ნაყინი - ეს მხიარულების, გართობისა და გარკვეულწილად ბავშვობის ასოციაციაა. მართალია, ნაყინი ძალიან ბევრ უფროსსაც არანაკლებად უყვარს, მაგრამ ის რაღაცნაირად მაინც ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვების უმეტესობას იმდენი ნაყინის ჭამის უფლებას არ აძლევენ, რამდენიც საჭიროა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვემზადებიან სტატია იმაზე, თუ რა ასაკიდან და რა რაოდენობით ნაყინია დასაშვები ყოველდღიურად და როგორია მისი სასარგებლო თვისებები.
მაშ ასე, პირველ რიგში გეტყვით, რომ ბავშვებისთვის ნაყინის მირთმევა რეკომენდებულია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი ორგანიზმი საკმარისად ადაპტირდება რძესა და შაქართან. პედიატრები გვირჩევენ, რომ ბავშვებს ნაყინი 2 წლის ასაკიდან შევთავაზოთ. ზომიერების დაცვა ნებისმიერ ასაკში აუცილებელია, თუმცა პატარა ასაკში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბავშვმა ნაყინი შეიძლება ყოველდღიურად მიირთვას. დღეში 1-2 პატარა ბურთი, მაქსიმუმ 100 გრამი მათთვის სრულიად საკმარისია. პედიატრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ ნაყინით არ მოხდეს სრულფასოვანი კვების, მაგალითად, სადილის ჩანაცვლება. ეს დესერტი პატარებს უნდა შესთავაზოთ მას შემდეგ, რაც დაბალანსებულ კვებას მიიღებენ.
თუ თქვენი შვილი ნაყინს ყოველდღიურად გთხოვთ, თავი დამნაშავედ ნამდვილად არ უნდა იგრძნოთ. სწორად შერჩეულ ხარისხიან პროდუქტს კვებითი ღირებულება აქვს და ის შეიძლება ბავშვის რაციონის ნაწილი გახდეს.
ნაყინი შეიცავს ისეთ სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს, როგორცაა კალციუმი და ვიტამინი D, რადგან მისი ძირითადი ინგრედიენტი რძეა. ისინი კი ძვლოვანი სისტემის განვითარებას უწყობენ ხელს.
იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად აქტიურები არიან და ბევრ ენერგიას ხარჯავენ, ენერგიის გემრიელი წყარო შეიძლება გახდეს ნაყინი.
ნაყინი, რომელიც რძისგანაა დამზადებული, პროტეინის კარგი წყაროა. ცნობილია, რომ რძის ცილები (პროტეინი) მნიშვნელოვანია კუნთების მასის შესაქმნელად, სისხლში შაქრის დონის კონტროლისა და იმუნური ფუნქციის მხარდასაჭერად.
და რაც უკვე ყველამ კარგად იცის, ნაყინი ბედნიერების წყაროა. მისი ჭამა პირდაპირ უკავშირდება ტვინში დოფამინის გააქტიურებას, რაც ბედნიერების ჰორმონის გამოყოფაზეა პასუხისმგებელი.
თუ აქამდე ფიქრობდით, სასარგებლო იყო თუ არა თქვენი შვილებისთვის ნაყინი, ალბათ, ახლა უკვე ეჭვი აღარ გეპარებათ, რომ ის ბევრ სხვა ტკბილეულს ჯობია და თამამად შეგიძლიათ შესთავაზოთ პატარებს. ნაყინი რძეზეა დამზადებული და შეიცავს სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს, რაც მას უფრო ღირებულ ტკბილეულად აქცევს, ვიდრე ქარხნულად დამზადებული სხვა ტკბილეულია.
ნაყინისგან სარგებლის მისაღებად მთავარი პირობა კი ხარისხიანი პროდუქტის შერჩევაა. სანდო კომპანიის ნაწარმი შეგიძლიათ თამამად ჩართოთ თქვენი შვილის ყოველდღიურ რაციონში.
დაბოლოს, ნაყინთან დაკავშირებულ ერთ მითსაც შევეხოთ. ნაყინი საზაფხულო დესერტადაა მიჩნეული, თუმცა თუ ბავშვი ჯანმრთელია, ნაყინის მიღება არც ცივ ამინდშია საშიში. პირიქით, ის ხელს უწყობს ორგანიზმის "ვარჯიშს" ტემპერატურულ ცვლილებებზე რეაგირების უნარში და იმუნიტეტის გაძლიერებაში ეხმარება.
ნუ შეგეშინდებათ, გემრიელი დესერტიც შეიძლება იყოს სასარგებლო, თუ მას გონივრულად მიაწოდებთ თქვენს პატარებს.
NS