64 წლის მსახიობი ია ნინიძე ნოე სულაბერიძის გადაცემას სტუმრობდა. სხვა თემებთან ერთად, ისაუბრა მძიმე დაავადებაზე, რომელიც, მისივე თქმით, სიყვარულის ძალით დაამარცხა.
"აღმოჩნდა, რომ სასწრაფოდ საოპერაციო ვარ, დიაგნოზი - კიბო... თუმცა მე დავამარცხე, დიდმა სიყვარულმა დამამარცხებინა... ის ადამიანი დღეს აღარ არის, მაგრამ მისი ხმა სულ ჩამესმის... ის ლადოა, რომელიც ყოველთვის მეყვარება, მთელი ცხოვრება... ყველა ჩემი მეუღლე მიყვარდა, ჩემი შვილები სიყვარულში გაჩნდნენ... მაგრამ ლადო განსაკუთრებულად მიყვარდა... მე მას ბავშვობიდან ვუყვარდი და ძალიან დიდი ხნის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს. მაგრამ ის საოცარი ადამიანი იყო, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი", - ამბობს მსახიობი.
ია ნინიძე 1960 წელს დაიბადა თბილისში. მსახიობობა ბავშვობიდან დაიწყო, ასევე ბავშვობიდან ცეკვავდა. 8 წლისას ჰქონდა დებიუტი კინოში, გიორგი დანელიას ფილმში "არ დაიდარდო". შემდეგ იყო ასევე ყველასთვის ცნობილი "ვერის უბნის მელოდიები". 1976 წლიდან საბჭოთა კავშირის მასშტაბის მსახიობად აღიარეს, მიუზიკლ "ზეციურ მერცხლებში" შესრულებული როლით. მსახიობი პარალელურად მუშაობდა ქართულ და რუსულ პროექტებზე. მოსკოვში დაამთავრა კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი. ქართულ კინოში შესრულებული მისი როლებიდან ასევე ცნობილია "მონანიება".
წლები მუშაობდა თეატრ-კაბარე „ღამურაში“. 2000 წელს სცენაზე მიღებული მძიმე ტრავმის (პრემიერის რეპეტიციის დროს მსახიობს 300 კილოგრამიანი დეკორაცია დაეცა) შედეგად იძულებული გახდა სასცენო კარიერაზე უარი ეთქვა.
მსახიობი ოფიციალურად სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე იყო სოფიკო ჭიაურელის ვაჟი ნიკუშა შენგელაია.
მეორედ სერგეი მაქსაჩევზე დაქორწინდა, რომელთანაც ვაჟი გიორგი შეეძინა.
მესამე მეუღლისგან - მიხეილ ნემსაძისგან კი ჰყავს ქალიშვილი ნინო, რომელიც დღეს რუსეთში ცხოვრობს და წარმატებული მსახიობია.
თავის ყველაზე დიდ სიყვარულად კი ია ნინიძე ბიზნესმენ ლადოს ასახელებს, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა და მალე გარდაიცვალა. მოგვიანებით მსაიხობი ყვებოდა, რომ წლები გლოვობდა ამ ადამიანს და დეპრესიაშიც კი ჩავარდა მის გამო.