14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. იაკობ გოგებაშვილმა ქართული წერა-კითხვის შესასწავლად უნიკალურ მეთოდს მიაგნო და "დედა ენა" ორი ხმოვნისგან შედგენილი ერთი მარტივი წინადადებით - "აი ია" დაიწყო.
ეს ზუსტად იმ დროს გაკეთდა, როდესაც ქართველი ხალხისთვის სახელმძღვანელოს შექმნა საჭირო იყო. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთადერთი ენა, სადაც ორი ასობგერით შეგვიძლია, წინადადება დავწეროთ.
დედა ენა პირველად 1876 წელს დაიბეჭდა. იაკობ გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოვიდა და არაერთხელ დარედაქტირდა. მაგალითად, იაკობ გოგებაშვილი მე-9 გამოცემაში ცნობილი მოთხრობის - "მკვეხარა ქოთნის" ამოღებას გეგმავდა. ძველი სტილით გამოთქმულ სხვადასხვა სიტყვებს ახლით ცვლიდა. წიგნში დაშვებული თითო შეცდომის პოვნაში კი ერთ შაურს იხდიდა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა, მანანა ღვინერიამ გადაცემაში "ახალი დღე" თქვა: "დედა ენა ძალიან ბევრჯერ გამოიცა და ყოველ ჯერზე, დარედაქტირდა. ის ითვალისწინებდა იმ შენიშვნებს, რომლებსაც რიგითი ქართველები უზიარებდნენ. "დედა ენის" შექმნა ეროვნული საქმე იყო. ტექსტები, თითქმის, იდეალურამდეა მიყვანილი.
იაკობ გოგებაშვილი სოფელ ვარიანში, დიაკვნის ოჯახში დაიბადა. განათლება ჯერ გორისა და თბილისის სასულიერო სემინარიებში, შემდეგ კიევის სასულიერო აკადემიაში მიიღო. მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა მასწავლებლად დაიწყო. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ ქართული წერა-კითხვის შესასწავლი სახელმძღვანელო შექმნილიყო, რომელიც თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად დაყოფილ საქართველოში სასწავლებლებში შეიტანდნენ. იდეამ მაშინ ბევრი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია. იაკობ გოგებაშვილს თანხის გაფლანგვა დააბრალეს და სასწავლებლიდან გააგდეს. მაშინ თვითმკვლელობაც სცადა. მოგვიანებით, ყველა ოფიციალური საბუთი და ატესტატი დაწვა, სახელმწიფო სამსახურში უკან რომ არ დაბრუნებულიყო. სასწავლებლიდან გაძევების შემდეგ, იაკობ გოგებაშვილი სახელმძღვანელოებზე მუშობასა და სახალხო განათლებაზე ზრუნვას განაგრძობდა. გოგებაშვილს ხშირად ბრალს სიძუნწეში სდებდნენ და "მოგებაშვილს" ეძახდნენ, თუმცა ცნობილია, რომ ის ქველმოქმედი იყო. ღარიბ მოსწავლეებს, საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებსა და მწერლებს მატერიალურად ეხმარებოდა. ბევრმა მისი შუამდგომლობით სტიპენდია მიიღო. მათ შორის, კომპოზიტორებმა: ზაქარია ფალიაშვილმა და დიმიტრი არაყიშვილმა. სახლი კი თანასოფლელებს დარჩათ, სადაც კიდევ ერთი სკოლა გაიხსნა. იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.