კაილი ჯენერი მსოფლიო ვარსკვლავია. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი და ბიზნესვუმენია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად დაასახელეს. კარდაშიანების დიდი ოჯახის წარმომადგენელი, მათ ოჯახში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და საქმიან ადამიანად მიიჩნევა. ასევე გოგონად, რომელმაც საკუთარი თავი პრაქტიკულად თავად შექმნა.
კაილი კრისნეტ ჯენერი 1997 წლის 10 აგვისტოს დაიბადა ლოს-ანჯელესში. ის კრის და ბრიუს ჯენერების მეორე ქალიშვილია. მისი ღვიძლი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი კენდალ ჯენერია. ასევე ჰყავს ნახევარდები დედის მხრიდან - კიმ, კორტნი და ქლოე კარდაშიანები და ძმა რობი. მამის მხრიდანაც ჰყავს რამდენიმე ნახევარი და-ძმა.
კაილი კარდაშიანების ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი რადგან არის, ხშირად ამბობდნენ, რომ მან მთელი ეს წარმატება და სიმდიდრე შეძლებული ოჯახის წყალობით მოიპოვა, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ მისი წარმატებაა.
...კაილის კარიერა 2007 წელს დაიწყო. ის მაშინ 10 წლის იყო. რეალითი შოუში "კარდაშიანების ოჯახი" მონაწილეობამ მას უდიდესი პოპულარობა მოუტანა ამერიკაში. ამიტომ გადაწყვიტა, სკოლაზე არ "მოცდენილიყო" და დისტანციურად ესწავლა.
16 წლის ასაკში დედას სთხოვა, წაეყვანა კოსმეტოლოგთან. ამის მიზეზი თხელი ტუჩები იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში კაილი იხსენებს, რომ პირველი კოცნის შემდეგ მისი პარტნიორი გაკვირვებული დარჩა, გოგონამ ასეთი ტუჩებით მაინც როგორ საოცრად აკოცა. შესაძლოა სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მან სპეციალისტს მიმართა და ტუჩები გაიდიდა...
ჯერ კიდევ თინეიჯერულ ასაკში დაიწყო მოდელის კარიერა. მაგრამ არ აღმოაჩნდა იდეალური ფიგურა ამ საქმისთვის. კაილი არაფრით არ განსხვავდებოდა თავისი ასაკის გოგონებისგან (გარდა ძალიან გამომწვევი მაკიაჟისა). მაშინ მან გადაწყვიტა კვლავ მიემართა პლასტიკური ქირურგისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამას უარყოფს, ექიმებმა ის უკვე დიდი ხანია გათქვეს.
გოგონა ძალიან მიზანდასახული იყო და უკვე 2015 წელს შექმნა კომპანია სახელწოდებით "Kylie Cosmetics". სწორედ მან მოუტანა მთავარი შემოსავალი. ამავე დროს, უფროს დასთან ერთად გამოუშვა ტანსაცმლის კოლექცია "Kendall + Kylie".
თუ უფროსი კარდაშიანი აქტიურად გამოდიოდა ტელევიზიით და ამით თავის თავსა და პროდუქციას რეკლამას უკეთებდა, უმცროსი მალევე მიხვდა, რომ სოციალურ ქსელში გაცილებით უფრო მეტი წარმატების და პოპულარულობის მიღწევა შეიძლებოდა. თავისი პროდუქციის რეკლამისთვის მან ინსტაგრამი აირჩია. ახლა გოგონას 394 მილიონი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე. მარტივად შეუძლია, მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია მიიტანოს ამ ადამიანებამდე.
მის კომპანიას დედა მართავს. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ის მოგების 10%-ს იგებს. კაილი მას ენდობა.
სწორედ კოსმეტიკური ბრენდის და სწორად გათვლილი სარეკლამო კამპანიით თუ პიარით, კაილი მილიარდერი გახდა.
კაილი ორი შვილის დედაა. 4 წლის ჰყავდა ქალიშვილი სტორმი, რომ ვაჟი გააჩინა. ამბობდა, რომ საკმაოდ გაუჭირდა პირველი პერიოდი, რადგან პოსტსამშობიარო დეპრესიას ებრძოდა."სამი კვირა ვტიროდი, ყოველდღე, ისე ცუდად ვიყავი, საწოლიდან ვერ ვდგებოდი და სულ თავი მტკიოდა. ახლა უკეთ ვარ ფსიქოლოგიურად, ყოველდღე არ ვტირი და ეს მაგარია. აღარ მაქვს სხეულთან დაკავშირებული მძიმე მომენტები და არც ფსიქიკასთან". კაილის თქმით, პოსტსამშობიარო დეპრესიის გადალახვას თითქმის ექვსი კვირა დასჭირდა. 6 კვირის შემდეგ ნელ-ნელა მოვიდა გონს.
კაილის ორივე შვილი რეპერ ტრევის სკოტისგან ჰყავს, რომელთან ერთადაც რამდენიმე წელი ცხოვრობდა, თუმცა წყვილი შემდეგ დაშორდა ერთმანეთს.
დედობაზე კაილი ხშირად საუბრობს და ამბობს, რომ ქალიშვილთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. სწორედ ქალიშვილთან დამოკიდებულებაზე საუბრისას აღიარა ერთხელ, რომ მამოპლასტიკა გაიკეთა და ძალიან ნანობს. სხვა პლასტიკურ ოპერაციებს, როგორც წესი, არ აღიარებს.
"სტორმის დაბაებამდე გავიდიდე მკერდი. არ მეგონა, რომ 20 წლისას უკვე შვილი მეყოლებოდა. არადა, ლამაზი მკერდი მქონდა, იდეალური ზომა. ახლა რომ მკითხოთ, არ გავიკეთებდი ამ ოპერაციას... მინდა, გოგონასთვის კარგი მაგალითი ვიყო. გადავირეოდი, მან რომ 19 წლისამ გადაწყვიყოს სხეულის "შესწორება". ის ყველაზე ლამაზი გოგოა. მინდა, საუკეთესო დედა ვიყო და ჩემგან იღებდეს მაგალითს. არც გავეკარებოდი ჩემს სხეულს არასდროს, და არ მინდა, ჩემმა შვილმა იგივე გააკეთოს".
2023 წლიდან კაილი მსოფლიო ვარსკვლავის ტიმოთი შალამეს გვერდითაა. ჯერჯერობით წყვილი ქორწინებაზე არ საუბრობს, თუმცა კაილი ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გვერდს უმშვენებს რჩეულს.