„დაახლოებით, 9-ის წუთებზე კარზე ბრახუნის შემდეგ რომ დავინტერესდი რა ხდებოდა, მითხრეს, მეზობელი ვარო, ქალი ვინც იყო. რომ გავიხედე, მივხვდი, რომ არ იყო მეზობელი, ჩანდა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის სამხრე კამერასაც მოვკარი თვალი და ვკითხე, რა ხდება. მითხრეს, რომ პროკურატურიდან არიან, აქვთ ჩხრეკის უფლება, აქვთ უფლება, რომ მათ შორის ძალისმიერი მეთოდით შემოვიდნენ სახლში, ამიტომ ჯობია, რომ კარი გავუღო. ადვოკატთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ ვერ მოვახერხე და იმის გამო, რომ არასრულწლოვანთან, 7 წლის შვილთან ერთად ვიყავი სახლში, დამატებითი სტრესის თავიდან არიდების მიზნით, შემოვუშვი. მათი მთავარი მიზანი იყო, რომ ჩემი მობილური ამოეღოთ, როცა დავიწყე ვიდეოს გადაღება და შემდეგ ლაივში გავედი, ამან ძალიან გააღიზიანათ და მითხრეს, რომ არ მქონდა გადაღების უფლება და უნდა ჩამოერთვათ ტელეფონი.არ ვაძლევდი ნებით, მაგრამ წამართვეს. ამის შემდეგ, როცა მობილური წაიღეს, ამიხსნეს, რომ არიან მოსული საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე, ასევე, უცხოეთიდან დაფინანსების შესახებ რაღაც კანონი მიხსენეს. ვკითხე, იყო თუ არა ეს ვატო შაქარაშვილის წამოწყებული აფიორის ნაწილი და დამეთანხმნენ, რომ იგივე საქმე არის. ამასობაში, აღმოვაჩინე, რომ ნანუკასთანაც შესულან და მივხვდი, რომ უნდოდათ სპეცოპერაციის მასშტაბი წარმოეჩინათ. შემდეგ უკვე დაიწყეს სახლის ჩხრეკა, მითხრეს, რომ ეძებდნენ რაიმე ტიპის ელექტრონულ ნივთს და ასევე, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებას ან ნივთს. ჩხრეკა ძალიან ზედაპირულად ჩატარდა და დიდად აღარ მოჰყოლია განსაკუთრებული რაღაცები. იცოდნენ, რომ ტელეფონი იყო მთავარი, რაც უნდათ ამოეღოთ და უბრალოდ შეხვდათ ლეპტოპი, რომელზეც ამბობდნენ, რომ ეს შეგვიძლია არც წავიღოთ, მაგრამ იმსჯელეს და ბოლოს წაიღეს", - ამბობს მარიამ ბაჯელიძე.

ასევე გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის და მისი ქალიშვილის - მარიამ გეგუჩაძის ბინები.
"ჯერ დაგვაყადაღეს და გვითხრეს, გაჩერდით და არ შევჩერდით. ახლა მეორე ეტაპი იყო, ჩხრეკაზე შემოვიდნენ, მითხრეს, რომ კიდევ შეჩერდით. მე არ შევჩერდები-შემდეგ ეტაპზე, სავარაუდოდ ბრალს წამიყენებენ, პროკურატურაში დამიბარებენ საზეიმოდ და ისევ არ შევჩერდები. ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ... წინ იდგა ძალიან გამოპრანჭული პროკურორი ქალი. ვფიქრობ, დილის 9 საათისთვის ზედმეტად მოწესრიგებული იყო. როდესაც მივხვდი, რომ ხელის მოკიდებას აპირებდნენ, რათა ტელეფონი წაერთვათ, მე მივეცი, რადგან საბა იყო სახლში. არ მინდოდა ამისთვის ეყურებინა. ყველაზე სერიოზული რეაქცია, რაზეც ჰქონდათ, ეს იყო „ლაივი“. ვუხსნიდი, რომ მათ მიმართ ნდობა არ მქონდა. ეს იყო ჩემი დაცვა მანამ, სანამ ადვოკატი მოვიდოდა. არც აპირებდნენ ჩხრეკის დაწყებას, სანამ „ლაივს“ არ გავთიშავდი... იცით, ძალიან საინტერესო იყო სუს-ის ეპიზოდი. პროკურატურა რასაც აკეთებდა, სუს-ი მეთვალყურეობას უწევდა. სუს-ი ეუბნებოდა, რა უნდა ექნა პროკურატურას. ისინი ანიშნებდნენ, პროკურატურა იმის მიხედვით მოქმედებდა. მთავარი ამბავი იყო ფონდის დოკუმენტაცია. ამოიღეს საბას ნათლობის ვიდეოებით დაწყებული, მარიამის დაბადების დღით დამთავრებული. ტექნიკაც ამოიღეს. ამოიღეს ისეთი ძველი ტელეფონები, რომელიც არ ირთვება. ამოიღეს ე.წ. ფლეშკები, რომელიც ჩემი შვილის არის..." - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
საქართველოს პროკურატურამ კი შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა:
"საქართველოს პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2025 წლის 17 მარტს ყადაღა დაედო „ნანუკას ფონდი“-ს „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილია“-ს და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ისევე როგორც სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში.
სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების - ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთობლივ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ".
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ომბუდსმენი ლევან იოსელიანი:
- ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვანებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა.