განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ გადაცემაში "ღამის კურიერი" სკოლებში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა:
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების ხედვა წარადგინა და ის სიახლეები განიხილა, რომელთა შეთავაზებასაც სასკოლო საზოგადოებისათვის გეგმავს. მნიშვნელოვანია, სკოლის 21-ე საუკუნის, თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებზე მორგება. ამ მიზნით, არაერთი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. მათ შორის, ფიზიკა-მათემატიკის სწავლების გაძლიერებაა. საბედნიეროდ, საქართველოში მათემატიკისა და ფიზიკის ძლიერი სკოლები გვაქვს. ამ სკოლების მაგალითით, გვინდა, ყველა საჯარო სკოლაში გაძლიერებული სასკოლო პროგრამა შევქმნათ. ამას თავდაპირველად საშუალო საფეხურზე, მე-11-მე-12 კლასში შევიტანთ.
ასევე, კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. აქამდე კომპიუტერული ტექნოლოგიები მხოლოდ დაწყებით საფეხურზე ისწავლებოდა. 2025 წლის სექტემბრიდან კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ. როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურზე, 10 კლასის ჩათვლით, ყველა მოსწავლისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა სავალდებულო იქნება.
მე-10 კლასიდან გვინდა მოსწავლეს არჩევანი შევთავაზოთ - თუ მას აკადემიური მიმართულებით უნდა სწავლის გაძლიერება, ასეთი მიმართულება აირჩიოს, თუ პროფესიული მიმართულებით სწავლის გაძლიერება უნდა, შესაბამისი მიმართულება აირჩიოს. ჩვენი სურვილია, რომ 2025 წლის სექტემბრიდან 100-მდე საჯარო სკოლაში ინტეგრირებული პროფესიული პროგრამის არჩევა იყოს შესაძლებელი.
ჩვენი ინიციატივაა, რომ სკოლებში STEM-კლუბები შევიტანოთ. საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების ინტერდისციპლინარული სწავლების მეთოდი სკოლებში კლუბების სახით იქნება. მოეწყობა ლაბორატორიები. კლუბში მუშაობა ნებაყოფლობითი იქნება და მოსწავლეს სასკოლო საათების დასრულების შემდეგ შეეძლება დარჩენა. ამისთვის ფინანსები უკვე გამოყოფილია.
ჰუმანიტარული მეცნიერებების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია დაგეგმილი. მშობლიური ენა - ქართული ენა და ლიტერატურა გაძლიერებულად ისწავლება. ჰუმანიტარული მიმართულებითაც სასკოლო საზოგადოებას სხვადასხვა კლუბსა და ინიციატივას შევთავაზებთ.
ჩვენი მთავარი მოტივაცია თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებისადმი სასკოლო საზოგადოებისა და სკოლის მოსწავლეების აღჭურვაა იმ უნარებით, რაც მათ დასჭირდებათ. უდავოა, რომ ერთ-ერთი ჩინური ენაა. უნდა აღვნიშნო, ჩემთვის, ცოტა გასაკვირი იყო ის გამოხმაურება, რაც მივიღეთ. დღეს საქართველოში 7 მეორე უცხო ენის სტანდარტი მოქმედებს. მათ შორის, აღმოსავლური ენებიცაა. დაემატება მე-8, ჩინური ენის სტანდარტი. მეორე უცხო ენა მე-5 კლასის შემდეგ არჩევითია. სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს აქამდეც ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ჩინური აერჩიათ. რამდენიმე სკოლაში ისწავლებოდა. თუმცა, სტანდარტი არ არსებობდა და მასწავლებელზე ვიყავით დამოკიდებული, ვინ რა სახელმძღვანელოთი და რა შინაარსით წაიყვანდა საგაკვეთილო პროცესს. მომავალი წლიდან ჩვენ გვექნება სტანდარტი. რაც შეეხება მასწავლებლების რაოდენობას, 2100-მდე სკოლა გვაქვს. ყველგან ჩინურის სწავლა ხელმისაწვდომი არ იქნება. მაგრამ, იმ სკოლებს, სადაც სურვილი ექნებათ, რომ ჩინური ენა ისწავლონ, დისტანციურადაც შევთავაზებთ. დისტანციურად ენის სწავლება ძალიან კარგ შედეგს იძლევა.
საჯარო სკოლებში კვების საკითხი პრობლემად რჩება - აღნიშნული პრობლემა მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია. განათლების სამინისტრო სხვადასხვა უწყებასთან ერთად ვმსჯელობთ და რამდენიმე მოდელს განვიხილავთ. თუმცა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის, სასკოლო სასადილოების მოწესრიგება, ამ პრობლემის ერთ-ერთი გასაღები იქნება.
წელს სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ახალი სტანდარტები შევიმუშავეთ. ვაპირებთ, რომ მომავალი სასწავლო წლიდან სწორედ აღნიშნული სტანდარტების მიხედვით დაიბეჭდოს წიგნები. სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები შევა.
იხილეთ გადაცემა ვრცლად: