„როგორც მოსალოდნელი იყო, „პალიტრა სტუდიას“ წიგნის ბაზრობამ დიდი გამოხმაურება და უამრავი დადებითი უკუკავშირი მოუტანა. განსაკუთრებული დაინტერესება მოჰყვა ჩვენს რამდენიმე პროექტს. მოზარდები სამაგიდო თამაშებით ერთობოდნენ, იქვე “მოგზაური თაგუნიას” ერთმანეთს ხელიდან აცლიდნენ პატარები…” - აცხადებს სტუდიის ხელმძღვანელი რუსკა შაშიაშვილი.
„პალიტრა სტუდია“ 2022 წელს შეიქმნა. ეს არის სხვადასხვა შემოქმედებითი უნარებითა და ერთი იდეის გარშემო შეკრებილი ოთხი ადამიანის ერთობა. დაარსების დღიდან გუნდის მთავარი მიზანია, შექმნას სათამაშოები, საბავშვო პროდუქტები და დეკორატიული ელემენტები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითობას, ფანტაზიის განვითარებასა და სწავლის პროცესის გამარტივებას თამაშის გზით.
- რუსკა, რა სახის სათამაშოებს აწარმოებთ? როგორია პროცესი იდეიდან საბოლოო შედეგამდე?
გუნდი ორიენტირებულია შექმნას ბავშვების უსაფრთხო, საინტერესო, მათ განვითარებაზე ორიენტირებული პროდუქტები.
ჩვენ ვქმნით თოჯინებს - რომლებიც ბავშვებს ეხმარება საკუთარი სამყაროს აღმოჩენაში, სამაგიდო თამაშებს - რომლებიც აერთიანებს ოჯახებს, ზღაპრებს - რომლებიც ბავშვობის ყველაზე ჯადოსნურ მოგონებად რჩება. ოთახის დეკორს და აქსესუარებს რომლებიც მათ ყოველდღიურობას განსაკუთრებულს ხდის.
- რას გვეტყვით “მოგზაურ თაგუნიაზე”?
სტუდიამ „პალიტრა L-თან“ თანამშრომლობით ცოტა ხნის წინ გამოსცა ნათელა სანიშვილის მიერ დაწერილი და სალომე ხოტივარის ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნი „მოგზაური თაგუნია“.
წიგნის მიხედვით “პალიტრა სტუდიაში” შეიქმნა ამავე სახელის სამაგიდო თამაში, რომლის ყუთშიც 3 სხვადასხვა თამაშს იხილავთ. „მოგზაური თაგუნიას“ წიგნი და თამაში გათვლილია 3+ წლის ბავშვებისთვის. თაგუნიას თამაშების დახმარებით ბავშვი სწავლობს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა გუნდური მუშაობა, მოთმინება, სტრატეგიების შემუშავება, და სხვ..
- გამოფენაზე წარმოდგენილი გქონდათ ელფების სტიკერები და სანიშნები, თქვენი შექმნილი გმირები არიან? სად შევძლებთ მათ ნახვას?
სტუდიაში გვყავს სალომე კეჩხუაშვილის მიერ შექმნილი ელფი გმირები, რომლებიც ტყეში ცხოვრობენ და უფროსების თვალისთვის უხილავი არიან. ელფების ისტორია ჯერ ილუსტრირებულ წიგნად არ გარდაქმნილა, მაგრამ ამ პაწაწინა გმირებს არაერთ პროექტში იხილავთ.
გვაქვს ელფების ილუსტრაციებით შექმნილი ბანქო, სხვადასხვა თემატიკის სტიკერები, პინები, სანიშნები. ამასთან, ამავე აქსესუარებზე გვხვდება ელფების მხატვრების სერიაც, რომელიც მოიცავს ცნობილი მხატვრული ნამუშევრების ელფებისეურ ვერსიებს. ელფების ეს სახალისო სერია ბავშვის ხედვას ხელოვნებასთან აახლოებს.
- ახალ გმირებთან ერთად ყველასათვის ნაცნობი “გუნდას” თემატიკით ახალი თამაშებიც გქონდათ წარმოდგენილი სტენდზე..
დიახ, ბევრ ახალ პერსონაჟთან ერთად, ჩვენს სტუდიაში ყველასთვის ნაცნობ გმირს - გუნდასაც შეხვდებით. თოვლის გუნდას „პალიტრა სტუდიამ“ მრავალფეროვნება შემატა. სხვადასხვა ავტორთან თანამშრომლობით, შევქმენით არაერთი ილუსტრირებული წიგნი და სახალისო თამაში, რომელიც გუნდას გმირს თანამედროვე ბაზარზე მეტად რელევანტურს ხდის.
გუნდას პაზლსა და დომინოს ორი სიახლე, მემო თამაში და „ვიპოვე“ შემოემატა, რომელიც წიგნის ბაზრობის პირველივე დღიდან ჩვენი ბესტსელერი გახდა. მალე გუნდას თემატიკის არაერთი სიახლე დაგვემატება.
- რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?
სტუდიის აქტიური მუშაობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, უამრავი სამომავლო გეგმა გვაქვს. რამდენიმე პროექტს, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ, მალე იხილავთ გაყიდვაში.
- ხომ ვერ გამოყოფდით რომელიმეს?
ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პროექტი ჭადრაკია, თუმცა ამას ჯერ საიდუმლოდ დავტოვებ. ვფიქრობ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რომელსაც მალე დავაანონსებთ.
სტუდიის პროდუქტების დიზაინზე და ილუსტრაციებზე მუშაობენ, ჩვენთვის საამაყო: სალომე ხოტივარი და სალომე კეჩხუაშვილი.