ეს ამბავი პირველ რიგში სწორედ 7 წლის ბიჭუნას ჩვენების გამო გახმაურდა. სასამართლო პროცესზე მისი გამოსვლა წყვეტდა მთავარს - იყო თუ არა დამნაშავე დედამისი პატარა გოგონას, საკუთარი ქალიშვილის გარდაცვალებაში...
2008 წელს 27 წლის ამანდა ლუისის ბედი სწორედ 7 წლის ვაჟის ეი ჯეი ჰატოს ჩვენებებზე იყო დამოკიდებული. ბავშვი ჩვენების დროს რამდენჯერმე დაიბნა, იტირა, მაგრამ მაინც დაჟინებით იმეორებდა: "მან ჩემი და დაახრჩო." ამ საქმეს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა:
ამბავი 2007 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ფლორიდაში მოხდა. 27 წლის ამანდა მოხუცთა თავშესაფარში მედდის ასისტენტად მუშაობდა. როდესაც ქალი სახლში დაბრუნდა, ძალიან დაღლილი იყო და დაძინება გადაწყვიტა.
სახლში ორი ბავშვი ელოდებოდა - 7 წლის ადრიანა ჰატო და მისი ძმა - მაშინ 6 წლის ეი ჯეი. ბავშვებმა იცოდნენ, რომ დედა მალე გაიღვიძებდა და ერთად მაღაზიაში, სასკოლო ნივთების საყიდლად წავიდოდნენ. იქამდე კი მულტფილმს უყურებდნენ.
პატარა ადრიანა ძალიან ხალისიანი და კომუნიკაბელური გოგონა იყო, მისი ძმა კი მშვიდი და მორცხვი ბავშვი გახლდათ. როდესაც ამანდამ გაიღვიძა, ბავშვებმა მზადება დაიწყეს. ვიდრე ამანდა ემზადებოდა, ისინი აუზს მიუახლოვდნენ და დედას აუზში ბანაობა სთხოვეს...
სახლის ეზოში პლასტმასის მრგვალი აუზი იყო, მაგრამ ამანდამ ჩასვლის უფლება არ მისცა იმიტომ, რომ მაღაზიაში აგვიანდებოდათ. აუზში ჩასასვლელი კიბეც შენახული ჰქონდა. ბავშვებმა ეზოში, აუზის მახლობლად თამაში გადაწყვიტეს...
გოგონა აუზში ჩავარდა და დაიხრჩო. ამანდამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა დაგვიანებული იყო... სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ადრიანა ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმი ლინდა ფოქსი მისი სიცოცხლისთვის იბრძოდა. ექიმებმა თავდაპირველად გოგონას პულსის აღდგენა მოახერხეს. ამ დროს, ეი ჯეი ამანდას მამინაცვალმა, ჩარლზ ბერნსმა წაიყვანა.
ექიმების მცდელობის მიუხედავად, 2007 წლის 8 აგვისტოს ადრიანა ელენ ჰატო გარდაიცვალა. პოლიციამ მოკლე გამოძიება ჩაატარა და გოგონას დედას ესაუბრა. ამანდამ თქვა, რომ ბავშვები ეზოში სათამაშოდ გავიდნენ. აუზზე კიბე არ იყო, მაგრამ იქვე წითელი ეტლი იდგა. ადრიანა თამაშობდა, ფეხი დაუცურდა და აუზში ჩავარდა. ფაქტს ეი ჯეი შეესწრო, მაშინვე სახლში შევარდა და დედას უთხრა: "დედა, ადრიანა წყალშია."
ქალმა გაიხსენა, რომ როდესაც სახლიდან გავარდა და ადრიანა დაინახა, ის აუზში პირქვე იყო და სიცოცხლის ნიშნები აღარ ეტყობოდა. მისივე მონათხრობის თანახმად,მან ქალიშვილი წყლიდან ამოიყვანა და პირველადი დახმარების გაწევა სცადა. შემდეგ სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ამანდამ თქვა, რომ ბავშვებს უყურადღებოდ აუზში თამაშის უფლებას არასდროს აძლევდა და ამიტომაც, აუზში ჩასასვლელი კიბე დამალული ჰქონდა.
პოლიციამაც ფაქტებზე დაყრდნობით, ჩათვალა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და საქმე დახურა...
თუმცა, მოულოდნელად, რამდენიმე დღეში ამანდას დედამ, ბავშვების ბებიამ დარეკა პოლიციაში და მისმა ჩვენებამ ყველა შოკში ჩააგდო.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეი ჯეიმ ბებია-ბაბუას უთხრა, რომ მისი და დედამ დაახრჩო და ის აუზში შემთხვევით არ ჩავარდნილა... ამანდას მშობლებმა და ახლობლებმა ეს რომ მოისმინეს, შეშფოთებულებმა მაშინვე პოლიციას აცნობეს. გამომძიებლებმა ბავშვი წაიყვანეს და მისი დაკითხვა დაიწყეს.
ეი ჯეი ამბობდა, რომ მისმა დამ საქარე მინის საწმენდი ტელევიზორს შეასხა. დედა ამაზე გაბრაზდა და შვილი დასჯის მიზნით, წყალში ჩააგდო....
ბიჭმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. ხან ამბობდა, რომ მკვლელობის დეტალები არ ახსოვდა, ხან კიდევ დის სიკვდილში დედას პირდაპირ ადანაშაულებდა. ამანდა შვილის ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა საქმეზე საფუძვლიანი გამოძიება დაიწყო.
ეზოში 120 სმ სიღრმის აუზი იყო, სახლში კი აურზაური. გარდაცვლილი ადრიანას ოთახში შარდის სუნის იდგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონას შარდის შეუკავებლობა ჰქონდა. ასევე, ექიმებმა დაადგინეს, რომ ადრიანას ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ჰქონდა. ამანდას ბავშვის ქცევის გაკონტროლება უჭირდა. მის ოთახში სათამაშოები არ იყო. ამანდამ თქვა, რომ ბავშვი სათამაშოებს გამუდმებით ყრიდა, ამიტომაც, შეაგროვა და საკუჭნაოში დამალა. პოლიციელებმა ბავშვის სათამაშოები ვერც იქ აღმოაჩინეს...
საავადმყოფოს ექიმი ფოქსიც გამოტყდა, რომ როდესაც ამანდას შვილის სიკვდილის შესახებ შეატყობინა, მას განსაკუთრებული განერვიულება ან წყენა არ დასტყობია. "როდესაც ვუთხარი, რომ ადრიანა მოკვდა, მის სახეზე ემოცია არ დამინახავს, ცრემლები არ დამინახავს. დედას ვუთხარი რომ მისი 7 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა და მას არანაირი რეაქცია არ ჰქონია." - თქვა ექიმმა ჩვენებაში.
ამანდა დააკავეს. მას ეი ჯეი ექვსი თვის განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი. სასამართლოში კიდევ არაერთი საინტერესო დეტალი გაირკვა:
ამანდა 17 წლის იყო, როდესაც ბიჭი, სახელად ალექსი შეეძინა. ახლობლები ირწმუნებიან, რომ ამანდა ძალიან კარგი და მზრუნველი დედა იყო. როდესაც ალექსი ერთი წლის გახდა, ბავშვს კრუნჩხვა დაეწყო და მოულოდნელად გარდაიცვალა. მაშინ ეს საქმე მშვიდად დასრულდა და ამანდასთან დაკავშირებით ზედმეტი შეკითხვები არ გაჩენილა...
2008 წლის თებერვალში ამანდა ლუისის სასამართლო პროცესი დაიწყო. ამანდას მამინაცვალმა თქვა, რომ ის უღირსი დედა იყო. მამაკაცი აღნიშნავდა, რომ სახლი მუდმივად ჭუჭყიანი იყო, ბავშვებს სათამაშოები არ ჰქონდათ და საღამომდე მშივრები იყვნენ. სასამართლოზე ეი ჯეიც მიიყვანეს. როდესაც ბავშვმა დედას შეხედა, ტირილი დაიწყო. ემოციური კადრები მოგვიანებით ვირუსულად გავრცელდა...
