რამაზ დავლაძემ 2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, ცოლ-შვილი დაკარგა და თავად, მცირეწლოვან ვაჟთან ერთად შემთხვევით გადარჩა. ის გადაცემაში "პრაიმშოუ" მარტოხელა მამობის შესახებ საუბრობს:
- ძალიან რთულია... მარტო ადამიანი ყველაფერში რთულია. ძალიან ვცდილობ, გამომივიდეს, რადგან შვილის გაზრდა ერთია, აღზრდა მეორე. ისეთი შვილი მყავს, ხვალინდელი დღე მართლაც მიღირს, მართლაც მიღირს სიცოცხლე და ჩემი არსებობა დღევანდელ რეალობაში. ძალიან მაგარი ბიჭია, კარგად სწავლობს, ცეკვაზეც დადის, ფეხბურთსაც თამაშობს, მასწავლებლებთანაც დადის... რაც შეეხება დანარჩენს, რომ გათენდება, ერთი სული მაქვს, როდის დაღამდება. ძალიან რთულია... მაგრამ, როცა ადამიანს ასეთი შვილი გყავს, პრაქტიკულად, სხვა გამოსავალი არ გაქვს. მოგეხსენებათ, დღევანდელ ცხოვრებაში ყველას თავისი საქმე აქვს. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერთან შეგუება გიწევს. გავითავისე, რომ ეს ტვირთი, მძიმე ჯვარი, რომელიც ღმერთმა მარგუნა, ჩემი სატარებელია. მომცა იმის მოტივაცია, რომ დილით 8 საათზე უნდა გავიღვიძო, საუზმე გავაკეთო, რაღაცები გავაუთავო, ბავშვი მოვამზადო... ჩემს შვილს რომ შეხედავ, თუნდაც სკოლაში, ვერ იფიქრებს ადამიანი, რომ მას დედა არ ჰყავს. სულ გაწკრიალებული, მოწესრიგებული მყავს. ყველაფერს თავად ვაკეთებ. დამხმარე არ მყავს. ვცადე, ერთი თვე დამხმარე მოვიყვანე, ძალიან კარგი ქალბატონი იყო, მაგრამ თავი ცუდად ვიგრძენი. სკოლიდან გამოიყვანა, საუზმე გაუკეთა, სასეირნოდ წაიყვანა და ჩემი თავი არაპროდუქტიულად ვიგრძენი. ვუთხარი: "ძალიან ძვირფასი ქალბატონი ხართ, მაგრამ მე ისევ ჩემს პოზიციას უნდა დავუბრუნდე, რადგან ამით ვცოცხლობ და ვარსებობ." სხვანაირად არ შემიძლია.
იმდენად მიყვარს ბავშვი, ეს ვეღარ გავანაწილე. დემეტრესთვისაც რთულია. მე ვარ მისთვის ძმაც, დაც, ბიძაც. პრაქტიკულად, მისთვის მთელი სამყარო მე ვარ. გაიზარდა, 9 წლის ხდება. მეკითხება ხოლმე, მამა რატომ გაქვს აცრემლებული თვალებიო. მე ვეუბნები: " არ ვარ მამა ყოველთვის იმ ხასიათზე, სულ გაღიმებულმა ვიარო." გავბედე და ეს ვუთხარი და სწორად მოეკიდა. ხშირად არ ვსაუბრობთ სად ვიყავით და უცებ რა რეალობაში აღმოვჩნდით. ჩემთვის, ეს ყველაზე მტკივნეული თემაა. რაღაცნაირად ყოველდღიურობას მივყვებით. თავი ხელში მყავს აყვანილი. გამოსული ვარ სხეულიდან და ჩემს თავს გვერდიდან ვუდგავარ. ვუყურებ, რომ რამე არ შემეშალოს.