რუბრიკას წარმოგიდგენთ ჟურნალი "საბავშვო კარუსელი"
ექვსი წელი განსაკუთრებული ასაკია. ამ დროს თანდათან მთავრდება თამაშის უზრუნველი პერიოდი და მოდის სწავლების ეტაპი თავისი დაკისრებული მოვალეობებითა და პასუხისმგებლობით. ამ ასაკიდან ბავშვის ცხოვრება უკვე სწავლის გარშემო იწყებს ტრიალს, რაც მასზე გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს.
ფიზიოლოგია
ექვსი წლის ასაკში ბიჭებში იწყება აქტიური ზრდა. გოგონებში ეს პროცესი მნიშვნელოვნად გვიან - ცხრა-თერთმეტი წლის ასაკში იჩენს თავს, ამიტომ ექვსი წლის ასაკში ისინი ასე სწრაფად არ იცვლებიან.
ბიჭები კი შესამჩნევად იზრდებიან: ისინი, ვინც აქამდე ცუდად ჭამდა, ექვსი წლის ასაკში შესამჩნევ მადას იჩენენ. შეიძლება დაძინების წინაც კი მოითხოვონ საჭმელი. ხოლო ისინი, ვისაც მადის პრობლემა არ ჰქონია, შეიძლება ოდნავ შეზღუდვაც კი დასჭირდეთ კვებაში.
ექვსი წლის ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. ორგანიზმი სავსეა ენერგიით და მას დახარჯვა სჭირდება. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარებინოთ გარეთ - აქტიურ თამაშებში, მოძრაობაში.
როგორ ურთიერთობს
უფროსი სკოლამდელი ასაკის პერიოდში ბავშვის ურთიერთობის ახალი ფორმები ყალიბდება - როგორც უფროსებთან, ასევე თანატოლებთან. 4-5 წლის ასაკში ბავშვის საუბრის შინაარსი უფროსებთან გარშემო არსებული საგნებით შემოიფარგლებოდა. ჭარბობდა თემები ბუნების, ცხოველების, ნივთების დანიშნულების შესახებ. ექვსი წლის ბავშვს კი პირველ რიგში აინტერესებს ადამიანების სამყარო და ყველაფერი, რაც მასთან არის დაკავშირებული.
ახლა უფროსები არა მხოლოდ სამყაროს შესახებ ცოდნას გადასცემენ და პასუხობენ უამრავ "რატომ" კითხვას, არამედ თავად ხდებიან კვლევის ობიექტები. ბავშვები უფროსებს ეკითხებიან, სად მუშაობენ, ვისთან ცხოვრობენ, რა უყვართ. ბავშვი, თავის მხრივ, სიამოვნებით ყვება საკუთარ თავზე, თავის სურვილებსა და გეგმებზე, უზიარებს სხვებს შთაბეჭდილებებს, აფასებს გარშემომყოფთა ქმედებებს.
ამასთან, ბავშვებისთვის აღარ არის საკმარისი მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე და უფროსების კეთილგანწყობილი ყურადღება. ექვსი წლის ასაკისთვის მათში ჩნდება უფროსების მხრიდან ურთიერთგაგებისა და თანაგრძნობის მოთხოვნილება.
იცვლება ასევე ბავშვების ურთიერთობის ხასიათიც. ამ ასაკში ჩნდება "სუფთა" ურთიერთობა, რომელიც არ არის დაკავშირებული რაიმე საქმიანობასთან. ბავშვებს შეუძლიათ უბრალოდ საუბარი, მაშინაც კი, თუ ისინი ამ დროს არ თამაშობენ და არ არიან დაკავებული რაიმე ერთობლივი საქმით.
რა თქმა უნდა, თანატოლებთან საუბრებში შენარჩუნებულია "საქმიანი" მიმართვები ერთმანეთისადმი - რას ითამაშებენ, ვინ რა როლს აიღებს, მაგრამ მათთან ერთად ჩნდება პირადი ხასიათის კითხვებიც. ბავშვი ინტერესდება, რა უყვართ თანატოლებს, სად იყვნენ, რა ნახეს.
ბავშვების ურთიერთობაში ჩნდება მეგობრობის ჩანასახები - ერთმანეთის დახმარების სურვილი, მზრუნველობა, საჩუქრის გაკეთება ან დათმობა კამათში. სხვა ბავშვი აღარ არის უბრალოდ თამაშის პარტნიორი. ახლა თანატოლი არის მთლიანი პიროვნება, თავისი ინტერესებით, გრძნობებითა და უპირატესობებით. ბავშვი სწავლობს სხვა ადამიანის შინაგანი სამყაროს გაგებას. ეს უმნიშვნელოვანესი კომუნიკაციური უნარია, რომლის ათვისებას ბავშვი ახლა იწყებს.
