ყაზბეგში მომხდარი მკვლელობის შემდეგ გავრცელებული კადრები, რომლებშიც მკვლელის გვარის წარმომადგენლები მოკლულის ოჯახს ქუდმოხდილნი და დაჩოქილნი სთხოვენ პატიებას, მთელმა საქართველომ იხილა. ისტორიკოსი, ეთნოგრაფი როზეტა გუჯეჯიანი ამ ტრადიციის შესახებ საინტერესო პოსტს აქვეყნებს.
"იცით, ამას წინათ სოფელ გველეთში (ყაზბეგი) სიკეთით სავსე კაცი გამოასალმეს წუთისოფელს. მკვლელთაგან ორი დაკავებულია.
დღეს გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც მოჩანს მოხევეთა ტრადიციული კულტურის ერთი სეგმენტი: მკვლელის საგვარეულო ქუდმოხდილი იჩოქებს და პატიებას სთხოვს მოკლულის ოჯახსა და გვარს.
მაყურებელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ამ ფაქტმა. ბევრს ძალიან გაუკვირდა ასეთი ტრადიციის არსებობა.
მცირე ინფორმაციას მოგაწვდით ჩვენი ეთნოგრაფიული სინამდვილიდან:
მომხდარი ფაქტი მრავალმხრვ საყურადღებოა და მომდინარეა ძველი ქართული სახელმწიფო სამართლიდან, რაც შემდეგ (მისი გაუქმების მერე) ჩვეულებითი სამართლის ნაწილი ხდება. ასეთ ქმედებას კრებითად „ხარ-ქვაბით შეხვეწნა“ ერქვა და მის შესახებ ძველ სამართლებრივ დოკუმენტებშიცაა მოთხრობილი, მაგალითად, შალვა ქვენიფნეველის დაწერილში.
სვანეთშიც გვქონდა მსგავსი წესი. მკვლელი, ან ეკლესიის გამტეხი, მახვეწრის მდგომარეობაში, მუხლმოდრეკილი, ქუდმოხდილი ეკლესიის კარებთან დაიჩოქებდა და პატიებას ითხოვდა. ეს ტრადიცია “ეკლესიის შეუვალობის” წესიდან მოდიოდა.
ხევსურეთშიც უაღრესად ჰუმანური ტრადიცია არსებობდა: მკვლელობის ფაქტის გაგებისთანავე, მამაკაცები მოკლულის საგვარეულოს ხატში მიდიოდნენ და იქიდან ხუცესი ამბავს გამოიტანდა, ხატმა ბრძანა, აპატიეთო - ხატის ბრძანებას გადასცემდნენ მოკლულის ოჯახს, რათა მკვლელი სამართლებრივად დასჯილიყო და არა შურისძიებით...
ტრადიციული ქართველი მუდამ ცდილობდა, რომ შურისძიება არ მომხდარიყო, სისხლს სისხლი არ მიმატებოდა...
ამიტომ ჩემთვის, როგორც ეთნოლოგისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გუშინდელი ფაქტი. თემში მშვიდობა აუცილებელია. თემი უნდა თემობდეს და იცავდეს თავის ჰუმანურ ტრადიციებს. ძალიან მიყვარხართ, მოხევეებო." - წერს როზეტა გუჯეჯიანი.