ამ დღეებში სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აზიარებს მოციგურავე წყვილის რომანტიკულ ცეკვას. ვიდეოს უამრავი გაზიარება და ემოციური კომენტარი აქვს, თუმცა ბევრმა არ იცის, ვინ არის ეს წყვილი და რა ისტორია აქვს მათ დუეტს.
სინამდვილეში ეს ძალიან ცნობილი წარმატებული წყვილია ფიგურულ სრიალში - გაბრიელა პაპადაკისი და გიიომ ციზერონის სახელები თანამედროვე ფიგურული სრიალის სამყაროში ჰარმონიის, დახვეწილობისა და ღრმა ემოციური შესრულების სინონიმად იქცა. ფრანგულმა დუეტმა არამხოლოდ მრავალი მედალი მოიპოვა, არამედ ბევრი რამ განსაზღვრა ფიგურული ცეკვის სტანდარტებში.
გაბრიელა პაპადაკისი 1995 წლის 10 მაისს კლერმონ-ფერანში, საფრანგეთში დაიბადა. იგი ბავშვობიდანვე იყო მოციგურავეთა გარემოცვაში იზრდებოდა— დედა, კატერინა დელა მონიკა, ფიგურული სრიალის მწვრთნელია.
გიიომ ციზერონი 1994 წლის 12 ნოემბერს მონფერანში დაიბადა. ისინი ერთმანეთს 2008 წელს შეხვდნენ, როცა 12-13 წლისანი იყვნენ და მალევე დაიწყეს ერთად ვარჯიში, რაც ფიგურულ ცეკვაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პარტნიორობის დასაწყისი გახდა.
პაპადაკისი–ციზერონის დუეტი საერთაშორისო ასპარეზზე პირველად 2013 წელს გამოჩნდა. მათი პირველი დიდი წარმატება 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, სადაც პირველად გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები. შემდგომ წლებში დომინანტ პოზიციაში დარჩნენ:
არიან 5-გზის მსოფლიო ჩემპიონები და 5-გზის ევროპის ჩემპიონები. მათი სტილი გამოირჩევა მსუბუქი, ჰაეროვანი მოძრაობებით, რომლებიც შესანიშნავად შერწყმულია მუსიკასთან და ემოციურობასთან.
2022 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ დუეტმა გამოაცხადა, რომ პაუზას იღებდნენ კონკურსებიდან. 2024 წელს კი ოფიციალურად დაადასტურეს, რომ დიდი სპორტიდიან მიდიან და ასპარეზობას აღარ დაუბრუნდებიან, თუმცა განაგრძობენ შოუებში მონაწილეობას და ცეკვების შექმნას.
მიუხედავად სცენაზე მათი ძლიერი ქიმიისა, გაბრიელა და გიიომი რეალურ ცხოვრებაში არასდროს ყოფილან რომანტიკული წყვილი. გიიომ ციზერონმა 2020 წელს ღიად განაცხადა, რომ არის ჰომოსექსუალი და აქტიურად უჭერს მხარს ლგბტ თემს. გაბრიელა თავის პირად ცხოვრებას ნაკლებად ახმაურებს, თუმცა ცნობილია მისი ძლიერი კავშირი ოჯახთან და, განსაკუთრებით, დედასთან. ორივე ხშირად აღნიშნავდა, რომ მათი ურთიერთობა მეგობრობას, პროფესიონალიზმსა და ნდობაზე იყო დაფუძნებული — ისინი ერთმანეთს სულიერ ტყუპებად მიიჩნევდნენ.
გაბრიელა პაპადაკისისა და გიიომ ციზერონის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითია სპორტში, როდესაც პარტნიორობა სცდება ფიზიკურ სინქრონს და გადაიზრდება სულიერ კავშირში. ერთმანეთზე დამოკიდებულება მათ შორის ისეთი იყო, რომ ვარჯიშებსა და გამოსვლებში სიტყვებიც კი ხშირად აღარ სჭირდებოდათ — საკმარისი იყო მზერა, შეხება ან მოძრაობის შეგრძნება, რომ ერთმანეთის განზრახვა და ემოცია გაეგოთ.
მათ ერთმანეთი ბავშვობაში გაიცნეს და ერთად გაიზარდნენ როგორც სპორტსმენები და როგორც ადამიანები. ამ ერთობლივ გზას თან ახლდა როგორც გამარჯვებები და პრიზები, ისე პირადი გამოწვევები, ტრავმები, მარცხები და გამუდმებული შრომა. მათ ურთიერთობას არ ჰქონდა მკაფიოდ განსაზღვრული სტატუსი. ეს იყო მეგობრობაზე ღრმა, სიყვარულზე ნაკლებად რომანტიკული და პროფესიულზე ბევრად მეტი კავშირი — რაღაც ისეთი, რისი სიტყვებით აღწერა ძნელია, მაგრამ მაყურებელი სცენიდან გრძნობს.
გაბრიელამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ გიიომი მისთვის ოჯახივით იყო და რომ სცენაზე ერთად ყოფნისას ისე გრძნობდნენ თავს, თითქოს ერთი მთლიანობა იყვნენ. ციზერონმა კი აღნიშნა, რომ მათი კავშირი განსაკუთრებულია, რადგან ემოციებით, მოძრაობით და გულწრფელობით იქმნება, არა მხოლოდ ტექნიკით.
მათ ცეკვაში სწორედ ეს შინაგანი ერთიანობა იგრძნობოდა. მაყურებელი კი არა მხოლოდ ოსტატობას, არამედ ნამდვილ ადამიანურ კავშირს ხედავდა. სწორედ ეს გახდა მათი დუეტის ხიბლისა და ძლიერების მთავარი წყარო.
„ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტია, მაგრამ სიყვარულია რომანტიკული ტიპის გარეშე. ეს არის რაღაც, რაც ცეკვაში იშვიათად გვხვდება — თანხმობა, რომელსაც სიტყვები არ სჭირდება.“ - ამბობს გიიომ ციზერონი ერთ-ერთ ინტერვიუში.