მუდმივად ცივი კიდურების მიზეზი ყოველთვის სისხლის ცუდი ცირკულაცია არ გახლავთ და ეს შესაძლოა, სერიოზულ დაავადებებზე, მათ შორის, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე, ანემიაზე, შაქრიან დიაბეტზე მიგვანიშნებდეს. კიდევ რა დაავადებები შეიძლება, ამოვიცნოთ ცივი კიდურებით, თემაზე ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:
- ძალიან აქტუალური თემაა და მნიშვნელოვანია, ყველა მიზეზი კარგად მოვისმინოთ. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი შესაძლოა, რეინოს ფენომენი იყოს. როდესაც სიცივეში გავდივართ, ჩვენი სისხლძარღვები ვიწროვდება, რომ სხეულმა სითბო არ დაკარგოს. რეინოს ფენომენის შემთხვევაში, ეფექტი უფრო მკვეთრადაა გამოხატული. სხეული სისხლძარღვებს მკვეთრად ავიწროებს და ტერფები და მტევნები განსაკუთრებით გვიზიანდება. არა მარტო კიდურის სიცივე შეიგრძნობა, ასევე კიდურების ფერიც იცვლება. თავიდან თითები ფერმკრთალი იქნება, მერე შეიძლება, მოლურჯო ელფერი ჰქონდეს, შემდეგ კი ვარდისფერი. თუ ჩვენ ფერის ცვლილება დავინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტს რეინოს ფენომენი აქვს.
ცივი კიდურების პრობლემა შეიძლება, ანემიითაც იყოს გამოწვეული. ასეთ დროს სხეულში ერითროციტები, ჰემოგლობინი ცოტა რაოდენობითაა. ანემიის დროს სხეულში ჟანგბადის შემცველობა იკლებს. ვიდრე სისხლი ჟანგბადს კიდურებამდე მიიტანს, იქამდე სხვა ადგილები უკვე მოიხმარენ და მათ თითქმის აღარაფერი რჩებათ. ამიტომ, პაციენტებს, რომლებსაც ანემია აქვთ, თითების სიცივე აწუხებთ. ასევე, ადვილად დაღლაც აღენიშნებათ იმიტომ, რომ როდესაც სხეულში ცოტა ჟანგბადია, ადამიანი მარტივად იღლება. ანემია შეიძლება უფრო მეტად აწუხებდეთ ახალგაზრდა გოგონებს, რომლებსაც მენსტრუალური ციკლის დროს გამოხატული სისხლდენა ან ხშირი ციკლი აქვთ. გარდა ამისა, ანემია უფრო მეტად შეიძლება აწუხებდეთ ასაკით დიდ ადამიანებს, რომლებსაც თანმხლები ქრონიკული დაავადებები აქვთ. მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებებიც. ამიტომ, თუ ჩვენ სახლში გვყავს მოხუცი, რომელსაც კიდურები ხშირად ცივი აქვს, ეს ძალიან საყურადღებოა და შეიძლება, ამის ერთ-ერთი მიზეზი ონკოლოგიაც იყოს. ანემია ორსულებშიც ხშირი პრობლემაა. ამიტომ, მათთან ცივი კიდურები შესაძლოა, იმავე მექანიზმით იყოს გამოწვეული.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, განსაკუთრებით ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება - როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონებს გამოჰყოფს, ჩვენი ღვიძლი სითბოს პროდუქციას იწყებს. ხოლო, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის აქტივობა დაქვეითებულია, სხეულიც ნაკლებ სითბოს წარმოქმნის. სიცივის საპასუხოდ, სხეული სისხლძარღვებს კიდევ უფრო ავიწროებს. ამიტომ, ვისაც ჰიპოთირეოზი აქვს, მათთან ცივი კიდურების პრობლემა ხშირია. თუ წონაში ვიმატებთ, მიდრეკილი ვართ შეკრულობისკენ, კანი ძალიან მშრალი გვაქვს და დიდი რაოდენობით დამატენიანებელი გვჭირდება, გვაქვს ცივი კიდურები - ეს ნიშნები შესაძლოა, ჰიპოთირეოზზე მიგვანიშნებდეს.
