზე მეტ ადამიანს აწუხებს. ცნობილია, რომ ამ დაავადებას ჰიპოკრატეც კი მკურნალობდა. სქოლიოზების თემა განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებში, სასკოლო ასაკის პატარებში. ხშირად მშობლები ხერხემლის გამრუდებას სასკოლო მერხებთან არასცორ ჯდომას, მძიმე ჩანთებს თუ სხვა პრობლემებს უკავშირებენ.
აუცილებელია, რომ დაავადების დიაგნოსტიკა დროულად მოხდეს. მკურნალობის შემთხვევაში, შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ არა მხოლოდ ფიზიკური დამახინჯება, არამედ მთელი რიგი დაავადებები, რომელსაც სქოლიოზი იწვევს.
ამ თემაზე უფრო დაწვრილებით ვესაუბრეთ ექიმი-რეაბილიტოლოგს ქალბატონ ლია ავალიანს.
- რამდენად ხშირად მოგმართავენ პატარა პაციენტები, რომლებსაც სქოლიოზი აწუხებთ?
- წინათ სქოლიოზით ძირითადად 10 წლის და შემდგომი ასაკის ბავშვები ავადდებოდნენ. ახლა ფაქტობრივად ამ ასაკმა მთელი 5 წლით ქვემოთ ჩამოიწია.საქართველოში გახშირებულია ბავშვებში ტანდეგობის დარღვევა და სქოლიოზი, ამიტომ პაციენტიც ბევრია.
- ძირითადად რა ასაკში ხდება ამ დაავადების დიაგნოსტიკა?
- დაავადების დიაგნოსტიკა შესაძლებელია უკვე 5-10 წლის ასაკში.
- როდის უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს, რომ არ დაგვიანდეს სქოლიოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
- შეამჩნევს თუ არა, რომ მისი შვილი არასწორად ჯდება, ცუდად დადის, საირულისას მალე იღლება, სტკივდება ქვედა კიდურები, წელი, ხშირად სტკივდება თავი, მაშინვე უნდა მიიყვანოს ორთოპედთან ან ექიმ-რეაბილიტოლოგთან.
- რა პრევენციული ღონისძიებებით არის შესაძლებელი სქოლიოზის თავიდან აცილება?
- არ უნდა ვეცადოთ, თოთო ბავშვებში ავაჩქაროთ ის პროცესები, რაც თანმიმდევრულად უნდა მოხდეს - ადრე სიარული, ადრე დაჯდომა. თანმიმდევრულად უნდა განვითარდეს მოძრაობითი სტერეოტიპი: თავის დაჭერა, გადაბრუნება, წინა მხრებზე დაყრდნობა, მუცელზე წოლა, ხოხვა, ჯდომა, ცოცვა, დგომა და შემდეგ სიარული. რაც მთავარია, სიარულის დაწყებიდან 4-6 წლამდე აუცილებელია ორთოპედიული ფეხსაცმლის ხმარება.
- რით შეიძლება ვუმკურნალოთ სქოლიოზით დაავადებულ ადამიანს?
- მკურნალობა შესაძლებელია აღდგენითი თერაპიის ყველა საშუალებით: კინეზიოთერაპია, სამკურნალო მასაჟი, ფიზიოთერაპია, ბალნეოთერაპია, სწორი კვება, სწორი დღის რეჟიმი, სწორად შერჩეული ფიზიკური დატვირთვა და ა.შ. საჭიროა: ბავშვი იწვეს მაგარ საწოლზე, სასურველია, დაბალი ბალიში ედოს, ბავშვის სამეცადინო მაგიდა აუცილებლად უნდა შეეფერებოდეს მის ასაკს (მაგიდის ზომების შესახებ იხილეთ სტატია).
- სქოლიოზის თავიდან ასაცილებლად და მის სამკურნალოდ, რომელ სპორტზე ურჩევთ სიარულს მოზარდებს?
- მთავარია, ბავშვს ჰყავდეს დაკვირვებული მშობელი! უნდა მოარიდოთ ბავშვი ასიმეტრიულ სპორტის სახეებს. კარგია ცურვა, ცხენოსნობა, თხილამურები. მთავარია, დატვირთვა იყოს სწორად განაწილებული და თითოეული ბავშვის შესაბამისი.
ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ალბათ ხშირად გინახავთ, პატარას, რომელიც ჯერ თავსაც ვერ იმაგრებს, აქეთ იქიდან ბალიშებს უწყობენ და აიძულებენ დაჯდომას. ბავშვებისგან გადაღლილი მშობლები ნაადრევად (5-6თვის ასაკში) სვამენ ჭოჭინაში, რომ ცოტა ხნით მაინც დაისვენონ. პედიატრთა დიდი ნაწილი ჭოჭინის წინააღმდეგია, მით უმეტეს მანამ, სანამ ბავშვი სრულფასოვნად შეძლებს დაჯდომას და წელის გამაგრებას.
როგორ ჯობს მერხთან და კომპიუტერთან ჯდომა
(მწვანე ფერით გამოსახულია მართებული ვარიანტები)
არ არსებობს კონკრეტული ასაკი, როდის უნდა იჯდეს, როდის უნდა იხოხოს ან როდის უნდა გაიაროს ბავშვმა. მთავარია, რომ მშობლებმა არ დავაჩქაროთ ეს პროცესი და არ დავაძალოთ ბავშვს, გააკეთოს ის, რაც ფიზიკურად არ შეუძლია. სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ექვსი თვის ბავშვი უნდა იჯდეს, წლის უნდა დადიოდეს ან ლაპარაკობდეს - მცდარია. ყველა ბავშვი უნიკალურია, ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულ გარემოში იზრდებიან და ცხადია, ერთი ადრე გაივლის, მეორე კი ცოტა გვიან. ამაში არაფერია საპანიკო. მთავარია, მშობლები ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვნენ ბავშვის განვითარების ეტაპებს და ამ საჭიროებებიდან გამომდინარე სწორად იმოქმედონ.
რაც შეეხება სკოლის პერიოდს, აუცილებლად დააკვირდით, რომ ბავშვი გამართულად იჯდეს მერხთან, წერისა და კითხვის დროს გვერდზე არ იხრებოდეს. ასევე არ შეიძლება მაგიდასთან ფეხი ფეხზე გადადებული, გადაწოლილი ჯდომა და ისე მეცადინეობა.
კარგი იქნება, თუ დილაობით გამამხნევებელ ვარჯიშებს გააკეთებს - მხრების, ზურგის, წელის. არ იჯდეს ძალიან დიდხანს, მეტად აქტიური ცხოვრების წესი უნდა ჰქონდეს.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე