ძალიან ბევრი ოჯახი სარგებლობს მიწის ნაკვეთით წლების განმავლობაში ისე, რომ საკუთრების ოფიციალური დოკუმენტი არ გააჩნია. „როგორ დავიკანონო პაპაჩემის შემოღობილი მიწა“ - ამ კითხვას ცნობილი ადვოკატი, ვახტანგ მაჭავარიანი სცემს პასუხს.
„2007 წელს ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც განისაზღვრა, რა წესით უნდა მოხდეს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება. ყველაზე ნიშანდობლივია, რომ ამ მიწის ნაკვეთით ამ კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2007 წლამდე უნდა გესარგებლათ, რომ მისი საკუთრებაში რეგისტრირების საფუძველი გაგიჩნდეთ. მიწა შეიძლება იყოს როგორც სასოფლო, ასევე არასასოფლო დანიშნულების. მთავარია, სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდეს და არ შედიოდეს იომ კატეგორიის მიწათა ნუსხაში, რომელიც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას.
თვითნებურად დაკავებული მიწის რეგისტრაცია შეუძლია მოითხოვოს როგორც იმ პირმა, ვინც თავის დროზე დაიკავა მიწები, ასევე მისმა მემკვიდრეებმა და უფლებამონაცვლეებმა. მიწის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც სპორადულად, ასევე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში. მიწის სპორადულად რეგისტრაციისას უნდა დამტკიცდეს, რომ მოთხოვნილ ნაკვეთზე 2007 წლამდე იყო განთავსებული მიწასთან მყარად დამაგრებული შენობა, ან უნდა დამტკიცდეს, რომ თქვენს საკუთრებაში არსებულ მიწას 2007 წლამდე შემოუერთეთ მომიჯნავე მეზობელი მიწის ნაკვეთი და დღესაც სარგებლობთ ამ მიწით.
სისტემური რეგისტრაციისას კი საჯარო რეესტრი იხილავს თქვენს საქმეს და იტოვებს უფლებას, რომ იმ შემთხვევაშიც დაგიკანონოთ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, თუ მასზე არც შენობა-ნაგებობა იყო განთავსებული და არც თქვენს საკუთრებაში არსებული მიწის მომიჯნავეა. სისტემური რეგისტრაციისას შესაძლებელია, რომ მეზობელი მიწების მესაკუთრეებმა დაადასტურონ, რომ 2007 წლიდან დღემდე მიწას ნამდვილად თქვენ ფლობთ. და ეს საკმარისი გახდეს მიწის დასაკანონებლად“, - განმარტავს ვახტანგ მაჭავარიანი.