ფსიქოლოგიური თავისებურებები
დაახლოებით ექვსნახევარი წლის ასაკში ბავშვის ქცევა იცვლება. ის ხშირად ჭირვეულობს, არ რეაგირებს მშობლების თხოვნებზე, ბოიკოტს უცხადებს ჩვეულ რეჟიმს, იგნორირებას უკეთებს უფროსების მოთხოვნებს.
ის კამათობს მიზეზით და უმიზეზოდ, ავლენს დაუმორჩილებლობას, ყველაფერს ჯიბრით აკეთებს. ბავშვი განზრახ მოზრდილის ქცევას იმეორებს პროტესტს აცხადებს "ბავშვური" ცხოვრების წესის წინააღმდეგ, რომელსაც მშობლები ახვევენ თავს. ეს შეიძლება გამოიხატოს უცენზურო სიტყვების გამოყენებაში, მშობლების მიერ შერჩეული ტანსაცმლის ჩაცმაზე უარის თქმაში, ან დადგენილ დროს დაძინების გაპროტესტებაში. „მე აღარ ვარ პატარა!" - აცხადებს გუშინ ჯერ კიდევ დამყოლი ბავშვი.
ერთი შეხედვით ბავშვის ქცევა უცნაურად გამოიყურება. თუ სამი წლის ბავშვის ასეთი ჭირვეულობა უფროსების სიცილს იწვევდა, ამ ეტაპზე ის მნიშვნელოვნად აფუჭებს მშობელ-შვილის ურთიერთობებს.
მაგრამ სინამდვილეში, ეს უარყოფითი მომენტები მხოლოდ მნიშვნელოვანი - პოზიტიური - ცვლილებების გარეგნული გამოვლინებაა ბავშვის ფსიქიკაში. ამ ცვლილებების არსი არის ბავშვური უშუალობის დაკარგვა. თუ ადრე მშობლებს შეეძლოთ ადვილად განესაზღვრათ თავიანთი შვილის ქცევით, რას გრძნობდა ის, ახლა ბავშვს შეუძლია ერთი განიცადოს, ხოლო სულ სხვა რამ გამოავლინოს. და რა არის ამაში პოზიტიური?
შვიდი წლის კრიზისის დადებითი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვი იძენს საკუთარი ქცევის მართვის უნარს - არა თამაშში, არა უფროსის დახმარებით, არამედ სწორედ დამოუკიდებლად, საკუთარი ნებით. ამგვარად, ბავშვის ქცევა ხდება ნებაყოფლობითი, თავისუფალი მომენტალური იმპულსებისგან.
დროთა განმავლობაში ეს სიჯიუტე და ჯიბრი გაქრება.
ასეთი ჰიპერტროფირებული და უაზრო ფორმით ბავშვი უბრალოდ ამუშავებს საკუთარი საქციელის შეგნებული მართვის უნარს. მომავალში ეს უნარი გარდაიქმნება საყოველთაოდ მიღებული ნორმებისა და წესების შესაბამისად მოქცევის უნარად.
სკოლაში სწავლისთვის მზაობა
ბევრ მშობელს აწუხებს კითხვა - ღირს თუ არა ბავშვის სკოლაში შეყვანა, რომელიც სწავლის დაწყებისას გახდება ექვსის? დადებითი პასუხი ჩვეულებრივ არგუმენტირებულია იმით, რომ მას უკვე შეუძლია კითხვა, კარგად ითვლის და საერთოდ "მოწყენილია საბავშვო ბაღში".
თუმცა, ყველაფერი ასე მარტივი არ არის. სკოლაში სწავლისთვის ფსიქოლოგიური მზაობა რთული მაჩვენებელია, რომელიც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს:
♦ ინტელექტუალური მზაობა;
♦ პიროვნული მზაობა;
♦ სოციალურ-ფსიქოლოგიური მზაობა.
ის, თუ რამდენად არის ჩამოყალიბებული ყველა ეს კომპონენტი, განსაზღვრავს ბავშვის სამომავლო წარმატებას სწავლაში და აქ ასოებისა და ციფრების ცოდნა აშკარად არ არის საკმარისი.
