ქართველი ფიტნესინსტრუქტორის მარიამ შარმანაშვილისა და სოფი ლორენის დირიჟორი ვაჟის, კარლო პონტის სიყვარულის ამბავი ყველასთვის ცნობილია. პონტიმ მარიამს ცოლობაც სთხოვა. ახლახან კი ცნობილი დირიჟორი მოინათლა კიდეც.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ცხადყოფს, ნათლობა სამთავროს მონასტერში გაიმართა.
"სამთავროს მონატერში სოფი ლორენის ვაჟი, ცნობილი დირიჟორი მოინათლა და დაერქვა სახელი გაბრიელი, ჩვენი წმ. ბერი გაბრიელის საპატივცემულოდ. ქორწილს აქ აპირებს და როგორც ითქვა, ქორწილში სოფი ლორენი ჩამოდის," - ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.
მარიამი პროფესიით ფარმაცევტია, ზუმბას ინსტრუქტორობა ოჯახის დანგრევის შემდეგ გადაწყვიტა. ამბობს, რომ ზუმბა დაეხმარა სტრესთან გამკლავებაში.
"ისიც მართალია, რომ არასდროს ვყოფილვარ ე.წ. "ლაქშერული" ცხოვრებით განებივრებული გოგონა, პირიქით, ძალიან ბევრი ოცნება აუხდენელი მქონდა. ძალიან დიდხანს, მაგრამ რატომღაც ყოველთვის მწამდა, რომ ერთ დღეს ჩემი ოცნებებიც დაიწყებდა ახდენას და ვფიქრობ ყველაზე მეტად ამაში მადლიერება დამეხმარა და თვით რწმენა, რომ მე "იღბლიანი გოგო ვარ". მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უიღბლობაც შემემთხვა ცხოვრებაში, ჯიუტად ვარწმუნებდი საკუთარ თავს, რომ იღბლიანი ვარ. ზოგადად, ჩვენს აზრებს ხომ დიდი ძალა აქვს. მე მჯერა, რასაც გავუშვებთ სამყაროში, ის რომ გვიბრუნდება". - ამბობდა მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.
როგორც ცნობილია,კარლო პონტი საქართველოს პირველად 2016 წელს, ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით, უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.
კარლო პონტი დაოჯახებული იყო უნგრელ ანდრეა მეზაროსიზე და წყვილს 2 შვილი ჰყავს. ქართველი გოგონა კი კარლომ 2021 წლის 14 მარტს გაიცნო და ყველაფერი, მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო. ონლაინურთიერთობა მალე გადაიზარდა რეალურ რომანში და 2023 წელს, ახალ წელს კარლო პონტი მარიამს საქართველოში შეხვდა.