შფოთვა, შფოთვითი აშლილობა, ფობიები, პანიკური აშლილობები - ეს ტერმინები ხშირად გვესმის და შფოთვით აშლილობასთან დაკავშირებული პრობლემებიც საკმაოდ გავრცელებულია, არა მხოლოდ ზრდასრულებში, არამედ მოზარდებშიც. რა უნდა ვიცოდეთ ამ თემაზე, როგორ ამოვიცნოთ სიმპტომების მიხედვით, როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენ ან ჩვენ გარშემო მყოფს მსგავსი პრობლემა აქვს? თემაზე ვრცლად გვესაუბრება კლინიკური ფსიქოლოგი მერი კაჭარავა:
- ზოგადად, ყველას გამოგვიცდია შფოთვა სხვადასხვა სიტუაციაში, რაც ბუნებრივია ხოლმე. ევოლუციური კუთხითაც, შიშს ადაპტური ფუნქცია აქვს და თავის დროზე გადარჩენაშიც დაგვეხმარა. შფოთვითი აშლილობა, თუკი მარტივად ვიტყვი, არის მდგომარეობა, როდესაც შფოთვისა და შიშის განცდა უკვე აღარ არის კონკრეტული სიტუაციის ბუნებრივი რეაქცია. შფოთვა მოიცავს შიშის კომპონენტს, თუმცა განსხვავება ამ კუთხით ისაა, რომ შფოთვა უფრო მომავლისკენაა მიმართული, ეს არის წუხილი, რომ რაღაც ცუდი მოხდება, ხოლო შიში უფრო აწმყო საფრთხეზეა ორიენტირებული. დიაგნოზი ისმება მაშინ, როცა შფოთვის სიმპტომები გრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში — ჩვეულებრივ, რამდენიმე კვირა ან თვე — იწვევს სუბიექტურ დისკომფორტს და მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე, იქნება ეს ემოციური, სოციალური, აკადემიური თუ სხვა სფერო. შფოთვითი აშლილობების ფართო კატეგორიაში შედის: ფობიები, განშორების შფოთვა, სელექტიური მუტიზმი, სოციალური შფოთვა, პანიკური აშლილობები, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა...
- მიზეზები მრავალფეროვანია. რა თქმა უნდა, არსებობს გენეტიკური წინასწარგანწყობაც, რომლის პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 20-40%-მდე მერყეობს, აგრეთვე გავლენას ახდენს სხვადასხვა ნეირობიოლოგიური ფაქტორი, პიროვნული ნიშნები, მაგალითად, როგორიცაა ნევროტულობა და ა.შ. შფოთვითი აშლილობები სტატისტიკურად ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, რასაც უამრავი მიზეზი აქვს, იქნება ეს ჰორმონალური ფაქტორი, სოციალური ზეწოლა, კულტურული ფაქტორები თუ სხვა. ამ ყველაფერთან ერთად, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ოჯახური დინამიკაც, ურთიერთობები მშობლებთან, აღზრდის სტილი. შფოთვა ხშირად გვიყვება იმის შესახებ, რაც შინაგანად დაუმუშავებელია — გაუცნობიერებელი დანაშაული ან შიში, ტრავმები, შინაგანი კონფლიქტები. სწორედ ამიტომ, ფსიქოთერაპია არ არის უბრალოდ „სიმპტომის გაქრობა“, არამედ ეს არის გაგების პროცესი. შფოთვას ზეგავლენის ძალა ეკარგება, როცა ის ნელ-ნელა აზრს იძენს და სიმბოლიზირებულია.
- სიმპტომები მრავალფეროვანია, ის შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, როგორებიცაა: მუდმივი დაძაბულობა, ყურადღების კონცენტრირების სირთულეები, გაღიზიანებადობა, გადაჭარბებული ყურადღება უარყოფით ასპექტებზე და სამომავლო უარყოფით შედეგებზე; და აგრეთვე ფიზიოლოგიურიც: გულის აჩქარება, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, დიარეა, ძილის დარღვევები, კუნთების დაძაბულობა, დაღლილობა, მოუსვენრობა და ა.შ. სპეციალისტის ჩართვა საჭირო ხდება მაშინ, როდესაც ის იძენს პერსისტენტულ ხასიათს, არის შემაწუხებელი და ზღუდავს პიროვნებას ყოველდღიურ ფუნქციონირებაში.
