საზიარო ქონება ბევრი ოჯახის პრობლემაა. ამჯერად ამ ქონების გაყოფის პროცედურაზე საუბრობს ცნობილი ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი.
„როგორ შეიძლება საზიარო უძრავი ქონების გაყოფა? ხშირია შემთხვევა, როცა რამდენიმე ადამიანია უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული. თუმცა მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი ფლობს ამ საკუთრებას და სხვა თანამესაკუთრეებს არ აქვთ საშუალება, გამოიყენონ თავიანთი წილი ქონება. მაგალითად, მამიდამ თქვენ და თქვენს ბიძაშვილს სამოთახიანი ბინა დაგიტოვათ, მის მესაკუთრედ ორივე ხართ რეგისტრირებული, თუმცა თქვენმა ბიძაშვილმა მასში ცხოვრება დაიწყო, არც გაყიდვას აპირებს და არც თქვენი წილის გამოსყიდვას. ცხოვრობს ბედნიერად და საერთოდ არ აინტერესებს თქვენი პრობლემები.
ნათესავს ვერც სახლიდან გააგდებთ, რადგან ბინა მისიც არის და ვერც თქვენს წილს გაყიდით, რადგან არავის სჭირდება ბინის წილი, თუ სახლს სხვა ფლობს და თავის ტკივილის გარდა არაფერს მოუტანს ეს შენაძენი. ბევრჯერ მოსულან ჩემთან ამ დილემით და ჩემი პასუხი ყოველთვის ერთია: თუ შეთანხმებას ვერ ახერხებთ, მიმართეთ სასამართლოს. ამგვარი შემთხვევებისთვის სამოქალაქო კოდექსი ორ ვარიანტს განიხილავს - საზიარო უფლების გაუქმება ნატურით ან გაყიდვით. საერთო საკუთრება ნატურით გაიყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი ისე შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად, რომ მათი ღირებულება არ შემცირდეს. მაგალითად, თუ ორსართულიანი სახლი გაქვთ და თითოეული სართულის გადანაწილებით ქონების ფართი არ შემცირდება, საერთო ქონება სართულების მიხედვით გაიმიჯნება და მესაკუთრეებზე ცალ-ცალკე დარეგისტრირდება.
ქონება აუქციონზე გაიყიდება, თუ, მაგალითად, ბინა სამოთახიანია და ორ ნაწილად ფიზიკურად არ იყოფა. მაშინ ეს ქონება აუქციონზე გავა და გასხვისებისგან მიღებულ თანხას წილების მიხედვით გაიყოფენ თანამესაკუთრეები. ამ საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ექსპერტიზას ეყრდნობა. მის დასკვნაზეა დამოკიდებული, ქონება ნატურით უნდა გაიყოს თუ მისი აუქციონზე გატანაა აუცილებელი.