გიორგი ჯანელიძე, 5 შვილის მამაა. მას მეუღლე ინსულტით გარდაეცვალა და ხუთივე შვილს მარტო ზრდის. ის მარტოხელა მამობის შესახებ გადაცემაში "პრაიმშოუ" საუბრობს:
- 5 ვაჟი მყავს. როდესაც მე და ჩემი მეუღლე დავქორწინდით, მაშინ ის ქვრივი იყო და წინა ქორწინებიდან ბიჭი ჰყავდა. ის ახლა 18 წლისაა, სტუდენტია, მუშაობს და თბილისში დამოუკიდებლად ცხოვრობს. ყველაზე პატარა 4 წლის გახდება.
ჩემი და ჩემი მეუღლის ცხოვრებისეული ხედვა და ფასეულობები დაემთხვა და გაცნობიდან 1 წელიწადში ჯვარი დავიწერეთ. 2012 წლიდან ქართული ოჯახი შევქმენით. ქრისტიანული წესებითა და ტრადიციებით ვცხოვრობდით. უმცროსი შვილები პატრიარქის ნათლულები არიან. ჩვენი ცხოვრება ეკლესიური სწავლება იყო, რომელიც გვინდოდა, ჩვენი შვილებისთვისაც გადაგვეცა და ასე აღზრდილიყვნენ. შვილიერება ჩვენთვის ყველაზე დიდი სიხარული იყო. როდესაც მეხუთე შვილი შეგვეძინა, იმ წელს, აღდგომა მაისის თვეში იყო. 4 მაისს დაიბადა აბო. 6-ში, გიორგობის დღესასწაულზე, მშობიარობიდან მესამე დღეს, ჩემი მეუღლის დიდი სურვილი იყო, დღესასწაულთან დაკავშირებით, სუფრა გაგვეკეთებინა. ნათესავებთან ერთად შევიკრიბეთ. მეორე დღესაც სუფრა გვქონდა. მესამე დღეს სოფელში წავედით. მომდევნო დღეს ჩემი ძმის დაბადების დღე იყო, იქაც სუფრის სამზადისი იყო. 11 მაისს თანამშრომლებთან ერთად ძეობის აღნიშვნა გვქონდა დაგეგმილი. 10-ში მთელი დღის მანძილზე სუფრის სამზადისში იყო ჩართული. საღამოს თავი ასტკივდა. გადაღლას მივაწერეთ. უკვე შუაღამით ტკივილი გაუძლიერდა. საავადმყოფოში გადავიყვანეთ. დიაგნოზი მძიმე ფორმის ინსულტი იყო. 18 დღე კომაში იყო. 29 რიცხვში გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ღმერთის შეწევნით, მეუღლის დედასთან ერთად, ბავშვებს ვზრდით. ბავშვები ყოველდღიურად დედის ხსენებით იზრდებიან.
ამის გააზრებას ვერანაირად ვერ ვახერხებდი. ჩემთვის ყველაზე დიდი ძალა და იმედი იყო იმის გათავისება, რომ ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება უნდა გაგრძელებულიყო და ეს ტვირთი უნდა მეზიდა. ეკლესიის სწავლებისა და მისი წყალობით მოვახერხე. იმის გააზრებითა და რწმენით, რომ არც ერთ ადამიანს ერთი ღერი თმაც არ ჩამოუვარდება, თუ იქ უფლის ნება არ არის. ალბათ, პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ განსაცდელი მოთმინებით მივიღე.