ყოველწლიურად ასობით უშვილო წყვილი წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიამდე საკმაოდ გრძელ გზას გადის, ტაძარში მიდის და ღმერთს შვილს სთხოვს. თან კი იმედის სიმბოლო, აკვანიც მიაქვთ. უამრავ უშვილო წყვილს შორის, რომლებიც წაჩხურობის დღესასწაულს აღნიშნავს, სალო და ნიკაც აღმოჩნდნენ. ყველაფერი 5 წლის წინ დაიწყო. შეუღლებიდან მალევე წყვილი დიდი განსაცდელის წინაშე დადგა. ნიკამ და სალომ გაიგეს, რომ მათ შვილი არ ეყოლებოდათ. მეტიც, ექიმებმა უარით გამოისტუმრეს და უთხრეს, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. ამის შემდეგ, წყვილი წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში წავიდა და ღმერთს შვილი სთხოვა. ახლა ისინი 2 ვაჟის მშობლები არიან და საკუთარი გამოცდილების შესახებ გადაცემაში "შუადღე" საუბრობენ:
სალო სიკოლია: ტაძარში გამთენიას ავედით. უამრავი ადამიანი იყო. იმხელა დარდი მიგვქონდა და ისე ნელა ავდიოდით ამ აღმართს... ჩემთვის ძალიან ემოციურია, ძალიან ხშირად ვათვალიერებ ხოლმე ამ ყველაფერს. ამ გზას დიდი იმედით დავადექით.
ნიკა ბენდელიანი: მთელ საქართველოში ექიმებთან ყველგან ვიყავით. არ დამავიწყდება ერთ-ერთის სიტყვები - მითხრა, რომ აზრი არ აქვსო... უკან არაფერზე დაგვიხევია. მკურნალობიდან დაწყებული, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ გზა მაინც უფალთან მიდის.
ყველანაირი მცდელობის შემდეგ, წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესია მათთვის ერთადერთ იმედად იქცა. წაჩხურობიდან დაბრუნებულებმა მალე გაიგეს, რომ მათ ცხოვრებაში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა. ზუსტად 1 წელიწადში ნიკა და სალო მშობლები გახდნენ. თუმცა, საყვარელ ეკლესიამდე მისასვლელი გზა არც შემდეგ დაივიწყეს. მადლიერების ნიშნად, ნაცნობი გზა ერთი წლის ვაჟთან, ვაჩესთან ერთად გაიარეს.
ნიკა ბენდელიანი: პირადად ჩემთვის, ეს მსოფლიოს მერვე საოცრება იყო. ყველა ჩვენ შემოგვცქეროდა და თითოეული მათგანისთვის ძალიან დიდი იმედის ნაპერწკალი ვიყავით.
წყვილი მოულოდნელად მეორე სასწაულის მომსწრეც გახდა. მომდევნო წელს მათი ცხოვრება კიდევ ერთხელ შეიცვალა და კიდევ ერთი შვილი ეყოლათ.
სალო სიკოლია: წყვილებს, რომლებიც ახლა ამ გზას გადიან, მინდა ვუთხრა, რომ რწმენა არასდროს დაკარგონ. უფალი ცრემლით ნათქვამ ლოცვას აუცილებლად შეისმენს. ეს ძალიან რთული გზაა. ემოციურად ამ ყველაფრის გაგება მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც ეს გაიარა. თუკი შემიძლია, ჩემი ისტორიით სხვისი რწმენა გავაძლიერო, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ.
ნიკა: ყველას ვეტყვი, რომ იმედი არასდროს დაკარგონ...