ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტი, არაერთი მნიშვნელოვანი საბალეტო სცენისა და დადგმის ვარსკვლავი, გიორგი ფოცხიშვილი ფოცხიშვილების დინასტიის წარმომადგენელია. გიორგიმ დიდ წარმატებას მიაღწია და როგორც თავად ამბობს, ქართული ცეკვის სიყვარული საბალეტო ნომრების შესრულებაშიც ეხმარება. მასთან რამდენიმე დღის წინ დავით ალადაშვილმა ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ ქართველი ხალხის გულშემატკივრობას ყოველთვის გრძნობს და ამით ბედნიერია:
"თუ ქართველ ხალხს ამით სიამოვნებას მივანიჭებ, ჩემთვის ეს ყველაზე დიდი პატივია. თუ ჩემი ცეკვით, ხელოვნებით მათ სიამოვნება მოვუტან და იამაყებენ ამით, ეს ყველაზე დიდი მიღწევა იქნება. ბავშვობიდან გარშემო ყველაფერი მქონდა იმისთვის, რომ ქართული ცეკვა, ხელოვნება გამეცნო და ჩემი ოჯახის მოღვაწეობა გამეგრძელებინა. ეს ყველაფერი ბაბუამ, გელოდი ფოცხიშვილმა დაიწყო, შემდეგ მამამ გააგრძელა. დედაც იქ გაიცნო და მეც კითხვაც არ დამისვამს ჩემი თავისთვის, ვინ მინდოდა გამოვსულიყავი. შემდეგ ქართული ცეკვა ბალეტშიც გამომყვა. ყოველ მოძრაობაში ქართულ ცეკვას ვგრძნობ." - ამბობს გიორგი ფოცხიშვილი.
1 წლის წინ მან "მოამბესთან" ინტერვიუში წარმატების ისტორია უფრო ვრცლად გაიხსენა:
- ცეკვა ჩვენს ოჯახში ბაბუამ, გელოდი ფოცხიშვილმა, დაიწყო. მან ჩამოაყალიბა ანსამბლი "მეტეხი". შემდეგ მამამ, გელა ფოცხიშვილმა დასში მოღვაწეობა გააგრძელა და ჩემი პირველი ნაბიჯები ქართულ ცეკვაში დაიწყო. კულისებში ვიყავი და ქართულ ცეკვას ვუყურებდი. რა მინდოდა, ეს შეკითხვაც არ დამისვამს საკუთარი თავისთვის იმიტომ, რომ ვიცოდი, რაც მინდოდა. უნდა მეცეკვა... ჩემი მისია ეს იყო. დედა ბალერინა იყო და ჭაბუკიანის სასწავლებელში შევედი. გავიაზრე, რომ ბალეტიც ძალიან საინტერესო ცეკვაა. ქართული ცეკვა ჩვენს სისხლშია და ჩვენი კულტურის ნაწილია, მაგრამ რომ მივხვდი, რომ ბალეტი ძალიან მეხმარებოდა, უკვე დამაინტერესა. თბილისში სწავლების შემდეგ, ინგლისში საზაფხულო სკოლაში წავედი, სადაც პირველად ვნახე, თუ რა ხდებოდა ევროპულ სასწავლებლებში. ჩემი მონაცემები გავაგზავნე და როგორც სტუდენტი, ამიყვანეს. 2-წლიანი სწავლების შემდეგ, თეატრმა კონტრაქტი გამიფორმა. რთული ის იყო, რომ ის წელი, რომელიც ყველაზე დატვირთული უნდა ყოფილიყო და საკუთარი შესაძლებლობები გამომევლინა, კოვიდის პანდემიას დაემთხვა. თუმცა, ჩემი მონაცემები მაინც დაინახეს და ერთ წელიწადში მთავარ თეატრში გადამიყვანეს. დღის განმავლობაში, 10-12 საათი მაინც მიწევს შრომა. "რაიმონდა" იყო პირველი დიდი ბალეტი, რაც კარიერაში შევასრულე. ძალიან გამიმართლა იმიტომ, რომ ჩემთან ერთად პრიმა-ბალერინა ანა ციგანკოვა ცეკვავდა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო. პირველი დიდი როლი ასეთ მოცეკვავესთან, არტისტთან შევასრულე. საბოლოო ჯამში, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მაშინ პირველად დამაწინაურეს. შემდეგ სოლისტი გავხდი. სოლისტი რომ გავხდი, მეორე წრეზე "რაიმონდა" შევასრულე და ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტი გავხდი.
ამან უფრო მეტი მოტივაცია მომცა. როდესაც ამხელა სცენაზე გადიხარ და მთავარ პარტიას ასრულებ, იქ ხალხს არ აინტერესებს, რამდენი წლის ხარ, რა პოზიცია გაქვს. მათ მთავარი პარტიის, მოცეკვავის ნახვა სურთ, რომელიც ცეკვას ულიდერებს. მადლობელი ვარ, რომ ჩემი შრომა დაფასდა. მინდა, რომ სცენაზე სულ ისე ვიყო, როგორც რამდენიმე წლის წინ, დასაწყისში ვიყავი. მინდა, სულ ასეთი მოტივაციითა და შემართებით გავაგრძელო.
აღსანიშნავია, რომ გიორგიმ ცეკვა ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო. ასრულებდა ქართულ ტრადიციულ ცეკვებს ოჯახის ეროვნულ საცეკვაო ანსამბლში. 12 წლის იყო, როცა მშობლებმა შესთავაზეს ბალეტში ეცადა ძალები. ეს განსაკუთრებით დედის სურვილი იყო, რადგან იგი პროფესიით ბალერინაა და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სკოლა აქვს დამთავრებული.
13 წლის იყო გიორგი ფოცხიშვილი, როცა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სახელოვნებო სკოლაში ჩააბარა, სადაც ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდა.
გიორგი არაერთი კონკურსის გამარჯვებულია და წინ კიდევ მეტ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.