ბავშვის ინტელექტუალური მზაობა სკოლისთვის გულისხმობს საკმაოდ ფართო თვალსაწიერს, გარე სამყაროს შესახებ წარმოდგენების მწყობრ სისტემას, სასკოლო დატვირთვებისთვის შესაბამის შემეცნებითი პროცესებისა და მეტყველების განვითარების დონეს. აღქმა უნდა იყოს საკმარისად გააზრებული, საგნობრივი, მეხსიერება - ნებაყოფლობითი, ყურადღება - მდგრადი.
სკოლისთვის მზად მყოფი ბავშვი ფლობს ისეთ აზროვნების ოპერაციებს, როგორიცაა შედარება, განზოგადება, კლასიფიკაცია. მას შეუძლია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღმოჩენა და დასკვნების გამოტანა.
სკოლისთვის პიროვნული მზაობა - ეს არის ბავშვში უშუალოდ სწავლის მიმართ გამოხატული ინტერესის არსებობა. ის მართლაც მიისწრაფვის სკოლისკენ ახალი ცოდნისა და უნარებისთვის, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ექნება ჩანთა, "როგორც დიდებს". ამავე კომპონენტში შედის წარმატების მიღწევის ჩამოყალიბებული მოთხოვნილება, ადეკვატური თვითშეფასება, ასევე ქცევის ნებაყოფლობითობის გარკვეული დონე. მომავალ მოსწავლეს უნდა შეეძლოს თავისი ქცევის მორგება სკოლის მოთხოვნებზე.
სწავლისთვის სოციალურ-ფსიქოლოგიური მზაობის შესახებ საუბრისას, იგულისხმება გარკვეული კომუნიკაციური უნარები, რომლებსაც უნდა ფლობდეს პირველკლასელი. საუბარია თანატოლებთან კონტაქტის დამყარების, მათთან საკუთარი ქმედებების შეთანხმების, და საჭიროების შემთხვევაში დათმობის ან თავდაცვის უნარებზე. მასწავლებელი ბავშვმა უნდა აღიქვას როგორც ავტორიტეტი, მისი მითითებები უნდა სრულდებოდეს, ხოლო შენიშვნები უნდა იძლეოდეს მოტივაციას შეცდომების გამოსასწორებლად.
იმისათვის, რომ შეფასდეს, რამდენად აქვს ბავშვს ჩამოყალიბებული ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები, სასურველია, გაიაროს ფსიქოლოგიური გამოკვლევა ე.წ. სასკოლო მზაობის დასადგენად. ასეთი გამოკვლევა მოიცავს მეთოდიკების მთელ კომპლექსს - ტესტებს, საუბარს, დაკვირვებას. დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით ფსიქოლოგი იძლევა დასკვნას და საჭირო რეკომენდაციებს.
მშობლებმა არ უნდა უგულებელყონ ფსიქოლოგიური ტესტირების შედეგები. რადგან სწავლისთვის მოუმზადებელი ბავშვები სკოლაში აწყდებიან ადაპტაციის დიდ სირთულეებს, განიცდიან კოლოსალურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას.
გადაღლა, გაღიზიანებადობა, შფოთვიანობა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ნაადრევი სასკოლო დატვირთვების შესაძლო შედეგებისა. ჩნდება საფრთხე არა მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიური კომფორტისთვის, არამედ მისი ჯანმრთელობისთვისაც. ასეთ შემთხვევებში ალბათ არ ღირს ბავშვისგან საუკეთესო სწავლის მოთხოვნა.
ყოველი ბავშვი უნიკალურია, და სასკოლო სწავლების დაწყების საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს. უდავოდ, არიან ბავშვები, რომლებიც უკვე ექვსნახევარი წლის ასაკში ფსიქოლოგიურად მზად არიან თავიანთი ცხოვრების ახალი პერიოდისთვის.
განვითარების შემდეგ ეტაპზე ხარისხიანი გადასვლა განისაზღვრება იმით, თუ რამდენად სრულფასოვნად იყო გავლილი წინა ეტაპი. ხომ შეიძლება ექვსი წლის ბავშვი დაკავებული იყოს არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმიანობით, ვიდრე სკოლაში სწავლაა - ფიზკულტურა, ცეკვა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, ხატვა, ძერწვა, ხელნაკეთი ნივთების დამზადება, კონსტრუირება, დიდაქტიკური და განმავითარებელი თამაშები.
ბავშვობის კიდევ ერთი წელი - ზომიერი დატვირთვებით - საშუალებას მისცემს ბავშვს მომავალში უფრო წარმატებით გაართვას თავი სასკოლო პროგრამას.