კათოლიკური სამყარო რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობს. რომის პაპი 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება გახდა. ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში პაპი ფრანცისკე პნევმონიით კლინიკაში მოათავსეს. მას სუნთქვის უკმარისობა აწუხებდა და მკურნალობის პროცესში რამდენჯერმე მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა. ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი, თუ როდის დაკრძალავენ რომის პაპს, უცნობია. მაგრამ, ეს არაუადრეს 28 აპრილისა უნდა მოხდეს.
15-20 დღეში სიქსტის კაპელაში კონკლავი - ახალი პაპის არჩევის პროცესი დაიწყება. მასში მონაწილეობას არაუმეტეს 80 წლის 120 კარდინალი მიიღებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მათ გარე სამყაროსგან სრული იზოლირება მოუწევთ. როგორც ამბობენ, მხოლოდ ამ გზით შეძლებენ რელიგიური პირები, რომ თავიანთ გადაწყვეტილებაში სრულიად ობიექტურები იყვნენ.
ამავდროულად, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ, ყველას ძველი წინასწარმეტყველება გაახსენდა. ირლანდიელი ეპისკოპოსის, წმინდა მალაქიას მიერ 1595 წელს გამოქვეყნებულ "უზენაესი პონტიფების წინასწარმეტყველებაში" მხოლოდ 112 პაპი იყო დასახელებული, ხოლო ფრანცისკე 112-ე, ანუ უკანასკნელია... ტექსტის მიხედვით, როცა ის მოკვდება, რომი განადგურდება და აღსასრული დაიწყება, ხოლო 2027 წელს სამყაროს აღსასრული იქნება.
რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც აპოკალიფსისთვის და რომის განადგურებისთვის უკვე ემზადებიან, მაგრამ ბევრი თვლის, რომ წმინდა მალაქიას სიტყვები ასე პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. ერთი ვერსიით, "აღსასრული" ნიშნავს მხოლოდ ძველი სამყაროს დასასრულს და ახლის აღზევებას, რომელშიც ტექნოლოგია და ახალი ღირებულებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ახალ სამყაროში კი ეკლესიის როლი და ვატიკანის გავლენა მთელ მსოფლიოში გადაიხედება. გარდა ამისა, კათოლიკური ეკლესია წმინდა მალაქიას წინასწარმეტყველებას გარკვეული სკეპტიციზმით უყურებს. ითვლება, რომ ეს დოკუმენტი შეიძლება რეალურად ყალბი იყოს და არსებული ვერსიით, ის შესაძლოა, მე-16 საუკუნეში, რომის პაპის არჩევაზე გავლენის მოხდენის მიზნით შექმნილიყო. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ტექსტი რეალურ ფაქტებს რამდენჯერმე ზუსტად დაემთხვა.
რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს სიკვდილის წინა დღეს ბოლოჯერ მიმართა. 20 აპრილს პაპი ვატიკანის სტუმრებს ესაუბრა და თქვა, რომ ყველა ადამიანის მთავარი მიზანი ძალადობის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა უნდა იყოს.
ახლა მსოფლიო ელოდება კონკლავს და ახალი პაპის არჩევის ცერემონიას.