თუ ფილმი "გაუჩინარებული ქალი" გინახავთ, ალბათ, გახსოვთ კულმინაციური სცენა, სადაც როზამუნდ პაიკის პერსონაჟი დადგმული გატაცების შემდეგ სახლში ბრუნდება. ის სახლის წინ სისხლიანი ხელებითა და თვალდახუჭული დგას. დევიდ ფინჩერის ფილმი 2014 წელს გამოვიდა და ექვსი თვის შემდეგ, ლოს-ანჯელესის სამხრეთით, ჰანტინგტონ-ბიჩის ქალაქში, ფილმის სიუჟეტი თითქოს ზუსტად განმეორდა...
დენიზ ჰასკინსი ინციდენტის დროს 29 წლის იყო. ის ადგილობრივ რეაბილიტაციის ცენტრში ექთნად მუშაობდა, სადაც მალევე ურთიერთობა კოლეგასთან, აარონ კუინთან დაიწყო. 2015 წლის 22 მარტს გოგონამ გადაწყვიტა, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, ვალეხოს ქალაქში, მის სახლში გაეტარებინა. ისინი თავდაპირველად დროს კარგად ატარებდნენ, მაგრამ შემდეგ დენიზმა აარონის ტელეფონში მისი ყოფილი შეყვარებულის ესემესები აღმოაჩინა. კუინი მას სწერდა, რომ მასთან დაბრუნება სურდა...
დენიზი ძალიან გაბრაზდა და გადაწყვიტა, ის ღამე იქ გაეტარებინა და დილით ადრიანად სახლში წასულიყო.
შუაღამის სამ საათზე აარონი და დენიზი უცნობმა პირმა გააღვიძა. ის მათ სახეში ფანარს ანათებდა. ორივე გაკოჭა. გოგონას თვალებზე სათვალე გაუკეთა და ლენტით დააწება, ასევე ყურსასმენები გაუკეთა და მუსიკას მაღალზე აუწია. როგორც მოგვიანებით ყვებოდა, დენიზს ჩასაბერი ინსტრუმენტების ჩანაწერი ესმოდა. შემდგომი მოვლენები კიდევ უფრო სიურრეალისტურია. ხმამ თქვა, რომ აარონს არტერიულ წნევას გაუზომავდა და დამამშვიდებელს მისცემდა...
წასვლამდე უცნობმა მამაკაცმა აარონს უთხრა, რომ მისი საცოლე მიჰყავდა და მისგან 15 ათასი დოლარის გამოსასყიდს ელოდა. ასევე, მან თქვა, რომ სახლში კამერას ტოვებდა და თუ აარონი პოლიციაში დარეკავდა, გოგონას მოკლავდა... შემდეგ დამამშვიდებლებმა იმოქმედა და აარონს ჩაეძინა.
ექვსი საათის შემდეგ მამაკაცი ესემესის ხმამ გააღვიძა. გამტაცებლები უკვე 17 ათას დოლარს ითხოვდნენ. ოთახის კუთხეში მართლაც იყო ვიდეოკამერა, რომელიც თვალთვალისთვის გამოიყენებოდა. მედძმა შეშინდა და გამტაცებელს უპასუხა, რომ მისი მთელი დანაზოგი 3500 დოლარს შეადგენდა და უბრალოდ არსად ჰქონდა მეტი თანხა. დღის ბოლოს აარონ კუინმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ პოლიციაში წასულიყო.
აარონმა მოგვიანებით თქვა, რომ მაშინ ერთადერთი გამოსავალი პოლიციაში წასვლა იყო. გამომძიებლებს გატაცების ყველა დეტალი უამბო და ასევე ახსენა ყოფილ საცოლესთან, ანდრეასთან გაგზავნილი, ესემესები და ჩხუბი... სწორედ ამ დეტალმა პოლიცია ყველაზე მეტად გააოცა. თავად ანდრეამ ცეცხლზე ნავთი დაასხა, როდესაც განაცხადა, რომ აარონმა ცოტა ხნის წინ მისი დაბრუნება და კოცნაც სცადა.
გამომძიებლებმა სწრაფად შექმნეს თეორია, რომ მედძმამ უბრალოდ მოკლა ახლანდელი შეყვარებული, ძველთან დასაბრუნებლად და კვალის დაფარვის მიზნით, გატაცების ისტორია მოიგონა. აარონს 18 საათის განმავლობაში კითხავდნენ, მაგრამ ის ჯიუტად იდგა თავის პოზიციაზე. ამბობდა, რომ დენიზი უცნობმა პირმა გაიტაცა.