სასამართლო ქალს სთავაზობდა, რომ თუ ის მკვლელობას აღიარებდა, ციხეში 10 წლით ჩასვამდნენ. მაგრამ ამანდა ამტკიცებდა, რომ მას შვილი არ მოუკლავს.
ექიმმა ფოქსმაც ამანდას წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ის ამბობდა, რომ ადრიანას სახეზე ხელის ანაბეჭდი ეტყობოდა...
ასევე, სასამართლოზე ამანდას თანამშრომელმა ერთი ასეთი შემთხვევა გაიხსენა. გოგონამ ამანდას მანქანაზე რაღაც დახატა, გაბრაზებულ ამანდას კი უთქვამს: "აღარ შემიძლია ამის ატანა, ერთ დღესაც მოვკლავ."
ადვოკატები ამბობდნენ, რომ ქალი ბევრს მუშაობდა, გადაღლილი იყო და სახლის უწესრიგობის მიზეზიც ეს გახლდათ. ამავდროულად, როდესაც ამანდამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ჩანაწერში ისმოდა, რომ ქალი პანიკაში იყო. გარდა ამისა, ამანდა და მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მამინაცვალს ამანდა არ მოსწონდა და მის დაზიანებას ცდილობდა. ⠀
მამაკაცი ტრაგედიიდან ნახევარ საათში მივიდა და შვილიშვილი წაიყვანა. ისინი ერთი საათის განმავლობაში მარტო იყვნენ და როგორც ამანდას ადვოკატები ამბობდნენ, ის ბავშვს აიძულებდა, დედა დაედანაშაულებინა...
ეი ჯეი ხშირად იბნეოდა და ჩვენებას ცვლიდა. ზუსტად ვერ აღწერდა პროცესს. ხან დედას პირდაპირ ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ მან მისი და მოკლა. გარდა ამისა, ამანდას დედამ ისაუბრა, რომ ადრიანას წყლის ეშინოდა და ის აუზს სათამაშოდ თავისი სურვილით არ მოუახლოვდებოდა...
საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ. ნაფიცმა მსაჯულებმა ამანდა დამნაშავედ სცნეს და ქალს შვილის განზრახ მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
ამანდა დანაშაულს არ აღიარებდა. 2010 წელს მან განაჩენი გააპროტესტა, თუმცა, უშედეგოდ.
მოგვიანებით ამანდას დედა ქმარს დაშორდა და თქვა:
"მას ჩემი ქალიშვილი არასდროს უყვარდა. ხშირად ლანძღავდა მას. არ გამიკვირდება, თუ სიმართლე აღმოჩნდება, რომ მან ჩემი შვილიშვილი ამანდას წინააღმდეგ განაწყო..."
სასამართლო პროცესის შემდეგ ეი ჯეი სხვა წყვილმა იშვილა. ბავშვს სახელი შეუცვალეს და საჯარო სივრციდან გაუჩინარდნენ.
ცოტა ხნის წინ DailyMail-მა ბიჭთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. გამოცემა წერს, რომ 24 წლის მამაკაცი მედიასთან საუბარს მხოლოდ იმ პირობით დასთანხმდა, თუ მის ამჟამინდელ სახელსა და გვარს არ გაამჟღავნებდნენ. ბიჭი ამბობს, რომ ყველა სიტყვაზე, რაც წლების წინ სასამართლოზე თქვა, პასუხისმგებელია. აღნიშნავს, რომ მას შემდეგ დედა აღარ უნახავს და მას "დედას" აღარც ეძახის. ბიჭი ამბობს იმასაც, რომ დედა ბავშვობაში მასზეც ძალადობდა და მშვილებელ ოჯახში თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.
ლუისის ადვოკატები კი დღემდე ითხოვენ, რომ საქმე ხელახლა გამოიძიონ.