ექიმები განგაშს ტეხენ - ყოველწლიურად იზრდება კვების დარღვევებით დაავადებული პაციენტების რაოდენობა. ინტერნეტში ვარსკვლავების იდეალური სხეულებით მოხიბლული ათასობით გოგონა მსგავსი შედეგის მიღწევას ცდილობს. ამისთვის ისინი უმკაცრეს დიეტებს მიმართავენ ან საერთოდ უარს ამბობენ საკვებზე. შედეგად, ზოგიერთი ანორექსიას, ბულიმიას, ჰორმონალურ დარღვევებს, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს აწყდება.
ზოგს შეუძლია ამ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც დახმარება სჭირდება. მათ შორისაა 24 წლის ანასტასია გოლუბევა. ამჟამად გოგონა, რომლის სიმაღლეც 176 სანტიმეტრია, მხოლოდ 29 კილოგრამს იწონის.
16 წლამდე ანასტასიას პრობლემები არ ჰქონია - იყო გამხდარი, მაგრამ არა კრიტიკულად. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მშობლებთან ერთად სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. ახალი თანაკლასელების ყურადღების მისაქცევად და პოპულარობის მოსაპოვებლად, მან გადაწყვიტა, რომ აუცილებლად წონაში უნდა დაეკლო. დღეს, იმ დროინდელ ფოტოებს რომ უყურებს, ანასტასია ხვდება, რომ მისი ფიგურა იდეალური იყო. მას ეცოდება საკუთარი თავი, რადგან მაშინ, როცა სხვა მოზარდები სრულფასოვნად ცხოვრობდნენ, მან ეს წლები მუდმივ შეზღუდვებში გაატარა.
"ზედმეტი" კილოგრამებისგან გასათავისუფლებლად ანასტასიამ რადიკალურ მეთოდს მიმართა. ძირითადად ის მხოლოდ ხილითა და ბოსტნეულით იკვებებოდა. მაგალითად, მისი დღიური რაციონი შეიძლება ყოფილიყო ხუთი ატამი და ერთი შეკვრა ხაჭო. ასე იკვებება ის დღემდე. დროთა განმავლობაში გოლუბევამ კილოგრამების კლება დაიწყო, მაგრამ მაინც მიაჩნდა, რომ მსუქანი იყო.
ერთი წლის წინ გოგონა საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ექიმების დახმარებით შეძლო წონის 48 კილოგრამამდე აწევა. თუმცა, სახლში დაბრუნების შემდეგ, ანასტასიამ კვლავ გადაწყვიტა, რომ ზედმეტი წონა ჰქონდა. ისევ შეზღუდა კვება და 4 თვეში 19 კილოგრამი დაიკლო. მისი თქმით, საავადმყოფოში მას დაეხმარნენ ფიზიკური პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ ფსიქოლოგიური პრობლემებზე არ უმკურნალეს.
ვინაიდან გოლუბევას ცხიმოვანი ფენა არ აქვს, მას მუდმივად სცივა. გოგონას უწევს ერთდროულად ორი სვიტრის ტარება, მუდამ ცხელ ჩაის, ყავას ან უბრალოდ მდუღარე წყალს.
ასეთი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობაზე აისახა. ანასტასიას პრობლემები აქვს მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებითაც, ვიტამინების ნაკლებობის გამო კანი ძალიან უშრება, ყველა ორგანო ცუდად მუშაობს. მას საწოლიდან ადგომაც კი უჭირს დახმარების გარეშე.
"ვცდილობ ნელა ვჭამო, რადგან მიჭირს ღეჭვა, არ მაქვს კუნთები. თუ რამე გადამცდა, შეიძლება დავიხრჩო, რადგან ამოხველება სისუსტის გამო არ შემიძლია", - ამბობს ანასტასია.
ქუჩაში ადამიანების რეაქცია განსხვავებულია. ბევრი თითს იშვერს მისკენ და შეურაცხყოფას აყენებს. როგორ უნდა უპასუხოს ამას, ანასტასიამ არ იცის, მაგრამ დარწმუნებულია: ასეთ ადამიანს ცხოვრებაში ყველაფერი ცუდად აქვს.
ადრე ანასტასიას დედა ცდილობდა მის დახმარებას. თუმცა, თავისი დაავადების გამო გოგონა ყველა ნათესავს წაეჩხუბა და უკვე ნახევარი წელია მათთან არ ურთიერთობს. გოლუბევა სრულიად მარტო დარჩა, მას არავინ ჰყავს, ვისთანაც შეძლებს განცდების გაზიარებას. არ ჰყავს მეგობრები და შეყვარებული. მხოლოდ ერთხელ შეუყვარდა, მაგრამ აღიარების შეეშინდა. თანაც დარწმუნებულია, რომ მამაკაცები მისი დანახვისას უკვე ზიზღს განიცდიან.