ბოლო რამდენიმე დღეა სხვადასხვა ჯგუფში ადამიანები წერენ, რომ ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ. პრობლემის შესახებ უფრო მეტად გურიისა და აჭარის მოსახლეობა წერს, თუმცა ხარვეზზე თბილისსა და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანებიც საუბრობენ:
"გაზის გადასახადი 500 ლარი მოვიდა, როცა 300 ლარს ზამთარშიც არ სცდება ხოლმე, ახლა კი ნახევარი თვე გათიშული იყო და მიხაროდა, ცოტა მოვა-მეთქი.
"ყველასთან გაორმაგებული მოვიდა."
"თბილისშიც ასეა, მეტი მოვიდა პირადად ჩვენთან."
"ჩემთანაც ეგრეა. ნახევარი თვე გათიშული მქონდა და რასაც წინა თვეებში ვიხდიდი, ისე მოვიდა მაინც.
"გაორმაგებული თანხა მომივიდა."
"თბილისშიც ასეა, ყოველთვე მეტი და მეტი მომდის, არადა უფრო ნაკლებს მოვიხმარ."
"ორმაგი მოვიდა. მეტი წილი გათიშული მქონდა გამათბობელი, სად შეიძლება რომ გავასაჩივროთ?" -
როგორც "სოკარ ჯორჯიაში" გვითხრეს, თებერვალში გურიასა და აჭარის რეგიონში დიდთოვლობის გამო, გარკვეულ აბონენტებთან მრიცხველამდე მისვლა და მონაცემის ამოწერა ფიზიკურად ვერ მოხერხდა და აბონენტებს პირობითი დარიცხვა მიუვიდათ. კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ მომდევნო თვეში სხვაობა გასწორდა.
"თბილისი ენერჯიში" კი განგვიცხადეს, რომ ტარიფები არ შეცვლილა და თუკი რომელიმე აბონენტი თვლის, რომ გაზრდილი გადასახადი მიუვიდა, შეუძლია, კომპანიაში დარეკოს და მონაცემების გადამოწმება მოითხოვოს.
თუ თვლით, რომ ბუნებრივი აირის გადასახადი არასწორად მოგივიდათ და თანხა ხელოვნურადაა გაზრდილი, შეგიძლიათ, განცხადებით "სემეკს" მიმართოთ. ელექტრონულ ფოსტაზე გადააგზავნოთ როგორც დასკანერებული ვერსია, ასევე ხელით დაწეროთ და განცხადებას ფოტო გადაუღოთ. განხილვის მაქსიმალური ვადა 2 თვეა. იქამდე, ვიდრე მოკვლევა არ დასრულდება, თანხის გადახდა არ მოგიწევთ. დამატებითი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას ცხელ ხაზზე 032 242 01 80 მიმართოთ.
თამარ იაკობაშვილი