სტრესი და შფოთვა - კიდურების სიცივე, ოფლიანობა სტრესთან და შფოთვასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. განსაკუთრებით ხშირი ახალგაზრდებშია. სიმპათიკური ნერვული სისტემა, რაც შფოთვას პასუხობს, ძალიან აქტიურია. ის სისხლძარღვებს ავიწროებს. კიდურები ცივდება და ასევე საოფლე ჯირკვალიც აქტიურდება. ამიტომ, ცივი და ოფლიანი კიდურები ასეთ დროს ორივე ერთადაა გამოხატული.
მწეველობა - ნიკოტინი სისხლძარღვებს ავიწროებს და ამიტომაც, ამანაც შეიძლება, ცივი კიდურები გამოიწვიოს. ასევე, მწეველებს კანი ძალიან რთულად უხორცდებათ და სასუნთქი გზების ინფექციებისკენ არიან მიდრეკილნი.
პერიფერიული არტერიების დაავადება - 50 წელს ზემოთ ადამიანებში უფრო ხშირია. ასეთ პაციენტებში სისხლძარღვებში ლაგდება ცხიმოვანი ფოლაქი, ათეროსკლეროზი ვითარდება და ქსოვილები საკმარისი რაოდენობის სისხლს ვეღარ იღებენ. ამიტომ, ცივი კიდურები აქვთ ხოლმე.
შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები - თუ პაციენტს კიდურები ცივი აქვს და ამასთან ერთად, კიდურების ტკივილიც აღენიშნება, ეს შეიძლება რევმატოლოგიური ხასიათის დაავადებებთან იყოს დაკავშირებული.
შაქრიანი დიაბეტი - ასევე შეიძლება, ცივი კიდურების მიზეზი იყოს. როდესაც ადამიანს სისხლში შაქრის დონე მაღალი აქვს, ასეთ შემთხვევაში, სისხლძარღვები ვიწროვდება. გარდა ამისა, ნერვული ქსოვილი ზიანდება და სიცივის აღქმა ირღვევა. საბოლოო ჯამში, პაციენტს არა მხოლოდ ცივი კიდურები, არამედ თითებში დაბუჟების შეგრძნებაც აქვს. ან კიდევ შესაძლოა, მგრძნობელობა დაკარგული ჰქონდეთ.
ჩამოთვლილი მიზეზებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა:
ონკოლოგიური დაავადებები - თუ 45 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს ცივი კიდურების პრობლემა აწუხებთ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ შესაბამისი მიზეზი ყოველთვის ვეძებოთ. გავიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი. თუ პაციენტს ანემია აქვს, ერითროციტების რაოდენობა, ჰემოგლობინი დაქვეითებული აქვს. თუ ფერიტინს ჩააბარებთ, ნახავთ, რომ დაბალი აქვს.
ასევე, ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ ტესტი TSH-ზე. როდესაც ფარისებრი ჯირკვალი სათანადოდ არ მუშაობს TSH იმატებს.
რეინოს ფენომენი, ანემია, ჰიპოთირეოზი, სტრესით გამოწვეული ცივი კიდურები - უფრო ხშირი ქალბატონებშია. რაც შეეხება პერიფერიული არტერიების დაავადებასა და მწეველობით გამოწვეულ პრობლემას - უფრო ხშირი მამაკაცებშია. გარდა ამისა, ადამიანს, რომელსაც სულ ცივა, შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა ჰქონდეს.
თუ კიდურები ცივი გვაქვს, ექიმს ყოველთვის მივმართოთ და უყურადღებოდ არ დავტოვოთ. ჩვენს სხეულში ასე, უბრალოდ არაფერი ხდება. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. პრობლემის უგულებელყოფა კი უფრო მეტ პრობლემას იწვევს.