პედიატრები ხშირად უჩევენ მშობლებს, ბავშვის ოთახში არ შეინახონ ფუმფულა სათამაშოები. დიდი ხანია ცნობილია, რომ რბილი სათამაშოები სიფრთხილეს საჭიროებენ.
კვლევისთვის მეცნიერებმა აიღეს ნაცხი ოთხი საგნიდან — ბავშვის პლედიდან, ფუმფულა სათამაშოდან, ნაგვის ურნიდან და უნიტაზის სახურავიდან. მიღებული ნიმუშები შემოწმდა ადენოზინტრიფოსფატის დონეზე — ესაა ნივთიერება, რომელიც ცოცხალ უჯრედებში გვხვდება. შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა: პლუშის სათამაშოების თითქმის 30% და პლედების 43% აჩვენებდა დაბინძურების დონეს 1000 ერთეულზე მეტს. ეს უფრო მაღალია, ვიდრე უნიტაზის (864) ან ნაგვის ურნის (294) შემთხვევაში.
აღმოჩენილ ბაქტერიებს შორის იყო ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus) და ნაწლავის ჩხირი E. coli, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ მძიმე ინფექციები ბავშვებში.
"მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ეს არ არის უბრალოდ ჭუჭყი, არამედ ფარული საფრთხე ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისა და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის", — განაცხადა კლინიკა It's Me & You-ს ექიმმა სნეგუოლე გეიგემ კვლევის შედეგების კომენტირებისას.
დოქტორი გეიგე ხაზს უსვამს, რომ პლუშის სათამაშოები და ბავშვის პლედები იდეალური გარემოა ბაქტერიების, სოკოებისა და ალერგენებისთვის. მათი რეგულარული ზემოქმედება კი შეიძლება გახდეს რესპირატორული დაავადებების, კანის რეაქციებისა და ხშირი ინფექციების მიზეზი. გარდა ამისა, რბილი სათამაშოები აგროვებენ მტვრის ტკიპებსა და ობის სპორებს, რომლებიც იწვევენ ალერგიასა და ასთმის გამწვავებას.
გამოსავალი მარტივია: არ დაგვავიწყდეს ჰიგიენა და რბილი სათამაშოების რეგულარული რეცხვა.
სათამაშოები მუსიკალური ან მექანიკური ელემენტებით უმჯობესია საერთოდ არ გარეცხოთ მანქანაში. ისინი შეიძლება გაწმინდოთ საპნიანი ხსნარით: გახსენით ცოტაოდენი რბილი სარეცხი საშუალება ან ბავშვის შამპუნი თბილ წყალში, დაასველეთ ხსნარში რბილი ქსოვილი ან ღრუბელი და გაწმინდეთ ზედაპირი. შემდეგ მოაშორეთ საპნის ნარჩენები სუფთა სველი ქსოვილით. დამატებით შეგიძლიათ შეასხუროთ სათამაშოს ანტისეპტიკური სპრეი ან დაამუშაოთ ორთქლით.