მკვლელობის თეორიის უსაფუძვლობა ერთი დღის შემდეგ დამტკიცდა. "სან ფრანცისკო ქრონიკის" რეპორტიორმა ელექტრონული ფოსტით აუდიოფაილი მიიღო, რომელშიც დენიზი მშვიდი, თანაბარი ხმით ამბობდა: "მე დენიზ ჰასკინსი მქვია. გამიტაცეს. სხვა მხრივ კარგად ვარ". იმის გამო, რომ ქალს ჩანაწერის ნამდვილობა დაედასტურებინა, აუდიოფაილში ისმოდა, როგორ კითხულობდა ის უახლეს ამბებს.
"შეუძლია თუ არა მსხვერპლს ასე მშვიდად მოქცევა? რა მოხდება, თუ ეს რაიმე სახის ბოროტი ხუმრობა აღმოჩნდება?" - გაზეთებში გაოგნებულები წერდნენ. 24 საათში დაკარგული ექთნის საქმე სენსაციად იქცა. მთელი ამერიკა ამაზე საუბრობდა, სიუჟეტებს ამზადებდნენ, სოციალურ ქსელში განიხილავდნენ... უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია განიხილებოდა.
ერთი დღის შემდეგ, დენიზი იპოვეს. ბანდიტებმა ის ჰანტინგტონ-ბიჩში, ქუჩაში, მისი მშობლების სახლიდან არც ისე შორს ჩამოაგდეს. ქალს ლენტით გადაფარული სათვალე ეკეთა. ყველაფერი ისე განმეორდა, როგორც ფილმში "გაუჩინარებული ქალი".
გამტაცებელმა დენიზს უთხრა, რომ თვალების გახელამდე 10-მდე დაეთვალა, რა დროსაც მან გაქცევა მოახერხა. მან გამვლელს ტელეფონი სთხოვა და პოლიცია გამოიძახა. 10 წუთში ჰასკინსი გამომძიებლებმა და რეპორტიორებმა, ფაქტობრივად, ტყვედ აიყვანეს. ქალს უამრავ შეკითხვას უსვამდნენ. მედია, სოციალური ქსელები მისი ფოტოებით იყო სავსე. ბევრი ვერ იჯერებდა, რომ მას ცოცხალს იპოვიდნენ.
დამშვიდების შემდეგ დენიზმა თქვა, რომ იმ ღამეს დამნაშავემ სახლიდან გაათრია და მისი შეყვარებულის მანქანის საბარგულში ჩააგდო. მას ისეთივე დალუქული სათვალე გაუკეთეს, როგორიც მის საქმროს, რომ მარშრუტი ვერ დაენახა. დენიზსაც აბები დაალევინეს და მალევე გონება დაკარგა. როდესაც გონს მოვიდა, აღმოაჩინა, რომ უკაცრიელ ადგილზე იყო. გამტაცებელმა ის სახლში შეიყვანა და უთხრა: "შემთხვევით მოხვდი აქ. გეგმის მიხედვით, აქ შენს ნაცვლად ანდრეა (აარონის ყოფილი შეყვარებული) უნდა იყოს". დამნაშავე ამტკიცებდა, რომ ის იმ ბანდის წევრი იყო, რომელიც ხალხს იტაცებდა. მან ასევე დაამატა, რომ თუ აარონი ფულს 48 საათში მიიტანდა, მას არაფერი დაემართებოდა.
თავიდან გამტაცებელი დენიზთან თავაზიანად ექცეოდა, საკუთარი ხელით მიჰყავდა საპირფარეშოში, მასზე ზრუნავდა. დენიზს მთელი ამ დროის განმავლობაში თვალებზე დაბურული სათვალე ეკეთა. მომდევნო 8 საათის შემდეგ გამტაცებლის პოზიცია შეიცვალა. გამტაცებელს პოლიციის ეშინოდა, ამიტომ დენიზს უთხრა, რომ მათი ბანდის რომელიმე წევრს მასთან სექსუალური ურთიერთობა ექნებოდა და ამას გადაიღებდნენ. თუ დენიზი პოლიციასთან თანამშრომლობას გადაწყვეტდა ამ ვიდეოთი დააშანტაჟებდნენ.
მალევე შენობაში ბანდის სხვა წევრები გამოჩნდნენ. ერთ-ერთმა დენიზს გარკვეული აბები დაალევინა და მასთან ინტიმური ურთიერთობა ვიდეოთი გადაიღო. თუმცა, პირველ ჯერზე მას ვიდეო არ მოეწონა და თქვა, რომ თავიდან უნდა გადაეღოთ....
