ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი განმარტავს, როგორ ნაწილდება ქონება, თუ ანდერძი არსებობს:
- სამკვიდრო ქონების მემკვიდრეზე გადასვლის ორი ფორმა არსებობს - კანონით ან ანდერძით. კანონით მემკვიდრეები არიან მშობლები, შვილები, მეუღლე და ასე შემდეგ. ხოლო, ანდერძით ქონება გადადის გარდაცვლილის ნების საფუძველზე და ამ შემთხვევაში, ნათესაურ კავშირებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ანდერძით მემკვიდრე შეიძლება იყოს, როგორც ახლო ნათესავი, ასევე ყველა ის პირი, ვინც გარდაცვლილის სიმპათია დაიმსახურა და მამკვიდრებლის ანდერძში აღმოჩნდა. ანდერძი წერილობით ფორმით უნდა შედგეს და ხელს ქონების მფლობელი აწერდეს. არსებობს ორი სახის ანდერძი: ე.წ. შინაურული, როდესაც მოანდერძე თავისი ხელით წერს და ხელს აწერს. ან ნოტარიუსით ამოწმებს. ორივე სახის ანდერძის არსებობისას უპირატესობა ნოტარიუსის მიერ დამოწმებულს ენიჭება. არავის აქვს უფლება, სამკვიდროს გახსნამდე ანდერძის შინაარსის შესახებ განაცხადოს. ანდერძში შეიძლება, გაიწეროს როგორც სამკვიდრო ქონების გადასვლის წესი, ასევე იმ ვალდებულებათა ნუსხა, რაც მის მემკვიდრეებს შესასრულებელი ექნებათ. მაგალითად, სამკვიდროში შემავალი ქონებიდან სხვა პირისათვის ნივთების გადაცემა, ან რაიმე მომსახურების შესრულება... ბოლოს, მიუხედავად ანდერძის არსებობისა, პირველი რიგის მემკვიდრეებს, ანუ მეუღლეს, შვილებსა და მშობლებს სავალდებულო წილი უპირობოდ ეკუთვნით, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად ანდერძის შინაარსისა, სამკვიდრო ქონების ნახევარი მაინც პირველი რიგის მემკვიდრეების საკუთრებაში რჩება.