პოეტი ტარიელ ხარხელაური გადაცემაში "ნოესთან" გარდაცვლილი შვილის შესახებ საუბრობს:
- ბექა მე ბევრით რამით მჯობდა. სხვანაირი კაცი იყო. 23 წელიწადი კი არ იცოცხლა, იცხოვრა... სოფელს თავი დაამახსოვრა. არ ყოფილა შემთხვევა, ორმოცამდე სოფელს ეგლოვა. სოფელმა ბექა ორმოცამდე იგლოვა. მერეც უჭირდათ ხმამაღლა სიმღერა... ჩვენს სოფელში ბევრი ქვრივი მოხუცი ქალი იყო. როგორც კი დაინახავდა, რომ მათ შეშა არ ჰქონდათ, მიუტანდა, დაუხერხავდა. თუ გზაზე მოხუცი ქალი მიდიოდა და წყალი მიჰქონდა, როგორადაც არ უნდა ჩქარებოდა წასვლა, გამოტრიალდებოდა, ვედროს გამოართმევდა და სახლში დაუდებდა. დილით სიმღერით იღვიძებდა და სიმღერით იძინებდა. მთელ უბანს სიმღერით აფხიზლებდა. ის უკეთილშობილესი კაცი იყო, რომელსაც ჩხუბში ვერ შეიყვანდი, ჩემგან განსხვავებით... იუმორი ჰქონდა და სიტყვით შეეძლო, კონფლიქტი მოეწესრიგებინა. ისე უყვარდა დედამისი, ხელითაც ატარებდა. არის თუ არა ადვილი, სამშობლოს არ უღალატო? - ამ ანდერძის შესასრულებლად დამტოვა. ეს იყო კაცი, რომელსაც ბევრად უკეთესად შეეძლო, თავისი შინაგანი სამყაროთი, ბუნებით სოფელი გაემდიდრებინა. დრო გადის და რომ ვაკვირდები, ეს განსაცდელი უნდა გამევლო. ბევრჯერ დაუსვამთ შეკითხვა, თუ რას შევცვლიდი, ახლა რომ ვიწყებდე სიცოცხლეს. არაფერს შევცვლიდი. ისე გავივლიდი, როგორც გავიარე. მე ამ ტკივილმა მიმიყვანა მკითხველამდე. ბედნიერი კაცი ვარ, თუ შეიძლება, ბედნიერი მეწოდოს, როდესაც ქუჩაში მივდივარ და ჩემ მდგომარეობაში მყოფი ქალი ან კაცი მოვა და მადლობას მიხდის. მეუბნებიან: "მადლობა, რომ ტკივილი გადაგვატანინე."
ძალიან ხშირად მესიზმრება. სულ სიმღერის ხასიათზეა. დარწმუნებული ვარ, რომ მე იქ მისვლა და აღსარების თქმა მომიწევს, რომ ვიცხოვრე ისე, როგორც მას არ შერცხვებოდა.
ბექას საფლავზე ნამყოფი არ ვარ. არ შემიძლია, ჩემი შვილის საფლავი ვნახო. მე ჩემი შვილი პოეზიაში გადავიტანე. ვერ შევძლებ... მხოლოდ ანდერძი მაქვს დატოვებული, რომ სადაც მე დავიკრძალები, სოფლის სასაფლაოზე, ჩემი შვილის ძვლებიც იქ დაიკრძალოს.
ხევსური კაცი ვარ და უკან დახევის უფლება არ მქონდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს უკან დახევა არ იყო. ჩემი შვილის მკვლელს შევუნდე, არ ვაპატიე. არ იყო ადვილი, მაგრამ შესაძლებელია.
ბექა რომ დავკრძალეთ, იმ საღამოს საშინელი წვიმა მოვიდა. სანზონაში ვცხოვრობდით და იქ დავკრძალეთ. მაშინ ლექსით ვესაუბრებოდი და ეს სტრიქონები წამოვიდა:
"მწუხრზე მთვარის მოდგა ჩრდილი,
ქარის მოიყოლა გმინვა,
ხომ არ დამისველდი,შვილო,
ხომ არ შეგაშინა წვიმამ…”
ჩემს შვილთან ამ ლექსით მივალ. მთავარია, ისე ვიცხოვრო, რომ მიმესვლებოდეს.
ამავე გადაცემაში ტარიელ ხარხელაურმა მეუღლის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მისმა მხარდაჭერამ ეს ტკივილი გადაატანინა:
- მადლობა უფალს, რომ არ შევცდი. რომ არა ჩემი მეუღლე, ამ სახით თქვენ წინ არ ვიჯდებოდი. მე იმ ტრაგედიას ვერ ავიტანდი. მან ცრემლის გარეშე მაცოცხლა. აქ მარტო ვცხოვრობ. ეს არის ჩემი სამყარო. არ შეიძლება, ოჯახში კაცი გყავდეს და მას მოვალეობა არ ჰქონდეს. ამ მოვალეობისაგან გამათავისუფლა. მე და პოეზია დაგვტოვა. ამას ყველა ქალი ვერ გააკეთებს. ამას გამორჩეული ნებისყოფა და თავდადება უნდა. უფალს უნდა ვთხოვო, თუ მაინც კიდევ უნდა ვიცოცხლო, ისეთი ლექსი დამაწერინოს, რომ ჩემი მეუღლის ვალი გადავიხადო იმ სიყვარულისთვის, თავგანწირვისთვის, რომელიც მან გამოიჩინა. ძალიან პატარა იყო. მასზე 13 წლით დიდი ვარ. ამ ქალმა შეძლო და შექმნა ის პირობები, რომ პოეზიისათვის არ მეღალატა.