რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი და ცნობილი ბიზნესმენი მიხაილ ხუბუტია დღეს საყოველთაო განხილვის ობიექტია. მის მიერ ნაცემი ქალის ფოტოებმა ინტერნეტსივრცე მოიცვა და კიდევ ერთხელ გაახსენა ყველას ყაზახეთში მომხდარი ცნობილი ამბავი, როცა ყოფილმა მინისტრმა ცოლი ცემით მოკლა. ხუბუტიაც ხომ ყოფილი მინისტრია - მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ექს-მინისტრი...
როგორც მისი ყოფილი საყვარელი იულია ვანი ამბობს, ხუბუტია მას ნაჯახით მიუვარდა სახლში. მისი მონათხრობის თანახმად, ხუბუტია მას საძინებელში შეეჭრა და თავს დაესხა. იულია ყვიროდა და მეზობელი ოთახიდან, შიშისგან გაქვავებულმა მისი შვილის ძიძამ დარეკა პოლიციაში. ბავშვი იულიას ხუბუტიასგან ჰყავს და როგორც ამბობენ, მას არ გაუგონია ხმაურია და დედ-მამის ჩხუბის მომსწრე არ გამხდარა.
დაზარალებული კი ამჟამად კლინიკაშია, იარებით და მოტეხილობებით, და ამბობს, რომ უჭირს საუბარი.
ეს ურთიერთობა მრავალი წელი გრძელდებოდა და 2024 წლის ბოლოს იულიამ გადაწყვიტა, რომ ამ კავშირისთვის წერტილი დაესვა. "მისგან წავედი, ის კი მანიპულირებდა, მემუქრებოდა! უნდოდა, ბავშვი წაერთმია და მე ფსიქიატრიულში გამოვეკეტე. მე დიდი ხანია მასთან ყოფნა არ მინდოდა, შიშით მაჩერებდა", - ამბობს იულია.
2024 წლის შემოდგომაზე ის დაშორდა ბიზნესმენს და ახალი ურთიერთობა დაიწყო. თუმცა მისი თქმით, ხუბუტია ამ ინფორმაციამ გააგიჟა.
"გაცოფდა, ჩემს დაბრუნებას ცდილობდა. ეს ბოლო თვე მასთან ურთიერთობა აღარ მქონია".
თავად ბიზნესმენი ამბობს, რომ ეს ცრუ ბრალდებებია.
"რა თქმა უნდა, სიცრუეა. ვინ იულია, ვინ ვანი, ვის სჭირდება ეს? საქმე არაფერი გაქვთ? ათას სისულელეს წერენ!" - ამბობს ხუბუტია.
სოციალურ ქსელშიც ორად გაიყო აზრი. ზოგიერთებს სჯერათ, რომ ხუბუტიამ ცემა ქალი და მის დასჯას ითხოვენ. სხვები კი ამბობენ, რომ საკამაოდ ბევრი კითხვის ნიშანია და არ არის გამორიცხული, ეს დადგმული სცენა იყოს ბიზნესმენისგან კომპენსაციის მისაღებად. ამბობენ, რომ პოლიციაში გოგონას ნაცნობები სულ სხვადასხვა ვერსიას ყვებიან. იმასაც ამტკიცებენ, რომ ძიძას არ გაუგონია მამაკაცის ხმა და არც დაუნახავს ვინმე. მხოლოდ ქალის კივილი ესმოდა და ამიტომ გამოიძახა სასწრაფო.
სავარაუდოდ, საქმე ძიებას გადაეცემა და დეტალები მალე გაირკვევა.
ცნობისათვის, ზუგდიდში დაბადებული 68 წლის მიხეილ ხუბუტია 1990-იანი წლებიდან რუსეთში ცხოვრობს. იქვე ააწყო ბიზნესი და კარიერა რუსეთის მთავრობაში. პუტინისტ ბიზნესმენად მიიჩნევა და მილიონერებს შორის მოიხსენიებენ.
ოფიციალურად ჰყავდა მეუღლე - ეკა ჯანაშია, რომელზეც განქორწინებულია. წყვილს ერთი შვილი ჰყავს. წლების წინ მათ ოჯახში ტრაგედია დატრიალდა - ხუბუტიას 26 წლის ვაჟმა თავი მოიკლა.