15 წლის მოსწავლემ მამა მოკლა – მძიმე ოჯახური დრამა მოსკოვში დატრიალდა. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა იმ დილით მოხდა, როცა გოგონები სკოლასა და კოლეჯში წასასვლელად ემზადებოდნენ. მამა, 42 წლის რომან ზ. სახლში შევიდა და ქალიშვილებს ტელევიზორის გამო შეეკამათა, მოგვიანებით, მან უფროს შვილს, 20 წლის მარიანას განუცხადა, რომ საღამოს მის სახელზე კრედიტი – 1.4 მილიონი რუბლის ოდენობით უნდა გაეფორმებინათ, რათა თავისი ძველი ვალი გადაეფარა. მარიანამ ამაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც კონფლიქტი გამწვავდა.
ჩხუბის დროს მამამ გოგონას სახეში მუშტი დაარტყა და შემდეგ დანა აიღო. მარიანას ხელისგული გაუჭრა და ცემა დაუწყო. უმცროსმა დასმა, ალისამ, რომელიც დის დაცვას შეეცადა, დანა აიღო და მამას ყელში ჩაარტყა.
გოგონებმა დაკითხვაზე განაცხადეს, რომ რომანი წლების განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა მათზე, აშინებდა, აყენებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფას. გოგონებმა რამდენჯერმე დააპირეს პოლიციისთვის მიემართათ, თუმცა მამა არწმუნებდა, რომ აზრი არ ჰქონდა – „არავინ მოგისმენთო“.
ალისა სკოლაში გამორჩეული მოსწავლე იყო – მაღალი აკადემიური მოსწრებით. თუმცა ყოველ ჯერზე, როცა ოთხიანს იღებდა, მამა კლასის დამრიგებელს უკავშირდებოდა და ახსნა-განმარტებას ითხოვდა. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი დამღუპველი შედეგები აქვს ხანგრძლივ ოჯახურ ძალადობას.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მსგავსი შემთხვევა 2018 წელს მოხდა, როცა სამმა დამ ხატაჩურიანებმა მამა მოკლა. მაშინ კრისტინე 19 წლის იყო, ანგელინა – 18-ის, ხოლო მარია – 17-ის. მამა სისტემატურად ძალადობდა მათზე სექსუალურად და ფიზიკური შეურაცხყოფაც სისტემატური ხასიათის იყო.