ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი გადაცემაში "შუადღე" ჯანსაღი სმუზის რეცეპტს გვიზიარებს, რომელიც ორგანიზმს გაჯანსაღებაში დაეხმარება:
- არაფრით შეიძლება, თუ რაღაც პროდუქტი არ გიყვართ და გაიგეთ, რომ სასარგებლოა, მაინცდამაინც იმით გააკეთოთ. როდესაც სმუზს აკეთებ, შენთვის, პირადად, გემრიელი უნდა იყოს. შეჩვევაც იცის. თუ შეძლებ, რომ შეიყვარო, კარგი, თუ არა, უნდა გააკეთო ისეთი, როგორიც შენთვის გემრიელია. პოზიტიური განწყობა არანაკლებ მნიშვნელოვანია.
სმუზი შეიძლება, ათასნაირი რეცეპტით გააკეთო. მაგრამ, ჩემი სმუზი, რასაც ახლა წარმოგიდგენთ, მარტივია. რაკი ექიმი ვარ, ვმუშაობ პაციენტებთან, მათ შორის, ორსულებთან, ზოგჯერ ორსულობის დროს კი ქალებს შეკრულობა აწუხებთ, ძალიან ხშირად ვერიდები წამლის დანიშვნას და ჯერ სმუზს ვუნიშნავ. 90% შემთხვევაში კარგი შედეგი აქვს. თუ გემოთი არ მოეწონებათ, მაშინ მიღებას ვწყვეტთ.
3 კივი, 2 ფორთოხალი, 1 გრეიფრუტი და ნახევარი ლიმონი - ეს ინგრედიენტები დაგვჭირდება. შეიძლება, ცოტა მჟავე იყოს, რადგან ბევრი ციტრუსია. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაამატოთ 1 კოვზი თაფლი. სტევიაც შეიძლება, მაგრამ მე პირადად, თაფლის დამატება მირჩევნია, ან ბანანის, სხვა ტკბილი ხილის, რომ დაატკბოს.
ასეთი სმუზის გამოყენება ყოველდღეც შეიძლება, მაგრამ შესაძლოა, ყოველდღიურად ამის მიღება მოგვწყინდეს. ინდივიდუალურია. ნებისმიერ კოქტეილში ჩიას დამატებაც კარგია. ცოტა ხანს უნდა გავაღვივოთ და ისე მივირთვათ.