2025 წლის 22 აპრილს ცნობილი მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა. მან არა მხოლოდ უზარმაზარი შემოქმედებითი, არამედ მატერიალური მემკვიდრეობაც დატოვა. ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე, მან ითხოვა, რომ სამშობლოში, თავისი პირველი მეუღლის, ინესა ანდრონიკაშვილის გვერდით, დიდუბის პანთეონში დაეკრძალათ.
მხატვარმა 5000-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი, გრაფიკები, ქანდაკებები, მონუმენტური და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები დატოვა. ჯერ კიდევ 2007 წელს ზურაბ წერეთლის ქონება "The Georgian Times"-მა 2 მილიარდ დოლარად შეაფასა. გარდა ამისა, მოსკოვში მას არაერთი ძვირად ღირებული უძრავი ქონება ჰქონდა.
მოქანდაკის 2021 წლის დეკლარაციაში ხუთი დიდი მიწის ნაკვეთი, ორი სახლი, ხუთი ბინა და 30 არასაცხოვრებელი ფართი იყო მითითებული. მათ შორის მოსკოვის ცენტრში მდებარე ორი ისტორიული სასახლე, რომელთაგან ერთ-ერთში გერმანიის საელჩო იყო განთავსებული.
გარდაცვალებამდე ზურაბ წერეთელი მინიმუმ 14 კომპანიის დირექტორი ან დამფუძნებელი იყო. როგორც რუსული გამოცემები წერენ, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის არაკომერციულმა კულტურულმა და საგანმანათლებლო ფონდმა, რომლის პრეზიდენტიც წერეთელი იყო, მას 2024 წელს 14 მილიონი რუბლის წმინდა მოგება მოუტანა. ის წილებს ფლობდა სავაჭრო ცენტრში, ჰქონდა ქართული კაფე, რაც საკმაოდ დიდ შემოსავალს აძლევდა.
სიცოცხლეშივე ზურაბ წერეთელმა საკუთარ შვილებს საკმაოდ დიდი ქონება გადასცა. წერეთელსა და მის მეუღლეს, ინესა ანდრონიკაშვილს ერთი საერთო შვილი შეეძინათ. ასევე, წყვილმა 2 გოგონა იშვილა და აღზარდა.
უძრავი ქონების გარდა, ზურაბ წერეთელს კარგი მანქანები უყვარდა. მას რამდენიმე Mercedes, Lexus LX570, ორი Rolls Royce (Wraith და Phantom) ჰყავდა.
ახლა მრავალმილიონიანი ქონების მთავარი მემკვიდრე ზურაბ წერეთლის ერთადერთი ბიოლოგიური შვილი, ლიკაა. წერეთლის მეუღლე, ინესა ანდრონიკაშვილი 1988 წელს გარდაიცვალა. წლების განმავლობაში ზურაბ წერეთელი მარტო ცხოვრობდა. როგორც ცნობილია, მან მეუღლის გარდაცვალება მძიმედ გადაიტანა.
2004 წელს ზურაბ წერეთელმა მხატვარი ტატიანა კოჩემასოვა გაიცნო. ის წერეთელზე 46 წლით უმცროსი იყო, თუმცა ასაკობრივ სხვაობას სიყვარულისათვის ხელი არ შეუშლია. წყვილი ერთად ცხოვრობდა, თუმცა ისინი ოფიციალურად დაქორწინებულები არ ყოფილან. შესაბამისად, დოკუმენტების მიხედვით, ტატიანა ზურაბ წერეთლის მრავალმილიონიან ქონებაზე პრეტენზიას ვერ განაცხადებს.
თუ მოქანდაკეს ანდერძი ჰქონდა დატოვებული და იქ საყვარელი ქალიცაა მოხსენიებული, მაშინ შესაძლოა, მან საკუთარი წილი მიიღოს ან სასამართლოში იდავოს.