- წარმოიდგინეთ პიროვნება, რომელსაც აგორაფობია და პანიკური შეტევები აქვს. მას უჭირს გარეთ გასვლა, სამსახურში სიარული, რის გამოც შეიძლება ფინანსურ პრობლემებამდეც მივიდეს. ინტერპერსონალური ურთიერთობები დაძაბულია როგორც ოჯახში, ისე მის გარეთ, რის გამოც იზოლირდება, ვერ ერთვება უამრავ სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში. შედეგად კი მისი მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება.
ზოგჯერ ადამიანები ვერც აცნობიერებენ, რომ შფოთვა აქვთ და უამრავ სამედიცინო გამოკვლევას იტარებენ. სათანადო ჩარევის გარეშე ის შეიძლება გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში, აგრეთვე გახდეს სხვა ისეთი მდგომარეობის გამოწვევის მიზეზიც, როგორიცაა დეპრესია, ნივთიერებებზე დამოკიდებულება, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება და ა.შ., რაც, რასაკვირველია, უფრო ამძიმებს სიტუაციას.
დროული და ადეკვატურად შერჩეული ინტერვენციის წყალობით შფოთვითი აშლილობები საკმაოდ კარგად ექვემდებარება მკურნალობის პროცესს. რიგ შემთხვევებში, საჭირო ხდება კომპლექსური მკურნალობა როგორც მედიკამენტოზური, ისე ფსიქოთერაპიული. მაგალითად, პრობლემის სიღრმისეული ანალიზისა და მიზეზების კვლევისთვის ეფექტურია ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპია. აგრეთვე პოპულარული მეთოდია კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპია, რომელიც პიროვნებას ეხმარება შფოთვის გამომწვევი აზრების ამოცნობასა და მათ მართვაში.
ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა უფრო ჰქონდეს მიდრეკილება შფოთვითი აშლილობებისკენ, რაც გენეტიკური, პიროვნული და სხვა გარემო ფაქტორებითაა გამოწვეული. რიგ შემთხვევებში, შფოთვით აშლილობას ახასიათებს ქრონიკულობის ტენდენციაც, თუმცა ადეკვატური ჩარევით პიროვნება სწავლობს, თუ როგორ გაუმკლავდეს მნიშვნელოვან სტრესორებს მომავალში, რაც სიმპტომების რეციდივისა და ინტენსიურობის რისკს საგრძნობლად ამცირებს.
- რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა სიმპტომები იმდენად ინტენსიური, გამომფიტავი და პრობლემური ხდება, რომ მხოლოდ ფსიქოთრაპია საკმარისი აღარ არის და ერთვება ფსიქიატრი, რომელიც აფასებს მდგომარეობის სიღრმეს და საჭიროებისამებრ ნიშნავს მედიკამენტოზურ მკურნალობას. ხშირად, როდესაც ვშფოთავთ, გვიჭირს იმის აღქმა, თუ რას გვეუბნებიან, სათანადოდ ვერ ვკონცენტრირდებით. სიმპტომების დასტაბილურებისას კი ფსიქოთერაპიაც უფრო ეფექტური ხდება. ფსიქიატრის ჩართვა ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც „ძალიან მძიმესთან“ გვაქვს საქმე. დროული და კომპლექსური მიდგომა, ზოგადად, ძალიან ეფექტურია და შედეგიც არ აყოვნებს ხოლმე.
- მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ნორმალური, სიტუაციური შფოთვა კლინიკურად მნიშვნელოვანი აშლილობისგან. დიაგნოზის დასმას სპეციალისტის მიერ საფუძვლიანი შეფასება სჭირდება. ეს გამოცდილებები, რაც თქვენ დაასახელეთ — შფოთვა გამოცდების წინ, მშობლის შიში შვილის მომავალზე, ან ჯანმრთელობაზე მუდმივი ფიქრი — საკმაოდ გავრცელებულია და ზოგჯერ სრულიად ნორმალურ განცდებს ემყარება. შფოთვა, გარკვეულ დონემდე, თვითზრუნვისა და მომავლის მიმართ პასუხისმგებლობის გამოხატულებაც არის. შიში და შფოთვა ყოველთვის უარყოფითი გმირები როდი არიან. მაგალითად, გამოცდა ახსენეთ. მცირე შფოთვა შესაძლოა დაგვეხმაროს კიდეც ჩვენი გონებრივი რესურსების მობილიზებაში და გამოცდაზე საკმაოდ კარგი შედეგიც მივიღოთ.
მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც შფოთვა ხდება უკვე დამღლელი, მშთანთქმელი, პერსისტენტული და ხელს გვიშლის ფუნქციონირებაში. მაგალითად, როდესაც პანიკური შეტევები ხელს გვიშლის, ყოველდღიურად ვიაროთ სამსახურში, შევასრულოთ საკუთარი მოვალეობები როგორც ოჯახში, ისე მის გარეთ; როდესაც სოციალური შფოთვა არ გვაძლევს საშუალებას, ვრეალიზდეთ ჩვენს პროფესიაში და გამოვავლინოთ ჩვენი სრული პოტენციალის ნახევარიც კი; როცა მშობლის შიში შვილის ქცევებზე კონტროლის სურვილში გადაიზრდება და ბავშვთან ურთიერთობაც იძაბება. ან, რაც ასევე ხშირია პრაქტიკაში — ჯანმრთელობაზე გადაჭარბებული ფიქრი, როცა ადამიანი მუდმივად იკვლევს სიმპტომებს, იტარებს გაუთავებელ გამოკვლევებს და ვერანაირი დამამშვიდებელი პასუხი შფოთვას ვერ უმსუბუქებს. ამ დროს უკვე ჩარევა ნამდვილად საჭიროა. პირველი ნაბიჯი ხშირად თავად შფოთვის აღიარებაა — იმის, რომ რაღაც გვღლის, გვაშინებს და არ ვიცით, როგორ დავამუშავოთ ეს განცდა. როცა ის იწყებს ჩვენი ცხოვრების მართვას, მაშინ უკვე ღირს დაფიქრება და სპეციალისტთან კონსულტაცია.
- შფოთვითი აშლილობის განვითარებაზე მშობლების გავლენაც საკმაოდ დიდია. მიუხედავად იმისა, რომ შფოთვა კომპლექსური მდგომარეობაა და მის ჩამოყალიბებაში მრავალი ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორი მონაწილეობს, მშობლების დამოკიდებულებას, აღზრდის სტილს და ემოციურ გარემოს მაინც ცენტრალური როლი აქვს.
შფოთვით აშლილობას ხშირად ვხვდებით ავტორიტარი, პერმისიულ თუ ნეგლექტური მშობლების შვილებთან. კონტროლის, მოთხოვნის მაღალი და გულისხმიერების დაბალი ხარისხი, რაც ავტორიტარი მშობლისთვისაა დამახასიათებელი, ხშირად იწვევს მსგავს მდოგმარეობებს. ამ დროს გარემო ბავშვისთვის უსაფრთხო არაა, რაც მისი ათვისების პროცესსაც აფერხებს. მშობლების მხრიდან მოდის დიდი მოლოდინები, ხშირი კრიტიკა. როდესაც ბავშვი მუდმივად ცდილობს მშობლისთვის იყოს "საკმარისი", შეიძლება ადრეულ ასაკშივე განუვითარდეს შფოთვის ნიშნები, განსაკუთრებით არასრულფასოვნების ან წარუმატებლობის შიში. აღსანიშნავია ე.წ. „ვერტმფრენი მშობელიც“, რომელიც გადაჭარბებული მზრუნველობით ხასიათდება და ბავშვს ავტონომიას აცლის. ასეთი მშობლები მუდმივად თავს დატრიალებენ, ზედმეტად აკონტროლებენ, ფრთხილობენ და ზღუდავენ ბავშვის სივრცეს.
თუმცა არც ის ვარგა, როცა მოთხოვნის ხარისხი დაბალია და გულისხმიერების ზედმეტად მაღალი დონე გვაქვს, რაც პერმისიულ მშობლებს ახასიათებთ. ასეთ დროს ბავშვს რეალობის აღქმა უჭირს, საკუთარი უნარების ადეკვატურად შეფასება არ შეუძლია და უამრავ სირთულეს აწყდება თანატოლებთან. ნეგლექტურ, ანუ უგულებელმყოფელ აღზრდის სტილთან კიდევ უფრო რთულად გვაქვს საქმე. ფაქტობრივად, ასეთი შვილები ჰაერში არიან გამოკიდებულნი, საყრდენის გარეშე, მშობელი ემოციურად მიუწვდომელია, რაც, რა თქმა უნდა, ზრდის შფოთვითი და სხვა მდგომარეობის განვითარების რისკს.