11 აპრილს, ავჭალის დასახლებაში, ლიბანის 22 ნომერში, "ტიტანიკის" სახელით ცნობილ კორპუსის შახტაში 13 წლის ბიჭი ჩავარდა. დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ნიკოლოზ კოკოშაშვილი გარდაიცვალა.
"ტიტანიკი" ცხრასართულიანი ავარიული კორპუსია. წლების წინ მისი საძირკველი გრუნტის წყლებით დაზიანდა, ნაგებობის ერთი ნაწილი შუაზე გადატყდა და სადარბაზო ჩამოინგრა. ამჟამად კორპუსის ნაწილი დაცლილია, მაგრამ ერთ სადარბაზოში ისევ ცხოვრობენ.
- რატომ ვერ მოხერხდა თქვენი გასახლება? მერია ამბობს, ვთავაზობთ ქირით გაყვანას და ბინით უზრუნველყოფას, მაგრამ არ გადიანო.
- 1980 წელს შევიდა კორპუსი ექსპლუატაციაში და ხუთი წლის შემდეგ ანუ 1985 წლიდან ავარიულად ითვლება. თავიდანვე შეცდომა იყო აქ კორპუსის აშენება. აქ მიწა მცოცავია, ბევრი სამუშაოც ჩატარდა, საძირკველი გაამაგრეს, არაერთხელ ბეტონი ჩაასხეს, თუმცა ამან ვერ უშველა. ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდში გაასახლეს კორპუსიდან მობინადრეები. ყველას მისცეს კომპენსაცია, ზოგმა ბინა იყიდა, ზოგმა არა. კორპუსში ახლა 33 ოჯახი დავრჩით.
- თქვენ რატომ არ გახვედით, თანხა მისაღები არ იყო?
- მობინადრეები ეტაპობრივად, რიგის მიხედვით გაჰყავდათ.
ამიტომაც მეც და სხვებმაც რეალური ღირებულება მოვითხოვეთ. მას შემდეგ გაჩერდა ყველაფერი, ალბათ, 15 წელზე მეტი იქნება. არაერთხელ მივმართეთ სხვადასხვა ინსტანციას, მერიას, გამგეობას, მაჟორიტარ დეპუტატსაც. მეზობლის სტუმარი ბიჭი შეეწირა კიდევ ამ კორპუსს, მას შემდეგაც დაიწყო დაპირებები, გააკეთეს აზომვითი ნახაზები, ოფიციალური დოკუმენტაცია მოაწესრიგეს, მოგვაწერინეს ხელი, რომ კორპუსი უნდა აეშენებინათ ჩვენთვის, რომ ბინა იქნებოდა კეთილმოწყობილი, რაზეც თანახმა ვართ, მიუხედავად იმისა, რომ მაინც ვიზარალებთ. მაგალითად, მეც და დანარჩენებსაც გვაქვს კაპიტალური ავტოფარეხი, ეს ხომ არის ჩვენი ქონება, მაგრამ სამაგიერო ფართობს არ გვაძლევენ. ახალ კორპუსში ავტოსადგომებს ვითხოვდით, მაგრამ უარი გვითხრეს. მიუხედავად ამისა, მაინც თანახმა ვართ გადავიდეთ, იმიტომ, რომ უპირველესი, ადამიანის სიცოცხლეა საფრთხის ქვეშ. ერთხელ გლდანში წაგვიყვანეს, გვაჩვენეს მშენებარე კორპუსი, გვითხრეს, ეს ნომერი ბინა შენი იქნებაო, მაგრამ ეს საქმეც რატომღაც არ გამოვიდა. გამგეობაში ხელმძღვანელობა შეიცვალა და ხმა გამოვიდა, ეგ დაპირება ტყუილი იყოო. მივედით კოტე ზარნაძესთან, მან საკითხი შეისწავლა და დაგვაკავშირა თბილისის განვითარების ფონდს პროგრამაში ჩასასმელად. მერე დაიწყო საუბარი, რომ ქერჩის ქუჩაზე აგვიშენებდნენ კორპუსს, გვაჩვენეს ტერიტორიაც, მაგრამ იმ ადგილას დევნილები ცხოვრობენ და დევნილთა სამინისტრომ არ მოგვცა კორპუსის აშენების უფლებაო. სულ ბოლოს ჩარგლის ქუჩაზე იყო საუბარი, სართულები ვიცით, პროექტიც დაგვირიგეს. გასული წლის სექტემბერში ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო და წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო ყველაფერი, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა. ახლა ეს ტრაგედია დატრიალდა და ისევ დაიწყო საუბარი. წლებია ვრეკავთ თბილისის განვითარების ფონდში, გვპასუხობენ, მუშაობა გრძელდებაო, მაგრამ ამ ბავშვის დაღუპვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე პროექტირებაც არ არის ჯერ დასრულებული. გვპირდებიან, აგიშენებთო, მაგრამ ვეღარ ვენდობით ვერავის.
ადრე ქირით გაყვანა რომ შემოგვთავაზეს, მაშინ გვითხრეს, იქნება ფონდი და ფონდის თანხა გაიყოფა რამდენი ოჯახიც გავა ქირითო.
ჩვენ გვიწევდა თანხის დამატება, თანაც განუსაზღვრელი დროით. რომ გავსულიყავით, არც იმის გარანტია გვქონდა, რომ ვინმე აგვიშენებდა კორპუსს. მე 33 ოჯახის სახელით ვსაუბრობ - ჩვენ ქირით არ გავალთ, ვითხოვთ რეალურ კომპენსაციას და ჩვენ თვითონ შევიძენთ ბინებს. ამ ბავშვის უბედურება საკუთარი თვალით ვნახე და ძალიან მეუხერხულება ახლა ბინებით დაკმაყოფილებაზე საუბარი. ის სადარბაზო, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, წლებია დაცლილია, მივმართეთ არაერთხელ, რომ დაელუქათ, შევხვდით გამგეობის წარმომადგენლებს, უარი არ უთქვამთ, მაგრამ არაფერი გაკეთდა. ახლა ჩვენ გვადანაშაულებენ. ჩვენს სადარბაზოშიც ღიაა ლიფტის შახტა, ყველა სართულზე გვაქვს აფარებული რაღაც. რაში გვჭირდება გამგეობა, მთავრობა, თუ ელემენტარულ პრობლემას არ მოგვიგვარებს?