დემი მურის ოჯახი ჰოლივუდში სანიმუშოდ ითვლება. სამყაროში, სადაც სკანდალები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, მსახიობმა შეძლო იდეალური ურთიერთობა შეენარჩუნებინა ყოფილ ქმარ ბრიუს უილისთან, მოახერხა მჭიდრო კავშირი დაემყარებინა მის ახალ ოჯახთან და სამი შესანიშნავი ქალიშვილი აღეზარდა. რუმერი, სკაუტი და ტალულა არ მალავენ, რომ დემი მათთვის არა მხოლოდ დედა, არამედ საუკეთესო მეგობარიცაა და მისგან არანაირი საიდუმლო არ აქვთ. კავშირები ამ ოჯახში იმდენად მჭიდროა, რომ ზოგიერთისთვის შეიძლება უცნაურადაც კი მოჩანდეს, ეს ყველაფერი კი რუმერის ბოლო ინტერვიუში გაკეთებული აღიარებების გამოა.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ბრიუს უილისისა და დემი მურის ქალიშვილმა განაცხადა, რომ ის კვლავ დედასთან ერთ საწოლში წევს და დებთან ერთად ბანაობს. რუმერი ამჟამად 36 წლისაა, სკაუტი - 33 წლის, ხოლო ტალულა - 31 წლის.
"ჩვენ არასდროს გვეძინა ცალ-ცალკე და არც მარტონი ვბანაობდით. ხალხს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს სიგიჟეა და უცნაურობა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. გულწრფელად რომ ვთქვა, იმედი მაქვს, რომ ლუც ჩემთან ერთ საწოლში დაიძინებს, როცა იმდენი წლის იქნება, რამდენიც მე ვარ ახლა. ამჟამად მე მუდმივად მძინავს ლუეტასთან ერთად, და მას არც ერთი ღამე არ გაუტარებია ჩემი საწოლის გარეთ", - აღნიშნა რუმერმა.
ლუეტას მამა რუმერის შეყვარებული, მუსიკოსი დერეკ რიჩარდ ტომასია, რომელთანაც ის დაახლოებით ორი წელი ხვდებოდა. რუმერი და დერეკი აღიარებდნენ, რომ ბედნიერები იყვნენ ბავშვის დაბადებით, თუმცა ბავშვის აღზრდა მათი ურთიერთობისთვის ზედმეტად მძიმე გამოცდა აღმოჩნდა. ერთნახევარი წლის შემდეგ შეყვარებულები დაშორდნენ, და დემი მურის ქალიშვილმა აღნიშნა, რომ ახლა პატარას დამოუკიდებლად აღზრდის, მით უმეტეს, რომ დები და დედა ყოველთვის მზად არიან, მხარი დაუჭირონ ამ რთულ საქმეში.
წარსულში რუმერის პირადი ცხოვრება საკმაოდ ბობოქარი იყო. სერიოზული პრობლემები შეექმნა ალკოჰოლთანაც. სმას რუმერი 2017 წელს დაანება თავი და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ჭიქას აღარ გაჰკარებია, მისი ცხოვრება მხოლოდ გაუმჯობესდა.
ამჟამად რუმერი ცნობილი მშობლების გზას აგრძელებს და კინოში მოღვაწეობს. არც ისე დიდი ხნის წინ მან დაასრულა მუშაობა პროექტზე "შურისძიების ბილიკი", რომელიც გაქირავებაში მალე გამოვა.