მომღერალი მარიამ გულბანი გადაცემაში "პრაიმშოუ" ამბობს, რომ ქორწინებაში ძალადობის მსხვერპლი იყო. საუბრობს იმ სირთულეებზეც, რაც ასეთ გარემოში ცხოვრებას თან ახლავს:
- საკუთარ მაგალითზე ვისაუბრებ. საკმაოდ პატარა ვიყავი. მხოლოდ ფიზიკურ ძალადობაზე არ ვსაუბრობ. საუბარი მაქვს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვან - ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რაც საკუთარ თავზე გავიარე. აქედან თავის დაღწევა საკმაოდ ძნელია. ეს პროცესი არც ისე ცოტა ხანს მიმდინარეობდა. როდესაც "გამოვძვერი", ყველა მეკითხებოდა - "აქამდე რატომ არ წამოხვედი?! აქამდე რატომ არ დააღწიე თავი?!" საკმაოდ რთულია. ამ დროს ფსიქოლოგიურად იმდენად პატარავდები, რომ ეს ნორმა გგონია. ან ამ დამცირებისა და ძალადობის შემდეგ, გესმის სიტყვები - "მაპატიე", "არ მინდოდა", "მიყვარხარ"... შენც გგონია, რომ არ უნდოდა და მიპატიებია... ეს ნორმად მიმაჩნდა. მეგონა, რომ ეს ასე ხდებოდა და ამ ადამიანს თუ თავს დავაღწევდი, შემდეგთანაც იგივე მოხდებოდა. ამ ყველაფერმა ძალიან ცუდი რაღაცები დამიტოვა, რამაც შემდგომ ჩემს ურთიერთობებზე იმოქმედა. არანორმალურად ეჭვიანი გავხდი. არ მიყვარდა ჩემი თავი. პირდაპირი მნიშვნელობით, შეურაცხადი ვიყავი. არავის ვენდობოდი. მეგონა, რომ ყველა მატყუებდა. თვითშეფასება დამეკარგა. ჩვენი საერთო შვილი დარჩენის მიზეზი არ ყოფილა. შვილი წამოსვლის მიზეზი გახდა. ვინც ამბობს, რომ მსგავს გარემოში შვილის გამო ჩერდებოდა, ეს ბავშვისთვის ყველაზე დიდი ტრავმაა. ვფიქრობ, შვილი აუცილებლად ჯანსაღ გარემოში უნდა გაიზარდოს. თუ ასეთი გარემოდან არ მოდიხართ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი შვილი არ გიყვართ და მის ფსიქოლოგიაზე არ ფიქრობთ. ეს ნიშნავს, რომ უნგრევთ ცხოვრებას თქვენს შვილსაც და მის მომავალ პარტნიორსაც.