შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი, მანანა ჯავახიშვილი ისტორიაში 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის აბიტურიენტებს სხვადასხვა რჩევასა რეკომენდაციას უზიარებს:
- ჩვენი საგამოცდო პროგრამა ეროვნულ სასწავლო გეგმას ეყრდნობა და მოიცავს როგორც მსოფლიოს ისტორიის, ასევე საქართველოს ისტორიის საკითხებს, უძველესი დროიდან მე-20 საუკუნის ჩათვლით. ტესტი 60 ქულიანია. გამოცდის ქრონომეტრაჟი 2 საათი და 40 წუთია. ტესტი 4 ტიპის დავალებისაგან შედგება.
პირველ ბლოკში 35 დავალება შედის. თითოეული დავალების მაქსიმალური შეფასება 1 ქულაა, შესაბამისად, 35-ქულიანი ბლოკია. დასმულია შეკითხვა, ამ შეკითხვას 4 სავარაუდო პასუხი მოჰყვება და მათგან სწორი მხოლოდ ერთია. აქ მოწმდება როგორც ფაქტობრივი ცოდნა და მისი გამოვლენის უნარი, ასევე მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოყოფა ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით და კრიტიკული აზროვნება.
მეორე ბლოკი ასევე დახურული დავალებებისაგან შედგება. ეს ისტორიული რუკის ანალიზია. მოცემულია უცნობი ან შესაძლოა, ნაცნობი ისტორიული რუკა, თავისი ლეგენდით. მას 6 ქვეკითხვა მოჰყვება. თითოეული შეკითხვა 1-ქულიანია. აქ აბიტურიენტმა რუკის წაკითხვის უნარი უნდა გამოავლინოს. მას რუკის წაკითხვა, აღქმა, მისი ისტორიულ კონტექსტში ჩასმა და დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა უნდა შეეძლოს.
მესამე ტიპის დავალება მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის, პიროვნების ან დოკუმენტის ანალიზია. დავალებას ღია ტიპის შეკითხვები მოსდევს. აბიტურიენტმა კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, შეფასების უნარი უნდა გამოავლინოს. შეძლოს, ამ მოვლენის ანალოგიის მოძებნა ისტორიაში. ეს დავალება 5-ქულიანია.
ბოლო დავალება ტრადიციულად უცნობი ისტორიული წყაროს ანალიზია, რომელსაც თან ღია ტიპის დავალებები ახლავს. ეს დავალება 14-ქულიანია.
ხშირია, როდესაც ჩვენ ზოგად პასუხს ვიღებთ, რომელიც, მათი აზრით, ნებისმიერ შეკითხვას მოერგება. ასეთ პასუხებს ვანულებთ, ქულას არ ვწერთ, რადგან ჩვენ კონკრეტულ პასუხს ვითხოვთ.
გარდა ამისა, არის ტექნიკური ხასიათის ხარვეზები. მაგალითად, ხარვეზებითაა ნაწერი და გასწორებისას გარჩევა ძალიან ჭირს. ამიტომ, ჩემი რეკომენდაციაა, რომ მკაფიოდ და გარკვევით წერონ, რათა გასწორების პროცესში პრობლემები არ გაჩნდეს.
ასევე, აბიტურიენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს, დავალების მოთხოვნაში მრავალი კომპონენტის დასახელებაა საჭირო თუ მხოლოდ ერთის. ამას მიხვდება, მრავლობითში იქნება შეკითხვა დასმული თუ მხოლობითში. არ უნდა იჩქარონ, გულდასმით წაიკითხონ დავალების ინსტრუქცია და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყოს ტესტზე მუშაობა.
აბიტურიენტებს ასევე ვურჩევდი, რომ მიჰყვეს ტესტის იმ თანმიმდევრობას, როგორითაც ის აგებულია. ხშირად ფიქრობენ, რომ ჯერ ბოლო დავალებას გააკეთებენ, ან ტესტის შუა ნაწილს დაწერენ. მაგრამ, ტესტის აგების დროს ეს ყველაფერი გათვალისწინებული გვაქვს. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ ტესტს თანმიმდევრობით მიჰყვნენ. რა თქმა უნდა, როდესაც დაასრულებენ, კვლავ გადახედონ, რომ რაიმე შეცდომა არ გაეპაროთ. წარმატებებს გისურვებთ.