8 საათის შემდეგ გამტაცებლებმა გადაწყვიტეს, რომ დენიზი უნდა გაეთავისუფლებინათ, თუმცა ორი პირობით: მას პოლიციისთვის არაფერი უნდა ეთქვა და არც სექსის შესახებ გაემხილა. დენიზი დასთანხმდა და გამტაცებლებმა მალევე ის საკუთარი სახლის მახლობლად ჩამოაგდეს...
როდესაც დენიზის გასაოცარი ისტორია პრესაში გავრცელდა, ის ელოდა, რომ სამართალდამცავი ორგანოებისა და საზოგადოებისგან თანაგრძნობას და მაქსიმალურ მხარდაჭერას მიიღებდა. მაგრამ ყველაფერი სრულიად სხვაგვარად მოხდა...
პროკურორმა მაშინვე შესთავაზა, რომ გატაცების სიყალბე ეღიარებინა და ეთქვა, რომ ეს თავად დაგეგმა. ქალი შოკში იყო. ვერ იჯერებდა, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან გაიარა, თავის მართლება ისევ თავად უწევდა. დენიზმა მაშინვე დამოუკიდებელი ადვოკატი დაიქირავა.
ამ დროს ვალეხოს პოლიციის დეპარტამენტმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადეს, რომ დენიზმა და აარონმა ეს გატაცება თავად დაგეგმეს და სურდათ, ახლობლებისგან დიდი თანხა მიეღოთ. ამის შემდეგ, პრესაში ეს ვერსია აქტიურად განიხილებოდა. საქმეში FBI ჩაერთო, რომელმაც ექთანი რამდენჯერმე დაკითხა და თავხედურად უთხრა, რომ მის საქმეში ბევრი შეუსაბამობა იყო... დენიზი აღნიშნავდა, რომ მას გამომძიებლები ცნობილი ფილმის სიუჟეტის განმეორებაში ადანაშაულებდნენ და დაჟინებით სთხოვდნენ, რომ საკუთარი თავის გატაცება ეღიარებინა. მეტიც, გატაცების ინსცენირებისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
თუმცა, ცოტა ხანში ჟურნალისტებმა ფოსტით წერილები მიიღეს, რომლებშიც პისტოლეტებისა და იმ ოთახის ფოტოები იყო, სადაც დენიზი იმყოფებოდა. მათ დაწერეს, რომ სამნი იყვნენ, დენიზი სიმართლეს ამბობდა და თუ ვალეხოს პოლიცია ჰასკინსსა და კუინს ბოდიშს არ მოუხდიდა, შესაძლოა, კიდევ ერთი გატაცება მოეწყოთ. ამან საზოგადოება კიდევ მეტად ჩააგდო შოკში და უკვე ვეღარავინ ხვდებოდა, რა ხდებოდა...
დენისმა და აარონმა სასამართლო პროცესის მოლოდინში ერთად ცხოვრება განაგრძეს და აღმოჩნდა, რომ ამან ხალხი კიდევ მეტად გააღიზიანა. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ორივე დაგეგმილი სცენარის მიხედვით მოქმედებდა და ყველას ატყუებდნენ.
მალე ყველაფერი შეიცვალა - 2015 წლის ივლისში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც იმავე სქემის გამოყენებით 22 წლის ნიუ-ჰემფშირელი ქალის გატაცება სცადა. გოგონას მამასთან ჩხუბის შემდეგ, დამნაშავე გაიქცა, მაგრამ ტელეფონი მათ სახლში დარჩა. მობილური ტელეფონის მფლობელი მეთიუ მიულერი აღმოჩნდა. ის ყოფილი საზღვაო ქვეითი და ჰარვარდის კურსდამთავრებული იყო. მამაკაცი მშობლების სახლში დააკავეს. მის მანქანაში კი ყველა ის ნივთი იპოვეს, რაც დენიზთან გამოიყენეს. მათ შორის, დაბურული სათვალეები, კამერები...
დენიზმა მიულერი მაშინ ამოიცნო, როდესაც ტელევიზორში მასთან ძველი ინტერვიუს ამონარიდი ნახა: დამნაშავე ადრე მიგრაციის იურისტად მუშაობდა, მაგრამ საუბრის მანერა და სტილი არ შეუცვლია...
მეთიუ მიულერს დენიზ ჰასკინსის გატაცებისა და გაუპატიურებისთვის 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან აღიარა დანაშაული და გამოძიებასთან გარიგება დადო. სასამართლო პროცესის დროს ის დუმდა და დენიზს პატიებას სთხოვდა.
2016 წელს დენიზმა და აარონმა ქალაქსა და პოლიციის დეპარტამენტს ცილისწამებისთვის უჩივლეს. მათ სასამართლო პროცესი მოიგეს და 2.5 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღეს. 2018 წელს ისინი დაქორწინდნენ და ახლა ორი გოგონა ჰყავთ.